“ცენტრალურ აზიამდე თუ რუსეთში?” — IDFI-ის კვლევა ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულ ზრდაზე – Netgazeti • ექსპორტი • Netgazeti.ge

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის რეკორდული ზრდის შესახებ.
რეექსპორტი ნიშნავს, როდესაც ქვეყანას თავისი პროდუქტი კი არ გააქვს ექსპორტზე, არამედ სხვა ქვეყნიდან შემოტანილი. მაგალითად, ამერიკიდან საქართველოში იწერენ ავტომობილს, შემდეგ ეს ავტომობილი საქართველოდან გადის სხვა ქვეყანაში.
კვლევის თანახმად:
· საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. წლის პირველ 6 თვეში ქვეყნიდან რეექსპორტზე 1.2 მლრდ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 38%-ია;
· 2021 წლიდან დღემდე საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 493%-ით გაიზარდა;
· საქართველოდან ექსპორტზე ავტომობილები ძირითადად ყირგიზეთსა და ყაზახეთში გადის – ორივე ქვეყნის წილი ავტომობილების მთლიან ექსპორტში 81%-ს შეადგენს (981 მლნ დოლარი);
· იანვარ-ივნისში საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტზე დაახლოებით ორჯერ მეტი ღირებულების პროდუქცია (681 მლნ დოლარი, მათ შორის 628.2 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილი) გავიდა, ვიდრე ჯამურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (372.7 მლნ დოლარი ).
· 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 2,464-მა სუბიექტმა განახორციელა, საიდანაც 90%-ზე მეტი ინდივიდუალური მეწარმეა.
· საქართველოდან რეექსპორტზე გატანილი ავტომობილების საშუალო ღირებულება ბოლო წლებში დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. თუკი 2021 წელს თითო საექსპორტო ავტომობილის ღირებულება 7,600 დოლარის ფარგლებში იყო, 2025 წელს მან 24,000 დოლარს გადააჭარბა, რაც მიანიშნებს, რომ ქვეყნიდან რეექსპორტზე მაღალი საფასო კატეგორიის ავტომობილები გადის.
· საქართველოდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულად მზარდი მაჩვენებლები, IDFI-ის განცხადებით, ეჭვებს აჩენს რუსეთში სანქცირებული ტვირთის მოსახვედრად საქართველოს დერეფნის გამოყენების შესახებ.
ბოლო რამდენიმე წელია საქართველოდან ექსპორტის ზრდის მაჩვენებლის ძირითადი მიზეზი ავტომობილების რეექსპორტი გახდა. ავტომობილების რეექსპორტმა მკვეთრი ზრდა 2022 წლიდან დაიწყო და თუკი 2021 წელს ქვეყნიდან რეექსპორტზე 456.5 მლნ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები გავიდა, ეს მოცულობა 2024 წელს 2 მლრდ დოლარს გასცდა და მთლიანი ექსპორტის 37% შეადგინა. შედარებისთვის — 2021 წელს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს მთლიან ექსპორტში საშუალოდ 10% ეკავა. 2025 წლის საწყის 6 თვეში ქვეყნიდან რეექსპორტზე 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილებია გასული, რაც ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოდან რეექსპორტზე ავტომობილები ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის. ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება ყირგიზეთზე, სადაც მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 600 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქცია გავიდა. ეს კი მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ყირგიზეთში ავტომობილების რეექსპორტი რამდენიმე მილიონ დოლარს არ აღემატებოდა.
მაგალითად, 2021 წელთან შედარებით ზრდა 12,828%-ია (გაიზარდა 129-ჯერ). იანვარ-ივნისში საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტზე იმაზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა, ვიდრე ჯამურად ევროკავშირის ქვეყნებში.
„თუკი ყირგიზეთში ექსპორტმა 681.3 მლნ დოლარი შეადგინა (აქედან 628.2 მლნ დოლარის ავტომობილი), ევროკავშირში ექსპორტი ჯამურად 372.7 მლნ დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ , რომლის მოსახლეობაც 7.2 მლნ ადამიანს შეადგენს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალგანვითარებული ქვეყანაა, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2,400 დოლარს შეადგენს, მაშინ. როდესაც მსოფლიოს საშუალო 13 ათასი დოლარია. მიუხედავად ამისა, წლის მხოლოდ 6 თვეში საქართველოდან რეექსპორტით ყირგიზეთში 19,663 ცალი ავტომობილი გავიდა, თითო ერთეულის საშუალო ღირებულება კი დაახლოებით 32 ათას დოლარს შეადგენს — რაც მიანიშნებს, რომ ყირგიზეთში რეექსპორტზე გატანილი ავტომობილები უმეტესად მაღალ საფასო კატეგორიაშია“, — წერია კვლევაში.
ავტომობილების რეექსპორტით მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც წლის პირველ 6 თვეში 353.2 მლნ დოლარის ავტომობილები გავიდა.
ავტომობილების რეექსპორტის დანიშნულების ქვეყნების ხუთეულშია სომხეთი, სადაც რეექსპორტმა პიკს 2023 წელს მიაღწია, თუმცა მას შემდეგ ტრენდი მცირდება.
საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ტაჯიკეთი და უზბეკეთიც, რომლებიც ასევე ცენტრალური აზიის დაბალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს წარმოადგენენ და სადაც საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ბოლო ხუთ წელში 700-900%-იან ზრდას აჩვენებს.
ევროკავშირის და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებით ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკიდან საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების რუსეთში პირდაპირი რეექსპორტი აკრძალულია. სანქციების პარალელურად, 2023 წელს საქართველომაც აკრძალა ავტომობილების პირდაპირი რეექსპორტი სა და ბელარუსის მიმართულებით. აკრძალვა უშუალოდ ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებზეც ვრცელდება.
ში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების და რუსეთისთვის სანქციების დაწესების პარალელურად გაჩნდა ეჭვები, გამოიყენებდა თუ არა რუსეთი ცენტრალური აზიის ქვეყნებს სანქცირებული ტვირთის მის ტერიტორიაზე მოსახვედრად“, — ნათქვამია კვლევაში.
IDFI აღნიშნავს, რომ სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო საქართველოდან ყირგიზეთსა და ყაზახეთში ექსპორტის მოცულობის მკვეთრი ზრდა.
IDFI-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით რუსეთში აშშ-დან და ევროკავშირიდან ავტომობილების პირდაპირი ექსპორტი არ ხდება, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ექსპორტის მკვეთრი და არაბუნებრივი ზრდა კითხვებს აჩენს, ხდება თუ არა ქვეყნის დერეფნის გამოყენება რუსეთში სანქცირებული ტვირთის მოსახვედრად.
„საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რეექსპორტი ძირითადად ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში იზრდება, სადაც ტრადიციულად ავტომობილების რეექსპორტი მინიმალური იყო. კვლევაში მოყვანილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია ცალკეული განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნების მიერ ძვირადღირებულ მანქანებზე მოთხოვნის რადიკალურ ზრდასთან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის მიერ გამოვლენილი ფაქტები, შესაძლებელია მოწმობდეს, რომ საქართველოს დერეფნის გავლით გატარებული ავტომობილების საბოლოო დანიშნულების პუნქტი არა ცენტრალური აზიის ქვეყნები, არამედ რუსეთია“, — წერს IDFI.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი კანონმდებლობით, რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების პირდაპირი რეექსპორტი აკრძალულია და ოფიციალური სტატისტიკითაც 2023 წლის შემდგომ ექსპორტის შემთხვევები არ ფიქსირდება, თუმცა „სახელმწიფო დონეზე ვერ კონტროლდება, თუ რა საბოლოო მიმართულებით მიდის საქართველოდან, მაგალითად,, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ექსპორტირებული ტვირთი“.
„თავის მხრივ, მზარდი სტატისტიკა არ გამორიცხავს აღნიშნული ქვეყნებისთვის დასავლეთის მხრიდან დამატებითი სანქციების დაწესებას, მაგალითად, იმპორტის აკრძალვას, რაც, ბუნებრივია, დიდ გავლენას იქონიებს ამ ბაზრებზე დამოკიდებული ქართული ავტოიმპორტიორების დარგზე. მეორე მხრივ, ფაქტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ავტომობილები სწორედ საქართველოდან მიეწოდება, მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს აყენებს ქვეყანას და აღიქმება, როგორც რუსეთისთვის სანქცირებული ტვირთის გამტარი დერეფანი“, — წერს IDFI.
სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ