იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ 2023-2024 წლის სეზონზე გრიპის შემთხვევების რაოდენობასთან დაკაშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე კვირებში “ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები”.
“ბოლო კვირა გამოირჩეოდა შედარებით მსუბუქად მიმდინარე ვირუსების სიჭარბით, განსხვავებით მაგალითად, წინა ორი კვირისაგან, როდესაც გრიპის ვირუსიც ფიქსირდებოდა, ორი კვირის წინ კორონავირუსის ხვედრითი წილი დადასტურებულ შემთხვევებში 3%-ი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი, 2023-2024 წლის სეზონი გარკვეულწილად განსხვავდება 2022-2023 წლის სეზონისაგან, პირველ რიგში, იმით, რომ ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები” – თქვა ივანე ჩხაიძემ.
ჩხაიძემ ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა.
“თუ გავითვალისწინებთ, რომ გრიპის შემთხვევები ძალიან ცოტაა, ეხლაც ვაქცინაციის ჩატარება ითვლება დროულად”.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება – იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსურველებს აცრის შესაძლებლობა აქვთ. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ უფასო ვაქცინაციის პროგრამა 15 ნოემბერს სრულდებოდა.
“პირველ ეტაპზე, უფასო ვაქცინაცია იმ ჯგუფებს ჩაუტარდათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვს. პროგრამა გაფართოვდა და უფასოდ, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა იმ პირებსაც აქვთ, რომლებიც რისკ ჯგუფებში არ შედიან.
ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია, 6 თვის ასაკიდან და სრულად უფასოა” – აცხადებს სამინისტრო.
დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.