ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები, რომლებიც კურსკის ოლქში იბრძვიან, დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამხრეთკორეელებსაც ებრძვიან, არამხოლოდ უკრაინელებს. ასე არწმუნებენ მათ ჩრდილოეთ კორეის საიდუმლო სამსახურების წარმომადგენლები.
ამის შესახებ ცნობილი გახდა უკრაინელების მიერ იანვარში ტყვედ აყვანილი 26 წლის ჩრდილოკორეელ ჯარისკაცთან ინტერვიუდან, რომელიც სამხრეთკორეულ გამოცემას მისცა.
ამონარიდი ინტერვიუდან:
— იყვნენ თუ არა უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელი ოფიცრები ჩანერგილი თქვენს დანაყოფში?
— თითოეულს ბატალიონს ჰყავდა ერთი ან ორი ასეთი.
— ჰქონდათ თუ არა მკაცრი იდეოლოგიური და დისციპლინური კონტროლი?
— ისინი აკონტროლებდნენ ჩვენს მოვალეობებსაც და იდეოლოგიასაც. ბრძოლამდე ერთ-ერთმა მითხრა, რომ დრონების ყველა ოპერატორი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხრეთკორეელი ჯარისკაცები იყვნენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ყველას სჯეროდა თუ არა ამის უკრაინასთან ომში, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი პასუხობს, რომ კი. ის თავის დაქნევით ადასტურებს, რომ ყველას სჯეროდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებსაც ებრძოდნენ. ჰყვება იმასაც, რომ წვრთნების დროსაც კი განსაკუთრებით მონდომებული იყვნენ ამის გამო.
ინტერვიუში ჩრდილოკორეელმა ჯარისკაცმა ისიც თქვა, რომ რუსეთში გაგზავნამდე უთხრეს, თითქოს იქ სტუდენტად მიდიოდა.
„წარმოდგენა არ მქონდა, რომ ბრძოლებში უნდა მიმეღო მონაწილეობა“, — ამბობს 26 წლის ჯარისკაცი, რომელიც რუსეთში 2024 წლის 10 ოქტომბერს სხვა 2500 ჩრდილო ორეელთან ერთად გაგზავნეს. ჯერ მატარებლით, მერე თვითმფრინავით, ბოლოს კი ავტობუსით მგზავრობის შემდეგ, ისინი კურსკში დეკემბრის შუა რიცხვებში ჩავიდნენ.
