ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს, კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) მიხედვით, ჩრდილოეთ კორეამ ახალი მიწა-ზღვის ტიპის სარაკეტო სისტემა გამოსცადა, რასაც ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მეთვალყურეობდა.
სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა Padasuri-6 გამოსცადა, რომელიც ზღვაში თავის სამიზნეს მოხვდა.
კიმის თქმით, სამხრეთ კორეა ორ სახელმწიფოს შორის საზღვაო საზღვრის, ჩრდილოეთის გამყოფი ხაზის (NLL) დაცვის მოთხოვნით ჩრდილოეთ კორეის სუვერენიტეტს ლახავს.
KCNA-ს ინფორმაციით, კიმმა იონფხიონის კუნძულის ჩრდილოეთით წყალში და კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთით, NLL-ს რეგიონში, სამხედრო მზაობის გაძლიერების შესახებ ბრძანება გასცა.
“არ არის მნიშვნელოვანი, რამდენი ხაზი არსებობს კორეის დასავლეთ ზღვაში… როდესაც მტერი ჩვენ მიერ აღიარებულ საზღვაო საზღვარზე შეიჭრება, კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტის შელახვად და მის წინააღმდეგ შეიარაღებულ პროვოკაციად ჩავთვლით”. – თქვა კიმმა KCNA-ს მიხედვით.
ამასთან, KCNA-ს მიხედვით, კიმმა საბრძოლო მასალების ქარხანა მოინახულა. მან თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების გაძლიერებაში აღნიშნულ ქარხანას მნიშვნელოვანი როლი აკისრია და წარმოების გასაუმჯობესებლად საჭირო ამოცანები ჩამოაყალიბა.
ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეის ქმედებებმა რეგიონში არსებული დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება განაპირობა. 2023 წლის ბოლოს ჩრდ. კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, რომელთაგანაც ერთ-ერთი 15 000 კილომეტრის რადიუსის მქონე იყო. ხოლო იანვრის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ ორი დღის განმავლობაში საზღვართან 260-მდე ჭურვი ისროლა, რის საპასუხოდაც სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა წვრთნები ჩაატარეს.
13 დეკემბერს სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ-სიკმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ნებისმიერ წინდაუხედავ ქმედებას, სამხრეთ კორეის მხრიდან “ჯოჯოხეთური განადგურება” მოჰყვება.