ვივამედის დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება და გრძელდება მონიტორინგის პროცესი.
მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელი, თუმცა მას გააჩნია გარკვეული სახის ჩივილები, რაც ზოგადად ახასიათებს შიმშილის ეფექტს ამდენი დღის განმავლობაში. პარასკევს ნანახი იქნა სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა ჯგუფის მიერ, შემდეგ მოხდა ჩვენთან შეხვედრა და ერთობლივი რეკომენდაციები იქნა გაცემული, რაზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა. აქ იყო საუბარი იმ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე და იმ გართულებების პრევენციაზე, რაც ახასიათებს ზოგადად ამდენი დღის შიმშილობის ეფექტს, ამიტომ დღეს დილიდან მკურნალ ექიმთან ერთად გავიარეთ ეს ყველაფერი.
შესრულდა საკონტროლო კვლევები, ნანახი იქნა სხვადასხვა პარამეტრები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები. შევხვდით პაციენტს, ავუხსენით მდგომარეობა, მონიტორინგის აუცილებლობა და [ავუხსენით] იმ მოსალოდნელი გართულების შესახებ, რაც უკავშირდება ამდენი დღის შიმშილობას. ქალბატონი მზია საკმაოდ გონიერი ადამიანია, აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს, მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და უგრძელდება მონიტორინგის პროცესი ჩვენი კლინიკის პირობებში.[…] კლინიკაში რჩება, უგრძელდება მონიტორინგის პროცესი”- თქვა ჩხაიძემ.