ქართული ნუგბარის ნაირსახეობისა და პასკების მწარმოებელი კომპანია „ჩირჩხელა“ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუშაობს.
როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ირმა კვაჭანტირაძე BM.GE-სთან ამბობს, კომპანია პროდუქტის ექსპორტს ჩეხეთში ახორციელებს და აქტიურად მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირებაზე. უფრო კონკრეტულად, უკვე დიდი ხანია ისრაელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუმცა, გასულ წელს, როდესაც “ჩირჩხელა” ისრაელთან დაკონტრაქტების ეტაპზე მივიდა, ბაზარმა უარი თქვა იმპორტზე. მიზეზი, საქართველოში არსებული დაძაბულობა და შეცვლილი კურსი იყო.
ირმა კვაჭანტირაძის ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ ისრაელის ბაზარზე მათი პროდუქციის საჭიროება იყო, ამ ბაზარმა გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკებები გაეახლებინა და ქართული ნუგბარი ბაზარზე შეეტანა.
„ისრაელთან ჩვენ აქტიური და ხანგრძლივი მოლაპარაკებები გვქონდა. როცა ხელშეკრულების ეტაპზე ვიყავით, საქართველოში არასტაბილური მდგომარეობა დაიწყო. გვეუბნებოდნენ, რომ “არ ხართ ევროპული ხედვის და ჩვენ გვინდა ისეთ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენს აზრებს იზიარებენ”, – ანუ პოლიტიკურმა მდგომარეობამ საექსპორტო აქტივობების შეჩერება განაპირობა. თუმცა, ახლა განახლდა მოლაპარაკებები, ვინაიდან ისრაელის ბაზარზე ჩვენს პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნა და რეალური საჭიროებაა.
ისრაელს აქვს სტანდარტები. კერძოდ, ყველა პროდუქტი ქაშერული უნდა იყოს. შესაბამისად, მოთხოვნაა, რომ ჩვენი პროდუქციაც ქაშერული იყოს. ახლა ზუსტად მაგ ტესტირებებს გავდივართ, რომ ქაშერული პროდუქცია შევქმნათ. ეს კი ნიშნავს, რომ ყურძნის წვენიც კი, რითაც ჩურჩხელა მზადდება, ქაშერული უნდა იყოს. ამ წლის შემოდგომაზე, მათი სტანდარტებიდან გამომდინარე, უნდა დავკრიფოთ ყურძენი და ალბათ, წლის ბოლოს ექსპორტზეც გავალთ. მოცულობები განისაზღვრება იმით, თუ რამდენად შევძლებთ ნედლეულის ქაშერულად მოპოვებას. საუბარია დიდ მასშტაბებზე“, – ამბობს ირმა კვაჭანტირაძე.
„ჩირჩხელას“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, გარდა ისრაელისა, კომპანია მოლაპარაკებებს გერმანიასთანაც აწარმოებს. უფრო კონკრეტულად, საუბარია კიოლნსა და დუსელდორფში „ჩირჩხელას“ ჩირეულის შეტანაზე. კვაჭანტირაძე დასძენს, რომ პროდუქცია ამ ბაზრებზე არსებულ სუპერმარკეტში შევა, სადაც „ჩირჩხელას“ ბრენდით გაიყიდება. თუმცა, შეფუთვას თავად მარკეტი უზრუნველყოფს, რაც პროდუქციაზე მოთხოვნას გაზრდის.
„უფრო მეტად ქლიავის, ლეღვი, ფეიხოას და მანდარინის ჩირეულის გასვლაზეა საუბარი, რომელიც გერმანიის ბაზრისთვის დეფიციტურია.
პროდუქტი ჩვენი ბრენდით გაიყიდება, თუმცა მათი ლოგოც იქნება დატანილი“, – ამბობს კვაჭანტირაძე.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ბაზრების დივერსიფიცირება წარმადობის ზრდას მოითხოვს, შესაბამისად, ექსპორტის დაკმაყოფილებისთვის, „ჩირჩხელა“ გერმანულ კომპანიასთან კოლაბორაციას გეგმავს. კოლაბორაცია ჩირეულის წარმოებას გულისხმობს.
ცნობისთვის, „ჩირჩხელა“ ოჯახური ბიზნესია, რომელიც ბაზარზე 8 წელია ოპერირებს და თბილისში (ვაკე) ერთ მაღაზიას ფლობს. კომპანია მომხმარებელს ჩირეულსა და ქართული ნუგბარის ნაირსახეობებს სთავაზობს.
