ერთ კვირაში მოლაპარაკებებს გავმართავთ მსხვილ სამხრეთამერიკულ ჰოლდინგთან, რომელიც “საბურთალოში” ინვესტირებით ინტერესდება, – ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მფლობელმა და “სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის” პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა “საქმიან საღამოში” განაცხადა.
„ერთ კვირაში მოლაპარაკებებს გავმართავთ ძალიან მნიშვნელოვანი საფეხბურთო ამერიკული ჰოლდინგის დამფუძნებელთან, რომელიც აერთიანებს არგენტინულ, ჩილეურ, ურუგვაულ და ორ მექსიკურ კლუბს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ესპანეთში ინვესტიცია განახორციელოს და “ლა ლიგის” კლუბი შეიძინოს. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც ეს ჰოლდინგი ჩვენს რეგიონში განიხილავს, არის „საბურთალო“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა “საქმიან საღამოში” და დასძინა, რომ იანვარში, კლუბი სლოვაკური ინვესტიციის შესახებაც გაასაჯაროებს ინფორმაციას.
“ევროპაში ფანჯრის შესაქმნელად მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი ისაა, რომ წინასწარ შეთანხმებას მივაღწიეთ სლოვაკეთიდან საკმაოდ დიდ ინვესტიციების თაობაზე, რის შედეგადაც სლოვაკ პარტნიორებთან ერთად საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდის პარტნიორები გავხდებით, რაც ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს მისცემს საშუალება შუალედური რგოლი გაიაროს სლოვაკეთში, რათა ევროპულ ფეხბურთში ადაპტირება არ გაუჭირდეს“ – აღნიშნა საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მფლობელმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა „საქმიან საღამოში”.
BMG-ის გადაცემაში სტუმრობისას, ტარიელ ხეჩიკაშვილმა საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ფილოსოფიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბის, ისევე, როგორც “სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის” მიზანია, ფეხბურთი რეგიონებში მაქსიმალურად განვითარდეს, მათ შორის კომერციულადაც. ამისთვის კი, მისი აზრით, საჭიროა, ახალგაზრდა ნიჭიერ ბავშვებს სათანადო ხელშეწყობა ჰქონდეთ.
“საბურთალოს“ პროექტი რომ დავიწყეთ, მთავარი იყო – ის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ის ოჯახი, რომელსაც მატერიალური შესაძლებლობა არ აქვს, არ უნდა დაიჩაგროს და მსურს დავამტკიცო, რომ ჩვენს ქვეყანაში, პრობლემა დგას არა ნიჭიერების, არამედ – მენეჯმენტის კუთხით. ეს ნაწილობრივ შევძელით, რადგან პირველი აკადემია გავაკეთეთ, სადაც ბავშვი გადასახადებისგან თავისუფლდება, თუ მას პერსპექტივა და ნიჭი აქვს. ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, ხუთი წლის განმავლობაში ჩვენს აკადემიაში აღზრდილ ბავშვებთან ერთად ყველა ტიტული მოვიპოვეთ, რისი მოგებაც შეიძლებოდა”, განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა “საქმიან საღამოში”.
შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს “საბურთალომ” საქართველოს თასის ფინალში ბათუმის „დინამო“ დაამარცხა, ანგარიშით 1-0. შედეგად, მომავალ ზაფხულს თბილისური კლუბი “კონფერენსლიგის” პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.