ჩორჩანაში საგუშაგოების აღმართვაზე ინფორმირებულნი არ ვყოფილვართ – ყოფილი სამხედრო მეთაური პროკურატურაში გამოჰკითხეს

საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური „ქართული ოცნების“ მთავრობაში, ვლადიმერ ჩაჩიბაია პროკურატურამ გამოჰკითხა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობისას საპოლიციო საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით.
„როდესაც ჩორჩანასთან საგუშაგოები აღიმართა, თავდაცვის ძალები ინფორმირებულები არ იყვნენ. არც თავდაცვის მინისტრისგან, არც პრემიერ-მინისტრისგან და არც პრეზიდენტისგან, არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.
„არ ვიცოდი, ჩორჩანასთან დაკავშირებით რაც ხდებოდა. ეს გავიგე მეორე დღეს“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ და დასძინა:
„სამსახურში როდესაც მივედი, დილის ცხრა საათზე, მაშინ გამაგებინეს, რომ ჩორჩანაში რაღაც ხდებოდა“.
შემდეგ დაამატა: „თანამშრომლებმა დამახვედრეს ინფორმაცია, რომ ჩორჩანაში რაღაცა ხდება“.
„ჩავატარე თათბირი, მზად რომ ვყოფილიყავით“
მისი განმარტებით, ამის შემდეგ დაინტერესდა ამ საკითხით და „შესაბამისი ღონისძიებები“ გაატარა:
„ეს არ იყო, რა თქმა უნდა, საბრძოლო [მზადყოფნაში] მოყვანის ღონისძიებები“, – თქვა მან და განაცხადა:
„თუმცა, ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად რომ ვყოფილიყავით, ჩავატარე თათბირი იმისათვის, მაქსიმალური ყურადღება რომ ყოფილი ქვედანაყოფებში რამე ინციდენტის შემთხვევაში, მთავრობის მეთაურის და თავდაცვის მინისტრის ბრძანების შემთხვევაში რომ მზად ვყოფილიყავით რეაგირებისთვის“.
-ს აღმოვუჩინეთ მხარდაჭერა“
ვლადიმერ ჩაჩიბაბიას განცხადებით, საგუშაგოს აღმართვის შემდეგ, მისი დაქვემდებარებაში მყოფმა ძალებმა მხარდაჭერა აღმოუჩინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
„როდესაც საგუშაგოები აღიმართა, – მე არ ვიცი, იქ რა ფორმით იყო ეს, ქვიშის ტომრები იყო დალაგებული თუ ინდივიდები უკვე იდგნენ საგუშაგოზე მაგრამ, – საკითხი იდგა შემდეგში, რომ საგუშაგო საგუშაგოსთან რომ დაკავშირებოდა, საჭირო იყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“.
„ჩვენ აღმოვუჩინეთ ეს მხარდაჭერა შსს-ს იმ პერიოდში და მივაწოდეთ ის საშუალებები, რაც თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ და განმარტა:
„ეს გულისხმობს იმ, დავუშვათ, მატერიალურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს გზის მიყვანას ობიექტამდე“.
„ტერიტორია დაიკარგა“
ჩაჩიბაიამ თავდაპირველად არ უპასუხა კითხვას, მისი აზრით, რამდენად სწორი იყო საგუშაგოს აგება, „მე ინფორმაცია არ გამაჩნდაო“.
შემდეგ, როდესაც ავტომობილში ჩაჯდომამდე ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ დაუსვეს კითხვა, განაცხადა:
„ვერ გეტყვით, ახლა. არსებობს შესაბამისი კომისია, რომელიც იძიებს საკითხს და ისინი გაგცემენ პასუხს. ვენდობი [ამ კომისიას], რა თქმა უნდა“.
„დანაშაულს… მე შეფასებას ვერ გავუკეთებ. ინფორმაცია, რაც მაქვს, ტერიტორიები დაიკარგა. დანარჩენი მე არ ვიცი“, – თქვა მან, ავტომობილში ჩაჯდა და წავიდა.
ვინ არის ვლადიმერ ჩაჩიბაია
53 წლის ვლადიმერ ჩაჩიბაია არის სამხედრო პირი, – გენერალ-ლეიტენანტი, რომელიც 2018-20 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი მეთაური.
მანამდე, 2016-18 წლებში, იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში, 2008-09 წლებში ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოზიცია.
2015-16 წლებში იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც გაეროს დამხმარე მისიას ხელმძღვანელობდა.
სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ, 2020 წელს, პარლამენტში შევიდა – „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით.
X მოწვევის პარლამენტი დატოვა 2023 წლის მარტში, – რამას შემდეგ, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, – ფორმალურად კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
ჩაჩიბაია იშვიათი გამონაკლისი იყო „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც ამ კანონს მხარი არ დაუჭირეს.
ვლადიმერ ჩაჩიბაია იმ დროს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. [მოგვიანებით კანონი გაიწვიეს, თუმცა 2024 წელს განახლებული ფორმით კვლავ მიიღეს].
პარლამენტის დატოვების მიუხედავად, მას პარტია არ დაუტოვებია. მოგვიანებით განაცხადა: „საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად“.
ამის შემდეგ, 23 მარტს, ჩაჩიბაია პრემიერ-მინისტრ ს მრჩევლად დაინიშნა.
„ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდი“ და გამოძიება
„ქართული ოცნების“ ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერის, გიორგი გახარიას ყოფილი თანაგუნდელები – „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი ლიდერები და წევრები ამბობენ, რომ ექსპრემიერმა, ამჟამად ოპოზიციონერმა გიორგი გახარიამ, 6 წლის წინ, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგო „ერთპიროვნული გადაწყვეტილებით“ აღმართა.
პარტიის თანახმად, შედეგად დაიკარგა დამატებითი ტერიტორიები და ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დადგა. პარტია გახარიას ომის მიზანმიმართულ გამოწვევაშიც სდებს ბრალს.
ჩორჩანის საგუშაგოს საკითხის განხილვა სადავო პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ [„წულუკიანის კომისია“] 14 აპრილს დაიწყო და თავად გიორგი გახარიაც გამოჰკითხა – ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელსაც პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ივანიშვილის პარტიის წევრები მოღალატეს ეძახიან და ამბობენ, რომ ზურგს „დიპ სტეიტი“ უმაგრებს.
პროკურატურაში ამ საკითხზე უკვე გამოჰკითხეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი „ქართული ოცნების“ მთავრობაში, მაია ცქიტიშვილი. მან 17 ივნისს თქვა, რომ მისთვის „ცნობილი იყო, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო“.
14 ივნისს საგამოძიებო უწყებაში მისული იყო სუს-ის ყოფილი უფროსი, სანქცირებული ვახტანგ გომელაურიც.
ხვალ, 23 ივლისს იგეგმება ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გამოკითხვა.
გიორგი გახარია რამდენიმე კვირაა, საზღვარგარეთაა.