ცხინვალის ცნობით, სოფელ უისტაში [წნელისი], ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს სიახლოვეს, 4,5-კილომეტრიანი მთავარი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
2025 წლის 13 ნოემბერს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჩორჩანის საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. სახელმწიფო ბრალდება მას ედავება, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს გიორგი გახარიამ, იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. ყოფილ პრემიერ-მინისტრს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს 20-21 ივნისის საქმეზეც. წარდგენილი ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში გახარიას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ცხინვალი წლებია ამ საგუშაგოს აღებას მოითხოვს თბილისისგან. გახარიას წინააღმდეგ დაწყებულ საქმეზე კი ამბობს, რომ ლოგიკური იქნებოდა, ქართულ მხარეს პოლიციის საგუშაგოს დემონტაჟი განეხორციელებინა.
“სამუშაოები მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის [დე ფაქტო – რედ.] ალან გაგლოევის დავალებით, რომელიც ადგილობრივად გაეცნო პროექტის შესრულების პროცესს. პრეზიდენტს სამუშაო ვიზიტში ახლდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე იური კადიი, თავდაცვის მინისტრი იური იაროვიცკი, კგბ-ის სასაზღვრო სამსახურის უფროსი რომეო ხუგაევი და ზნაურის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან გოგოზოვი. ვიზიტის ფარგლებში ალან გაგლოევი შეხვდა სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც უისტას მიმდებარედ ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს, და ადგილზე გაეცნო მათ სამუშაო პირობებს”, – წერს ოსური მედია.
გამოცემის ცნობითვე, [დე ფაქტო – რედ.] პრეზიდენტმა გზის რეაბილიტაციის მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოკვეთა როგორც სასაზღვრო უწყებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
მისი თქმით, მანამდე სატვირთო ავტომობილები ამ გზაზე გადაადგილებას რთულად ახერხებდნენ, ზამთარში ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმებულიყო.
გარდა ამისა, ცხინვალის ცნობითვე, განახლებულ გზაზე თანამედროვე განათების ბოძები დამონტაჟდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტრანსპორტისა და ქვეითების უსაფრთხოებასა და კომფორტს ღამის საათებში და განავითარებს სოფლის ინფრასტრუქტურას.




