კიმ ჩენ ინის რეჟიმის ოფიციალური სააგენტოს, KCNA-ის ცნობით, წყნარი ოკეანის რეგიონში ფხენიანის „მოწინააღმდეგეების“ დასაშინებლად, ამ კვირაში ჩრდილოეთ კორეამ საშუალო სიშორის ჰიპერბგერითი რაკეტა გაუშვა.
ჰიპერბგერითი რაკეტა, გარეგნულად, გასული წლის აპრილში გამოცდილი ჭურვის მსგავსია. თუმცა, ფხენიანი აცხადებს, რომ მისი ძრავა დამზადებულია „ახალი მასალისგან, რომელიც ნახშირბადის ბოჭკოებისგან შედგება და ფრენის მართვისა და დამიზნების გაუმჯობესებული სისტემა გააჩნია“.
ახალი რაკეტის საცდელი გაშვება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სეულში ვიზიტს დაემთხვა.
ჰიპერბგერითი იარაღის შექმნაში მიღწეული ტექნოლოგიური პროგრესი სულ უფრო ართულებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას – ჭურვებს შეუძლიათ, ბგერის სიჩქარეზე ხუთჯერ მეტი, ანუ საათში 6100 კილომეტრზე მეტი სიჩქარე განავითარონ.
KCNA იტყობინება, რომ ორშაბათს, 6 იანვარს გაშვებული რაკეტის სიჩქარემ ბგერის სიჩქარეს12-ჯერ გადააჭარბა და, იაპონიის ზღვაში ჩავარდნამდე, დაახლოებით 1500 კილომეტრი იფრინა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტის გამოცდამ აჩვენა, რომ „ახალი ტიპის მძლავრი იარაღის სისტემებს“ ქვეყანა მუდმივად აუმჯობესებს. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა მზად არის, „გაუმკლავდეს უსაფრთხოების სხვადასხვა საფრთხეებს, რომლებიც მტრული ძალებისგან მომდინარეობს“.
როგორც ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება, კიმ ჩენ ინმა ასევე ხაზი გაუსვა თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას „პოტენციური მტრების სტრატეგიული შეკავების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად“.
ორშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და მისმა სამხრეთ კორეელმა კოლეგამ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩო ტაე იულმა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბოლო ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება დაგმეს.
სამხრეთ კორეის სამხედრო ხელმძვანელობამ ფხენიანის ამ ქმედებას „პროვოკაცია“ უწოდა. აღნიშნული გაშვებისა და ახალი სავარაუდო ტესტირებების საპასუხოდ, სამხრეთ კორეის სამხედროებმა გაზარდეს სიფხიზლე, რათა უკეთ მოახერხონ მომავალი გაშვებების პროგნოზირება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადების მიუხედავად, რომლის თანახმად, ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია, საერთაშორისო საზოგადოებამ ფხენიანის ქმედების გამო უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან ამ ნაბიჯით გეოპოლიტიკური არასტაბილურობა გაიზარდა.
კორეის ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბულობის მასშტაბების გამო, შეშფოთების მიზეზი ნამდვილად არსებობს. სეულში ვიზიტის დროს ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთი გეგმავს, უკრაინასთან ომში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ტექნოლოგიური სიახლეები გაუზიაროს ჩრდილოეთ კორეას, რომლის ათასზე მეტი ჯარისკაცი ამ ომში უკვე დაიღუპა და დაიჭრა.
ეს არ არის ჩრდილოეთ კორეის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტის პირველი გამოცდა. ნოემბერში, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს, ფხენიანმა მცირე რადიუსის რაკეტებიც გაუშვა.
აღსანიშნავია, რომ ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ამჯერად სამხრეთ კორეაში მშფოთვარე პოლიტიკურ მოვლენებს დაემთხვა – პრეზიდენტ იუნ სუკ-იოლს, 3 დეკემბერს საომარი მდგომარეობის გამოცხადების მცდელობის შემდეგ, პატიმრობა ემუქრება.
წყარო: 1 არხი