ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთისკენ ნაგვით დატვირთული 310 ბუშტი გაუშვა

10 ივნისს, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთისკენ ნაგვით დატვირთული 310 ბუშტი გაუშვა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ადასტურებს.
კორეის ნახევარკუნძულზე მდებარე ორ ქვეყანას შორის ვითარება მაისში დაიძაბა. ჩრდილოეთ კორეამ 28 მაისს სამხრეთისკენ ნაგვით დატვირთული ბუშტები გაუშვა. ჩრდილოეთ კორეის მიხედვით, ეს იყო პასუხი სამხრეთიდან ხშირად გაგზავნილ ბუშტებზე, რომლებიც დატვირთულია “პროპაგანდისტული” ბროშურებით.
ჯამში, 28 მაისიდან მოყოლებული სამხრეთ კორეის საზღვარი ნაგვით დატვირთულმა 1 600-ზე მეტმა ბუშტმა გადაკვეთა.
ამასთან ერთად, სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთის საპასუხოდ საზღვართან ახლოს დაამონტაჯა მძლავრი დინამიკები, რომელთა რადიუსიც 20 კილომეტრამდე ვრცელდება. დინამიკებში ჩართულია ახალი ამბები გლობალურ საკითხებზე, კაპიტალისტურ და დემოკრატიულ საზოგადოებაზე შემეცნებითი ინფორმაცია და სამხრეთ კორეული K-pop მუსიკა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ, კიმ იო ჯონგმა აღნიშნა, რომ დინამიკებით “პროპაგანდისტული” გზავნილების გავრცელება მიუღებელია და ჩრდილოეთი “საპასუხო ზომებს” მიიღებს.