ჩრდილოეთ სირიაში სამთავრობო ჯარები ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წინ მიიწევენ

18 იანვარს სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით ქალაქ ტაბქასა და სირიის უდიდეს კაშხალზე კონტროლი დაამყარეს. ტერიტორიას აქამდე ქურთი მებრძოლეები აკონტროლებდნენ.

CNN წერს, რომ მიუხედავად 17 იანვარს -ს მიერ თავშეკავებისკენ მოწოდებისა, სირიის ჯარები ქურთების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე კვლავ წინ მიიწევენ.

უმეტესად ქურთებით დომინირებულმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) უარყვეს, რომ ქალაქზე კონტროლი დაკარგეს.

ევფრატის კაშხლის დაკავებამდე, რომელიც რაქქის პროვინციაში მდებარეობს, სირიის ძალებმა ალეპოს რეგიონში არაერთი ქალაქი და სოფელი დაიკავეს მას შემდეგ, რაც SDF-ის სარდლობამ განაცხადა, რომ ტერიტორიას დატოვებდა.

SDF-სა და სირიის არმიას შორის შეტაკებები რამდენჯერმე მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა.

შარაამ პირობა დადო, რომ 14-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანას გააერთიანებდა, თუმცა ქურთები თავიანთი ავტონომიის გარანტიებს ითხოვენ.

SDF-ის მეთაურმა მაზლუმ აბდიმ 16 იანვარს განაცხადა, რომ მისი ძალები შაბათს ალეპოს აღმოსავლეთით მდებარე პოზიციებიდან გასვლას დაიწყებდნენ, რაც უფრო ფართო შეთანხმების ნაწილია, რომელიც გასული წლის მარტში იქნა მიღწეული.

“მეგობარი ქვეყნების და შუამავლების მოწოდებების საფუძველზე და ჩვენი კეთილი ნების ნიშნად, რათა დავასრულოთ ინტეგრაციის პროცესი და შევასრულოთ 10 მარტის შეთანხმების დებულებები, გადავწყვიტეთ ჩვენი ძალების გაყვანა… და მათი ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებზე გადაჯგუფება” – განაცხადა აბდიმ.

CNN წერს, რომ მდინარე, რომელიც თურქეთის საზღვრიდან სამხრეთისკენ მიედინება, თავისი მრუდე კალაპოტის ერთ ნაწილში ახლა ფაქტობრივად ორ მხარეს შორის გამყოფ ხაზად იქცა.

ქურთების ძალების გასვლა რეგიონში -ს ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის დელეგაციის ვიზიტს მოჰყვა.

თუმცა, 17 იანვარს ბრძოლები რამდენიმე რეგიონში გაგრძელდა. SDF-ს განცხადებით, მისი ძალები ინტენსიურ შეტაკებებში იყვნენ ჩართულნი სამთავრობო ჯარებთან ტაბქას სამხრეთით, თავრას ნავთობსაბადოს რაიონში, “რაც შეთანხმების ფარგლებს სცდებოდა”.

შეერთებულმა შტატებმა სირიის ჯარებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ მივესალმებით სირიაში ყველა მხარის მიმდინარე ძალისხმევას, რათა თავიდან იქნას აცილებული ესკალაცია და გადაწყვეტა დიალოგის გზით იქნას მიღწეული. […] ასევე მოვუწოდებთ სირიის სამთავრობო ძალებს, შეწყვიტონ ნებისმიერი შეტევითი მოქმედება ალეპოსა და ალ-ტაბქას შორის მდებარე ტერიტორიებზე” – ნათქვამია აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მიერ 17 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფოს მიერ მართული სირიის არაბული საინფორმაციო სააგენტოს (SANA) ცნობით, სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს თავრას ნავთობსაბადოსა და რეგიონში მდებარე კიდევ ერთ საბადოზე.

CNN იუწყება, რომ მხარეებს შორის შეტაკებები ახლაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ შარაამ 16 იანვარს გამოსცა ბრძანება, რომელიც სირიის ქურთი მოსახლეობისთვის იურიდიულ სტატუსსა და კულტურულ უფლებებს უზრუნველყოფს.

სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ CNN-ს ბრძანების ტექსტი მიაწოდა, რომელიც ქურთებისთვის სრული მოქალაქეობის უფლებებს ითვალისწინებს. დეკრეტი ასევე ქურთულ ენას ეროვნულ ენად აღიარებს და რეგიონებში, სადაც ქურთები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ, მის სწავლებას საჯარო და კერძო სკოლებში დასაშვებს ხდის.