საქართველოს პენცენტრი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის, თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლება ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს.
პენცენტრის თქმით, კეკელიძის დირექტორობის დროს მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდა და ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურის მნიშვნელოვან კერად იქცა.
“11 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორობიდან გაათავისუფლა მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც ამ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. გიორგი კეკელიძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დაიბარა და უთხრა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა ამ თანამდებობას და ახლა „განახლების დროა.“ გიორგი კეკელიძის დირექტორობის დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა, ბიბლიოთეკა კულტურის ცოცხალ და მნიშვნელოვან კერად იქცა. საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს და თვლის, რომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები მისი თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო,” – ნათქვამია განცხადებაში.