ჩხოროწყუს მერზე, დათო გოგუაზე, ძალადობაში ბრალდებულ, მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბედიამ ცოტა ხნის წინ მიიღო. კვარაცხელიას ადვოკატმა სხდომაზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ, იმ დროს მოხდა, როცა მერი სოფელ მუხურში, მიკროჰესის სამუშაოების დასათვალიერებლად იმყოფებოდა. ადგილზე სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი, ედიკ კვარაცხელია მივიდა, მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი ფიზიკური.
