ჩუმად მყოფი მსხვილი ბიზნესის რა ნაწილი გაბედავს „დემოკრატიის დონორობას“ და რას ურჩევს მათ გიორგი ბაჩიაშვილი?

თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მსხვილი ბიზნესის ნაწილი რომელიც ჩუმადაა, პროტესტს სხვადასხვა ფორმით აფინანსებს.
წამყვანის კითხვაზე, მსხვილი ბიზნესის ჩუმად მყოფი ნაწილიდან, რამდენი გაბედავს დემოკრატიის დონორობას, ბაჩიაშვილი პასუხობს, რომ ამისთვის არსებობს სხვადასხვა გზები, რასაც იყენებენ.
“სამწუხაროდ, შეიძლება ბევრმა ვერ გაბედოს დემოკრატიის დაფინანსება, მაგრამ ამ კომპანიებს ჰყავთ უამრავი თანამშრომელი და თუნდაც, მათ რომ არ შეუშალონ ხელი საკუთარ პროტესტში. პირიქით, პირად საუბრებში წაახალისონ კიდეც.
ძალიან მარტივია, მათ ჰყავთ ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები. ანუ, თუ ადამიანს აქვს სურვილი ეს პლატფორმა ზუსტად იმას განაპირობებს, რომ თუ ადამიანს აქვს სურვილი ექნება შესაძლებლობა, რომ მხარი დაუჭიროს იმ მედიას და ორგანიზაციებს, რომლებიც მართლა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის მომავალს”, – ამბობს ის.
ბაჩიაშვილის თქმით, მსხვილ ბიზნესში, თითქმის აღარ არიან ადამიანები, ვისაც ივანიშვილის განსაკუთრებული ხედვის და უნარების სჯერა.
“პირდაპირ გეტყვით, მსხვილ ბიზნესმენებში, თითქმის აღარავის სჯერა ს გროსმაისტერობის, მათ შორის, არც ჩუმად მყოფებს.
მე არ დავასახელებ ბიზნესებს და ბიზნესმენებს, მაგრამ დამერწმუნეთ, მსხვილი ბიზნესის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, რომელიც არ შემოუერთდა freebusiness-ის პლატფორმას, იმიტომ, რომ მათთვის ეს იყო დაკავშირებული რისკებთან, მათ ბევრად მეტის გაკეთება შეძლეს ფინანსირების ნაწილში, ვიდრე იყო პეტიციაზე ხელმოწერა. ფონდების, პროექტებისთვის, ადამიანებისთვის… მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც ჩუმადაა, ის ჩუმადვე დგამს გარკვეულ ნაბიჯებს ამ პროტესტში მონაწილეობისთვის.
არ გავაკეთებ დამატებით მინიშნებებს. ამ ადამიანებს თავისი, საკმაოდ მძიმე ტვირთი აქვთ და მათი არჩევანია, სხვა გამოწვევები და ვალდებულებები აქვთ. მათი განსჯა არ არის ჩვენი საქმე, მთავარია ვქმნით საერთო მომავალს”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.