ქალებმა, რომელიც ცესკოსთან აქციას მართავდნენ, არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართეს. პოლიციელების ჯგუფი შენობის შესასვლელთან იდგა და მხოლოდ ერთ ადამიანს აძლევდნენ შიგნით შესვლის უფლებას.
„განცხადება მინდა შევიტანო, განცხადება“, – მიმართავდა ქალი პოლიციელებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ცესკოს თანამშრომლის გამოჩენამდე შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
ქალები ცესკოსთან 12:00 საათისთვის შეიკრიბნენ. თავდაპირველად ეზოში შესვლა მხოლოდ ნაწილმა შეძლო, შემდეგ კი პოლიციამ შესასვლელები რკინის კარებით ჩაკეტა. ღობის მიღმა დარჩა რამდენიმე ჟურნალისტიც.
„ყველა დამნაშავეს ეშინია მოწმეების, ჩვენ ვართ მათი დანაშაულის მოწმეები და ამიტომაც გვებრძვიან ასე. არ გამოუვათ“, – უთხრა ცესკოს შენობასთან რადიო თავისუფლებას პოლიტიკოსმა ანა ნაცვლიშვილმა, პარტია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა.
საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ცესკოს შენობა სტრატეგიული დანიშნულების შენობების სიაში შევიდა. მისი პიკეტირება და ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება და ამ დანაშაულში ბრალდებული ადამიანი პატიმრობით ისჯება.
უფრო ადრე, 10 ოქტომბერს, მთავრობამ ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, ცესკოს შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილს რკინის ჯებირი შემოარტყეს. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა 17 აგვისტოს გაავრცელა.
ცესკოში აქციის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით დაწერილი სარჩელების განხილვა.