თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა აშშ-ს მიერ საქართველოში ჩასატარებელი წვრთნები გადადებასა და ევროკავშირის მიერ თავდაცვისთვის გამოყოფილი €30 მილიონის გაყინვას.
ჩიქოვანის თქმით, მთავრობა დარწმუნებულია, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება შეიცვლება და სამხედრო წვრთნები ჩატარდება.
“ეს ჩვენთვის საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენ გვაქვს არაერთი წარმატებული შედეგი. შედეგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. საერთაშორისო წვრთნები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ისინი ატარებენ კონკრეტულ სარგებელს, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობას იღებს. დღესაც გვაქვს ძალიან ბევრი ფორმატი, რომელშიც ვთანამშრომლობთ აშშ-სთან. თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის დეპარტამენტს აქვთ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება და ასევე გეტყვით, რომ ვაგრძელებთ მზადებებს სხვა საერთაშორისო სწავლებებისთვის” – ამბობს ჩიქოვანი.
თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ თანხის გაყინვაც, სავარაუდოდ, გადაიხედება.
“რაც შეეხება ევროპის მშვიდობის ფონდიდან რესურსების გაყინვას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედება. ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიმართული, რომელიც უკავშირდებოდა ძირითადად არალეტალური იარაღის და საშუალებების გაძლიერებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივ განხორციელებას” – თქვა თავდაცვის მინისტრმა.
5 ივლისს გახდა ცნობილი, რომ აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვისა და ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების გამო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო.
“შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის ძირეული გადახედვა. ამ გადახედვის ფარგლებში, შეერთებული შტატები საქართველოში განუსაზღვრელი ვადით გადადებს ღირსეული პარტნიორის წვრთნებს, რომელიც 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო.
ამასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და საქართველოს მთავრობისადმი მხარდაჭერა შემცირდება, მათთვის განკუთვნილი თანხებით კი მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის დახმარებას შეეცდებიან.