“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” საბჭოს წევრისა და ბიზნეს იურისტის, თედ ჯონასის შეფასებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ADC-ს ხელშეკრულება შეუწყვიტა, ჩნდება კითხვები, საერთოდ თუ სურს ქვეყნის ხელისუფლებას, ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განავითაროს. ამის შესახებ თედ ჯონასმა “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა.
“როდესაც მთავრობამ კონტრაქტი შეგვიწყვიტა 2020 წლის იანვარში, განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში დაიწყებდა ანაკლიის პორტის აშენებას თვითონ ან ახალ ინვესტორთან ერთად, მაგრამ ხუთი წელი გავიდა და არაფერი მომხდარა. ერთ წელიწადზე მეტია, რაც ტენდერი გამოაცხადეს, თქვეს, რომ ჩინური სანქცირებული კომპანია შეარჩიეს და არც ეს კომპანია არ ჩამოსულა საბოლოოდ, ან არ დაუწყია პორტის აშენება და ეკონომიკის სამინისტროდან, რომელმაც ეს ტენდერი განახორციელა, დავითაშვილიც დაითხოვეს. ამიტომ არ არის ანაკლიის პორტთან მიმართებით მიმდინარე სამუშაოები. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მთავრობა ფოთშიც აპირებს პორტის მშენებლობას.
ჩნდება კითხვა, საქართველოს მთავრობას საერთოდ სურს თუ არა, ღრმაწყლოვანი პორტი ჰქონდეს? შეიძლება, გამიზნულად ხელს უშლიდეს ასეთი პორტის აშენებას ანაკლიაში და ფოთში, სადაც APM ტერმინალი მზად იყო ასაშენებლად, მაგრამ მთავრობა ამ პროცესის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. [მთავრობას] სურათიდან გაჰყავს ვაჭრობის ყველა შესაძლებლობა, ცენტრალური აზიის და ევროპის მიმართულებით, ამავდროულად სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობენ ცალკე. შესაბამისად, რასაც ეს ყველაფერი ავითარებს, არის ის, რომ შუა დერეფანი გვერდს აუვლის საქართველოს”, – განაცხადა თედ ჯონასმა.
