ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ23-კმ24 მონაკვეთზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების პირობების გასაუმჯობესებლად, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწყებს.
ავტომაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული სავაჭრო და კვების ობიექტების გამო, ავტომანქანების დგომა-გაჩერება ხშირად იწვევს მოძრაობის შეფერხებას. ამ გამოწვევის დასაძლევად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში მუშავდებოდა ობიექტებთან მისასვლელად ერთიანი იზოლირებული შესასვლელისა და გამოსასვლელის მოწყობის პროექტი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის ორგანიზებას და გაზრდის უსაფრთხოების დონეს.
გადაწყვეტილება მიღებულია და სამუშაოები დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე 4 ივლისს დაიწყება.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა: შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები, ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარები და შესაბამისი საგზაო ნიშნები.
სამუშაოები შესრულდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკლებად დატვირთულ საათებში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედება.
სამუშაოების მიმდინარეობისას, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით პერიოდულად შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლი.
ბოდიშს ვუხდით მძღოლებსა და მგზავრებს შესაძლო დისკომფორტისთვის და მოვუწოდებთ, ყურადღებით გაეცნონ დროებით საგზაო ნიშნებს და დაიცვან შეზღუდვები.
