ცესკომ არქივის მოსაწყობად 11 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში საარქივო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყება და 8 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 387 000 ლარია.
ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 25 აგვისტო.
მიმწოდებელი ვალდებულია, ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი N136 და დ. აღმაშენებლის ხეივანი N138 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარქივე/სასაწყობე ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადოს და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს სატენდერო დოკუმენტაციის თანდართული ტექნიკური დოკუმენტაციის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.
პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) 2020 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს შენობების (არ იგულისხმება გზა, ხიდი, გვირაბი) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება არანაკლებ 30 000 000 ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 12 000 000 ლარის ოდენობით.
ტენდერს თან ახლავს გენგეგმა, საპროექტო მოცულობები და შენობის რენდერი.
ტენდერში გამარჯვებულმა დეტალური პროექტი სამ ეტაპად უნდა მოამზადოს:
„პირველი ეტაპი – ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 დღის ვადაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განმარტებითი ბარათი არსებული მდგომარეობის და საპროექტო წინადადების აღწერით, ობიექტის არქიტექტურული ნაწილის (გეგმები, ჭრილები, ფასადები, ფოტომონტაჟი) და გენერალური გეგმის ესკიზები – საჭიროების შემთხვევაში, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (საჭიროების შემთხვევაში)…
მეორე ეტაპი – პირველი ეტაპის ჩაბარებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, შემსყიდველის მიერ, პირველი ეტაპით განსაზღვრული დოკუმენტაციის დადასტურების საფუძველზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 3 განმარტებითი ბარათი პროექტის დეტალური აღწერით, აგრეთვე სრული დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სამშენებლო სამუშაოების ჩატარება…
მესამე ეტაპი – მეორე ეტაპის ჩაბარებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტის შემუშავების შემდეგ, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სრული დაექსპერტებული დოკუმენტაცია და შესაბამისი საექსპერტო დასკვნები (მხოლოდ დადებითი დასკვნების წარმოდგენის შემთხვევაში განხორციელდება დამკვეთის მიერ მიმდინარე ეტაპის მიღება/დადასტურება.“