ცენტრალური ევროპის ქვეყნებში წყალდიდობებია

ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობები გამოიწვია. პოლონეთში სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიის ზონებიდან ამ დრომდე მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ძლიერ წვიმასა და წყალდიდობას ელიან ასევე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. ჩეხეთში მოსული უხვი ნალექის გამო მთავრობა მოსახლეობას წყალდიდობების საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ქალაქ ოსტრავაში, მდინარე ოდერზე, წყლის დონემ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია.
პოლონეთში სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. წყალდიდობამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საევაკუაციო ოპერაციებსა და დაზარებულთა ფინანსური დახმარების პროცესს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა უკვე მიმართა ფინანსთა მინისტრს. ამ დროისთვის რაიონებისა და იქ მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად გამოყოფილია ერთი მილიარდი ზლოტი.
წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო ჩეხეთში, ავსტრიასა და რუმინეთშიც. ჩეხეთის უმეტესი ნაწილი ძლიერმა წვიმამ მოიცვა. მთავრობამ დაახლოებით 100 ადგილას გააფრთხილა მოსახლეობა წყალდიდობის შესახებ. ქალაქ ოსტრავაში, მდინარე ოდერზე, რომელიც პოლონეთში მიედინება, წყლის დონემ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია.
ქალაქის ნაწილი წყლით დაიფარა. ევაკუირებული მოქალაქეებისთვის კი სპეციალური ცენტრები მოეწყო.
უნგრეთშიც ძლიერი წვიმისთვის ემზადებიან. საფრთხის შემცველ ადგილებში გამაგრებით სამუშაოებში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ადგილობრივებიც ეხმარებიან. ბუდაპეშტის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქში ბოლო 10 წელიწადში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა მოსალოდნელი. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სტიქიასთან გასამკლავებლად 12 000 სამხედრო მოსამსახურეა მობილიზებული.
euronewsgeorgia