ცდუნებები ადრეც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება, მთავარია, როგორ რეაგირებს ჩვენი ინსტიტუციები – მიხეილ ყაველაშვილი

რა თქმა უნდა, ცდუნებები ადრეც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება – მთავარია, როგორ რეაგირებს ჩვენი ინსტიტუციები, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სუს-ის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის და კიდევ ორი პირის დაკავების საკითხს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, „როცა ბიუჯეტი სამჯერ და ოთხჯერ იზრდება და როდესაც კორუფციის ნიშნები აღმოიფხვრება, ხელფასები, პენსიები გაიზრდება და უფრო მეტი დოვლათი შეიქმნა საქართველოში“.
„როცა საერთო სიკეთეებზე და ქვეყნის განვითარებაზე ვსაუბრობთ, თავისთავად ყველა ინსტიტუციას თავისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა აქვს. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს შესაძლებლობები, რომელიც თითოეულ ინსტიტუციას გააჩნია, იქნება ეს თავდაცვის სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახურები, თუ , რომელსაც პირდაპირი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ნარკორეალიზატორებზე – ყველას ვალდებულება აქვს.
სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ ჩვენი ამბიციაა, მოვხვდეთ მსოფლიოს ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ცდუნებები ადრეც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება. მთავარია, როგორ რეაგირებს ჩვენი ინსტიტუციები“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი.
„მისასალმებელია, რომ რომელიღაც ინსტიტუცია ასე კარგად ართმევს თავს, გამოავლინა კორუფციული წყარო და ალბათ გაგრძელდება ეს პროცესი. იმასთან ერთად, რომ ასეთი მშვიდი და სტაბილური გარემო შევინარჩუნეთ იმ ფონზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება ომების თვალსაზრისით, ეს უნდა იყოს ასახული თითოეულ მოქალაქეზე.
თავისთავად, როცა ბიუჯეტი სამჯერ და ოთხჯერ იზრდება და როდესაც კორუფციის ნიშნებს აღმოვფხვრით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება საზოგადოებას, თითოეულ მოქალაქეს, რომ ხელფასები, პენსიები გაიზრდება და უფრო მეტი დოვლათი შეიქმნა საქართველოში. სახელმწიფოს როლია, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხები იყოს აღმოფხვრილი. მისასალმებელია, რომ ასე კარგად დაიწყო მუშაობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ანტიკორუფციულმა სამსახურმა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, სუს-მა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და კიდევ ორი პირი დააკავა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.