ცესკოს გადაწყვეტილების მანიპულაციური ინტერპრეტაციით დაინტერესებულ მხარეებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ
დაინტერესებული მხარეები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკოს გადაწყვეტილებების მანიპულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენ.
ამის შესახებ განცხადებას ცესკო ავრცელებს:
“ამჯერად საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის საბაბი ცესკოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც განხორციელდა სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის დიზაინის მოდიფიცირება, მათ შორის ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილისთვის საფარის დამატება. გარკვეული პირები ცდილობენ აღნიშნულის ინტერპრეტირებას 26 ოქტომბრის არჩევნებზე თითქოსდა არსებული დარღვევების აღიარებად.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ფარულობის დარღვევებზე უსაფუძვლო ბრალდებების აღიარებას. განკარგულებით საარჩევნო ადმინისტრაციამ პრევენციული გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად.
საზოგადოებისთვის გვსურს განვმარტოთ, რომ გასულ არჩევნებზე დაფიქსირდა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონის დარღვევით განხორციელების არაერთი ფაქტი, რამაც ხელი შეუწყო ხმის ფარულობის საკითხის სპეკულაციურად წამოჭრას.
სწორედ ამ ფაქტების შესწავლის შემდეგ ადმინისტრაციამ, როგორც საარჩევნო პროცესზე პასუხისმგებელმა ინსტიტუციამ, მიიღო სამართლებრივი აქტები მომავალში მსგავსი ტიპის სპეკულაციების და ქმედებების პრევენციის მიზნით. თუმცა, დაინტერესებულმა მხარეებმა სცადეს, დადგენილება, რომლითაც დაზუსტდა კენჭისყრის დღის პროცედურები, დაკვირვების პროცესის შეზღუდვად წარმოეჩინათ, ხოლო განკარგულება, რომელიც ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილ ჭრილზე საფარის დამაგრებას უზრუნველყოფს – ფარულობის დარღვევის აღიარებად.
არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ბუნებრივია გვქონდა მოლოდინი, რომ აღნიშნული საკითხები დაინტერესებული მხარეების მიერ კვლავ გამოყენებული იქნებოდა სპეკულაციებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საზოგადოებაში არასწორი აღქმების შესაქმნელად. საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის სქემა უკვე კარგად ნაცნობია – საკითხს სოციალურ ქსელში წამოჭრის დაინტერესებული პირი, შემდგომ კი თემის განვრცობა ხდება ზოგიერთი მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის, და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის. შემდგომში, ეს ყველაფერი მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს, როგორც არჩევნებში ჩართული მხარეების ერთიანი მოსაზრება, რის შემდგომაც დაინტერესებული მხარეები ცდილობენ მანიპულაციურად იმოქმედონ როგორც ამომრჩევლებზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებზე.
საარჩევნო ადმინისტრაციის პრიორიტეტი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ყოველი მომდევნო არჩევნების კიდევ უფრო ორგანიზებულად, მაღალი საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებაა, თუნდაც ეს ორგანიზაციის დისკრედიტაციის საბაბი გახდეს.
არჩევნების მოდერნიზება უწყვეტი და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც ეტაპობრივად იხვეწება. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა 8 საპილოტე არჩევნები და თითოეულის შემდგომ პერიოდს თან სდევდა რიგი პროცედურების დახვეწა. ასე მოხდა 26 ოქტომბრის შემდეგაც. სწორედ საარჩევნო პროცესის შესწავლა/გაანალიზების შემდეგ მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციამ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნების კიდევ უფრო უკეთეს გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.
საზოგადოებისთვის ცნობილია პროკურატურის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც არ დადასტურდა არცერთი ბრალდება, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეები ავრცელებდნენ. პროკურატურაში ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინეს და ახლა საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკოს გადაწყვეტილებების სპეკულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენ. როგორც ჩანს, დაინტერესებული მხარეების მიზანი არა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება, არამედ სპეკულაციისთვის რაც შეიძლება მეტი სივრცის არსებობაა.
საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ რჩება გაცხადებული პოლიტიკის ერთგული – არ დატოვოს უპასუხოდ არცერთი მანიპულაციური თუ ცრუ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ამომრჩეველი ან/და საერთაშორისო პარტნიორები შეიყვანოს შეცდომაში და უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის, ხოლო ყველა იდენტიფიცირებულ თუ პოტენციურ რისკთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ტოვებდეს სპეკულაციების სივრცეს, ცესკო მიიღებს შესაბამის პრევენციულ გადაწყვეტილებას. “- ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
