ჩხოროწყუს მერზე, დათო გოგუაზე, ძალადობაში ბრალდებული დაკავებულია. მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედიკ კვარაცხელია გუშინ, 3 მარტს, პოლიციაში ჯერ გამოჰკითხეს, შემდეგ კი მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.
დათო გოგუაზე ძალადობის შესახებ ცნობილი გახდა რამდენიმე დღის წინ, 1 მარტს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ მუხურში მიკროჰესის სამუშაოების დასათვალიერებლად ჩასულ მერს სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლების გამო დაუპირისპირდა.
“ჩვენ მეგობრები ვართ, თანაგუნდელები ვართ, ერთი სამი დღის უკან ვნახე… [გათავისუფლება] გავასაჩივრე. ყველა მიზეზის გარეშე უნდა დავბრუნდე მე ჩემს სამსახურში. მე კიდევ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი და გავაკეთებ…” – ამბობდა სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი.
ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ თავდასხმის კვალიფიკაციით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით. დაკავებულს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
