ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას ომით ემუქრება

ჩრდილოეთ კორეამ 18 ოქტომბერს სამხრეთ კორეული სამხედრო დრონის ნამსხვრევების ამსახველი ფოტოსურათები გამოაქვეყნა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ნამსხვრევები დედაქალაქ ფხენიანთან ახლოს იპოვეს, ხოლო ანალიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ ის ნამდვილად სამხრეთ კორეულ სამხედრო დრონს ეკუთვნოდა.
ჩრდილოეთკორეული სახელმწიფო მედია KCNA თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს.
“დიდი ალბათობით, ეს ის დრონია, რომელმაც ფხენიანის მუნიციპალიტეტის თავზე ფლაერები ჩამოყარა, თუმცა დასკვნები ჯერ არ გაგვიკეთებია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ზემოხსენებული დრონის ნამსხვრევები 13 ოქტომბერს იპოვეს, ხოლო გამოძიებამ “მეცნიერულად დაამტკიცა”, რომ დრონი სწორედ სამხრეთიდან იყო.
თუმცა, როგორც ეს განცხადებაშია აღნიშნული, თუ დადგინდა, რომ დრონი ფლაერების ჩამოყრის ინციდენტში არ მონაწილეობდა, ეს” სამხრეთ კორეის მიერ სამხედრო გზით ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცის დარღვევის კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება” და მას “სამხრეთ კორეის პროვოკაციების სერიის” ცალკე შემთხვევად, უფრო სერიოზულ ჭრილში განიხილავენ.
ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი განცხადებაში ასევე დაიმუქრა, რომ სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების მიერ ჩრდილოეთ კორეის საზღვაო, საჰაერო და ტერიტორიული სივრცის კიდევ ერთხელ დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ეს მძიმე სამხედრო პროვოკაციად და ომის გამოცხადებად იქნება აღქმული.
“დაუყოვნებლივ დაიწყება საპასუხო შეტევაც”, – ნათქვამია განცხადების დასასრულს.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვართან განლაგებული სამხედრო არტილერია საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანა და სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზებისა და რკინიგზის ხაზების მონაკვეთები ააფეთქა მას შემდეგ, რაც 11 ოქტომბერს ფხენიანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატები შეფრინდნენ.
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვართან არტილერია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანა
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზების მონაკვეთები ააფეთქა
როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, სამხრეთ კორეელმა აქტივისტებმა დრონების გამოყენებით ჩრდილოეთ კორეაში გააგზავნეს პირველადი დახმარების ამანათები და ფლაერები, რომლებშიც ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს, კიმ ჩენ ინს აკრიტიკებდნენ.
ჩრდილოეთ კორეა ამანათების გაგზავნაში სამხრეთ კორეის არმიას ადანაშაულებს. საპასუხოდ ფხენიანმა დრონების გამოყენებით უკვე რამდენჯერმე გაუშვა ნარჩენებით სავსე ბუშტები სამხრეთ კორეაში.
როგორც ჩრდილოეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო KCNA წერს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ფხენიანის ვარაუდით, კიდევ უფრო მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გამოჩნდება დედაქალაქის თავზე, ხოლო ამისთვის აუცილებელია, რომ თავდაცვის ძალები პოტენციური სამხედრო ესკალაციისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ.
კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჩენი სეულს “შემზარავი კატასტროფითაც” დაემუქრა. მისი თქმით, დამნაშავე სამხრეთ კორეის არმიაა, რომელმაც ვერ მოახდინა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ფხენიანის მიმართულებით გაშვებული დრონების დროული იდენტიფიკაცია.
წყარო: tabula.ge