„ჩირიფრუტი“ თბილისში 2 სტენდის დამატებას და ქსელურ მარკეტებში შესვლას გეგმავს

“ჩირიფრუტი” თბილისში 2 სტენდის დამატებას და ქსელურ მარკეტებში შესვლას გეგმავს. როგორც “ბიზნესპარტნიორთან” “ჩირიფრუტის” თანადამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ განაცხადა, აღნიშნული პროექტების განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმება.
მისივე ინფორმაციით, ქსელებში შესვლა და სარეალიზაციო ობიექტების დამატება კომპანიის გაყიდვებს მინიმუმ 20%-ით გაზრდის.
“ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კომპანიის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგრძნობლად არ გაზრდილა. სტაბილურად მივდივართ და იმედი მაქვს რთული წელი არ გვექნება. მიმდინარე წელს 2 სტენდის დამატებას ვგეგმავთ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ჩვენი გაყიდვების მაჩვენებელიც გაიზრდება. ვფიქრობთ, რომ 1 სტენდი ოქტომბერში, ხოლო მეორე გაზაფხულის ბოლოს გვექნება. ვინაიდან ოქტომბერშია მეორე სტენდის გახსნა დაგეგმილი ჯერჯერობით ინვესტიციის მოცულობა ფინანსურად დათვლილი არ არის, ხოლო პირველი სტენდის გახსნისთვის, დაახლოებით, 5000 ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება ქსელური პროდუქციის წარმოებას – თითქმის დასრულებულია და მალე შეთავაზებას დავიწყებთ. ჯერჯერობით არ არის შერჩეული რომელ ქსელში შევალთ და თავდაპირველად, 2 პროდუქტით ვიქნებით წარმოდგენილი, ესენია: ფინიკის ბურთები ყავით და შოკოლადით და დუბაის ბურთი. ქსელური მიმართულებით განვითარებისთვის, დაახლოებით, 50 000 ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება”, – აცხადებს სოფიო ჯიქია.
მანვე აღნიშნა, რომ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია: შოკოლადის ჩურჩხელა, ტრადიციული ჩურჩხელა და დუბაის შოკოლადი.
რაც შეეხება საექსპორტო მიმართულებებს – ჩირიფრუტი ცოტა ხნის წინ ამერიკის ბაზარზე გავიდა, თუმცა როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აცხადებს, მიმდინარე წელს ადგილობრივ ბაზარზე განვითარებას გეგმავენ.
“როდესაც ადგილობრივ ბაზარზე გარკვეულ გამოცდილებას მივიღებთ, მათ შორის ქსელური მიმართულებით, ექსპორტის ნაწილში შემდგომ აქტიურად ჩავერთვებით”, – აცხადებს სოფიო ჯიქია.
ცნობისთვის, შპს ”ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. ამჟამად კომპანიას თბილისში სავაჭრო ცენტრებში 4-მდე სტენდი აქვს და ასევე, აეროპორტის – Duty Free ზონაშია წარმოდგენილი. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოს, ხურმის, კივის), ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს თბილისში არსებულ საწარმოში აწარმოებს.
“ჩირიფრუტი” 80-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის წლიური წარმადობა 30 ტონაა და საწარმოში 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ასევე დაგაინტერესებთ

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის – კაია კალასი და მარტა კოსი