ჩრდილოეთ კორეის ჯარები, რომლებიც რუსეთთან ერთად იბრძვიან უკრაინის წინააღმდეგ, საბრძოლო გამოცდილებას იძენენ, რისი წყალობითაც ფხენიანს „მეზობლების წინააღმდეგ ომის წარმოება უკეთ შეეძლება“. გაეროში აშშ-ს ელჩის მოადგილე ასეთი გაფრთხილებით უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოვიდა.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეასთან უფრო მჭიდრო დიპლომატიური და სამხედრო კავშირები დაამყარა, რომლის საფუძველზეც რუსეთ-უკრაინის საზღვრებთან გასული თვიდან 12 000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი განლაგდა.
8 იანვარს გამართულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, აშშ-ის ელჩის მოადგილემ გაერო-ში, დოროთი კამილა შიმ აღნიშნა, რომ ამ 12-ათასიან კონტიგენტს სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვს და კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების წინააღმდეგ წარმოებულ საომარ მოქმედებებში მონაწილეობს.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15-კაციანი შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის მიერ საშუალო სიშორის ახალი ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდის მიზნების გასაანალიზებლად ჩატარდა, რომლის გაშვება სეულში (სამხრეთ კორეა) აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტს დაემთხვა.
ამერიკელი დიპლომატი ქალბატონი ამტკიცებს, რომ „რუსული სამხედრო აღჭურვილობის, ტექნოლოგიებისა და საომარი გამოცდილების მიღებით, ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან სარგებელს იღებს“.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დოროთი კამილა ში გაფრთხილებით გამოდის: „ფხენიანს მეზობლების წინააღმდეგ ომის წარმოების უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობები ეძლევა“.
მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ჩრდილოჯარისკაცები ითვისებენ რუსულ სამხედრო ტაქტიკას, იუმჯობესებენ საბრძოლო ჩვევებს და იძენენ ახალ უნარებს, რაც თავის მხრივ, ზრდის რეგიონულ საფრთხეს.
„კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, სავარაუდოდ, შეეცდება ეს გამოცდილება მთელ მსოფლიოში იარაღით ვაჭრობისა და სამხედრო კონტრაქტების გაფორმებისთვის გამოიყენოს“, – დასძინა გაერო-ში აშშ-ს ელჩის მოადგილემ.
აშშ-ს წარმომადგენლის ბრალდებების პასუხად, ჩრდილოეთ კორეის ელჩი გაერო-ში, კიმ სონგი აცხადებს, რომ ორშაბათს ჩატარებული სარაკეტო გამოცდა „ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გეგმის ნაწილი“ იყო.
ის ვაშინგტონს ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებს.
„როდესაც ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 45000-ს გადააჭარბა, შეერთებულმა შტატებმა ისრაელის მიერ მოწყობილი სასტიკი ხოცვა-ჟლეტა შეალამაზა და მას „თავდაცვის უფლება“ უწოდა. ახლა კი იგივე შეერთებული შტატები ეჭვქვეშ აყენებს ჩრდილოეთ კორეის მიერ თავდაცვის უფლების ლეგიტიმურ განხორციელებას“, – აღნიშნა სონგმა უშიშროების საბჭოში გამოსვლისას.
რუსეთის ელჩმა გაერო-ში, ვასილი ნებენზიამ გაიმეორა დიდი ხნის წინანდელი ბრალდება, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია, სამხედრო წვრთნების ჩატარებით, ჩრდილოეთ კორეის პროვოცირებას ახდენენ.
აშშ-ს მიერ გავრცელებული ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი აპირებს, ფხენიანს „თანამგზავრული და კოსმოსური ტექნოლოგიები გაუზიაროს“, ნებენზიამ კატეგორიულად უარყო და მას „აბსოლუტურად უსაფუძვლო“ უწოდა.
აშშ-ს მიერ გავრცელებული ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი აპირებს, ფხენიანს „თანამგზავრული და კოსმოსური ტექნოლოგიები გაუზიაროს“, ნებენზიამ კატეგორიულად უარყო და მას „აბსოლუტურად უსაფუძვლო“ უწოდა.
გაერო-ში სამხრეთ კორეის ელჩმა, ჩონგ ხვანმა, თავის გამოსვლაში იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ექცევა ფხენიანის რეჟიმი თავის სამხედროებს.
„ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები, არსებითად, კიმ ჩენ ინის მონები არიან, რომლებსაც ტვინს ურეცხავენ და აიძულებენ, ბრძოლის ველზე სიცოცხლე გაწირონ, რათა თავისი რეჟიმისთვის ფული შეაგროვონ და რუსეთისგან მოწინავე სამხედრო ტექნოლოგია მიიღონ“, – განაცხადა მან.
ჩრდილოეთ კორეას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმია ჰყავს, რომელიც 1,28 მილიონ აქტიურ ჯარისკაცს ითვლის, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით, მას საბრძოლო მოქმედებების წრმოების გამოცდილება არ გააჩნია.
წყარო: 1 არხი