ჩცდ-ს მსახიობ დავით დვალს მანქანა დაუზიანეს

მსახიობ დავით დვალს მანქანა დაუზიანეს. ინციდენტი მის საცხოვრებელ სახლთან, საპარკინგე ზონაში მოხდა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერების მიხედვით, უცნობმა პირმა ავტომანქანა ჯერ მიზანმიმართულად დააზიანა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, ინსცენირება მოაწყო, თითქოს ავტომანქანა კორპუსიდან გადმოვარდნილმა ნივთმა დააზიანა.
დაზარალებულს მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს მის პროფესიულ საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული.
“დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში წიხლებით აზიანებდა მანქანას. კამერებია ყველგან ეზოში და, როგორც ჩანს, კვალის დაფარვის მიზნით, შემდეგ რომ გვეფიქრა რომ ზევიდან გადმოვარდა რაღაც და იმიტომ დაზიანდა ავტომობილი, გადმოგდებულია ძალიან დიდი საგანი…ყველაფერი დასაშვებია. იმიტომ, რომ ზოგი ძალიანა არაადეკვატურად აღიქვამს მსახიობის როლს და აიგივებს როლს და პერსონაჟს ერთმანეთთან,” – ამბობს დვალი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ვანდალიზმის მუხლით აღძრა.
შეგახსენებთ, რომ დავით დვალი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” პოლიციელის, გაჩა ზვერაძის, როლს თამაშობს.