სულ უფრო ფრაგმენტულ მსოფლიოში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი (შუა დერეფანი) გააძლიერებს კავშირებს ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ევროპას შორის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის და ცენტრალური აზიის სამიტზე განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის ქვეყნების კრიტიკული მნიშვნელობის მინერალებზე და აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებს უზარმაზარი რესურსები აქვთ.
„რეგიონს აქვს მანგანუმის გლობალური მარაგების 40 პროცენტი, ასევე ლითიუმი, გრაფიტი და სხვა. ეს ნედლეული არის მომავალი გლობალური ეკონომიკის სიცოცხლის წყარო. ეს ასევე არის თაფლის ქოთანი გლობალური მოთამაშეებისთვის. ზოგს მხოლოდ ექსპლუატაცია და მოპოვება აინტერესებს. ევროპის შეთავაზება განსხვავებულია. ჩვენ ასევე გვინდა ვიყოთ თქვენი პარტნიორები თქვენი ადგილობრივი ინდუსტრიების განვითარებაში. დამატებითი ღირებულება უნდა იყოს ადგილობრივი“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ყაზახეთის ყარაგანდას რეგიონში, კუირექტიკოლის მონაკვეთზე იშვიათი ლითონის უმსხვილესი საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ ადგილობრივი კომპანია Tsentrgeolsemka-ს გეოლოგების განცხადებაში წერია, რასაც ყაზახური მედია ავრცელებს. ყაზახეთის მრეწველობის სამინისტროს ცნობით, რესურსის მთლიანი მოცულობა შეფასებულია ათეულობით მილიონი ტონით, რისი კონცენტრაციაც სამომავლოდ სამრეწველო განვითარების დაწყების საშუალებას იძლევა.
ახალი კლასტერის ტერიტორიაზე, სახელწოდებით, “Жаңа Қазақстан,” გეოლოგები 300 მეტრამდე სიღრმეზე 20 მლნ ტონამდე იშვიათ რესურსს პროგნოზირებენ. ექსპერტები ახალი სამრეწველო ტიპის საბადოზე საუბრობენ, რომელსაც ყაზახეთში ანალოგი არ აქვს.
2022-იდან 2024 წლამდე ყაზახეთში ორი განსაკუთრებით პერსპექტიული ზონა, ირგიზი და დოს-2 აღმოაჩინეს. ცალკეულ უბნებზე იშვიათი ელემენტების კონცენტრაცია 0,25%-ს აღწევს, რაც მაღალ მაჩვენებლად ითვლება. ჯერჯერობით ყველაზე დიდი ბლოკი ირგიზის ტერიტორიაა, სადაც, წინასწარი გათვლებით, 800 ათას ტონამდე იშვიათი ლითონის მარაგია 935,4 ათასი ტონა პროგნოზირებული რესურსით.
თუმცა ამ პოტენციალის სრულად რეალიზებას წლები და მნიშვნელოვანი ინვესტიცია სჭირდება, რადგან ყაზახეთს იშვიათი ლითონის ღრმა დამუშავების ტექნოლოგია არ გააჩნია. ამ თვალსაზრისით ქვეყანა უცხოელ პარტნიორებზე რჩება დამოკიდებული. მთავრობა აშშ-ის, ევროკავშირის, სამხრეთ კორეისა და კანადის ინვესტორებთან თანამშრომლობას გეგმავს.
ცნობისთვის: ყაზახეთს იშვიათი ლითონის, მინიმუმ, 15 ცნობილი საბადო აქვს, ხოლო ქვეყნის წიაღში 46 ტრლნ დოლარამდე ღირებულების რესურსს ვარაუდობენ. ექსპერტების შეფასებით, ყაზახეთს აქვს პოტენციალი, კონკურენცია ჩინეთს გაუწიოს, რომელიც ამჟამად იშვიათი ლითონის მსოფლიო წარმოების, დაახლოებით, 70%-ს აკონტროლებს.
