„ჩიპირებული უნდა იყოს შინაური ცხოველი, რომ მიტოვებისას მეპატრონე იპოვონ, სხვა შემთხვევაში ეს კანონი არალოგიკურია“ – მოსაზრება

„საუბარია მეპატრონის დაჯარიმებაზე მიტოვების დროს, თუ არ მოხდა შინაური ცხოველების აღრიცხვა ჩიპირებით, მიტოვების დროს მეპატრონეს როგორ უნდა მიაგნონ?“, – ამის შესახებ ცხოველთა მოყვარულმა, ექიმმა თეა სუბელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ შინაური ცხოველების აღწერის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ ალიკაპის გამოყენებასა და შინაური ცხოველის მიტოვებაზე რეგულაციები შემოიღონ.
„ევროპაში როდესაც ადამიანს აჰყავს ცხოველი, ხდება მისი დატრენინგება. ცხოველის გაწვრთნა არის სავალდებულო – ეს არის პროფილაქტიკა იმისა, რომ არ მოხდეს ცხოველის მიტოვება. ევროპაში ვერ ნახავთ თქვენ ისეთ შემთხვევას, რომ აიყვანონ ცხოველი და როგორც უნდა ისე გაზარდონ. ცხოველის ქუჩაში გაყვანა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე გაწვრთნილია, მისი ქცევა კორექტირებულია და იცის, როგორ უნდა მოიქცეს ქუჩაში. რა თქმა უნდა, ალიკაპის გამოყენება აუცილებელი უნდა იყოს ტრანსპორტში, ვეტერინართა მისვლისას, მაგრამ ასე ფართოდ პარკებსა და ქუჩაში წარმოუდგენელია. ახლაც გვაქვს ამის კანონი [ალიკაპების გამოყენება], მაგრამ აღსრულება არ ხდება სათანადოდ. მიუღებელია, რომ ნებისმიერი ზომისა და ჯიშის ძაღლზე იყოს გამოყენებული ალიკაპები და ისიც გაურკვეველია, თუ როგორ მოხდება კონტროლი.
ყველა კანონი უნდა იყოს მიმართული პატრონის პასუხისმგებლობის გაზრდისკენ, მაგრამ ჩვენთან არასწორად ხდება ყველაფერი. საკითხი არის სისტემური და მთლიანი სისტემა უნდა იცვლებოდეს. ამაზე იმუშავეს პროფესიონალებმა, ყველაფერი მიტანილია პარლამენტში, მაგრამ ამის გაკეთება არ სურთ. წარმოიდგინეთ, საუბარია მეპატრონის დაჯარიმებაზე მიტოვების დროს, თუ არ მოხდა შინაური ცხოველების აღრიცხვა ჩიპირებით, მიტოვების დროს მეპატრონეს როგორ უნდა მიაგნონ? ჩიპირებული უნდა იყოს შინაური ცხოველი, რომ მისი მიტოვების შემთხვევაში მეპატრონე იპოვონ, სხვა შემთხვევაში ეს კანონი არალოგიკურია. პატრონი რომ იყოს იდენტიფიცირებული, ერთადერთი გზა არის მათი სავალდებულო აღწერა და ჩიპირება. ამას რომ გააკეთებენ, შემდეგ შესაძლოა, შემოიღონ ალიკაპის გამოყენებასთან თუ მიტოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები“, – განაცხადა თეა სუბელიანმა.
ინფორმაციისთვის, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან კანონი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ეტაპობრივად ძალაში შედის. საკანონმდებლო პაკეტის სრულად ამოქმედების ვადა 2026 წლის 1-ლი იანვრიდან 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
ახალი რეგულაციები შეეხება შინაურ ბინადარი ცხოველების შემგროვებლურობასა და მათი გამრავლების წესების დაცვას. ამასთანავე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, მკაცრად გაკონტროლდება ცხოველის მიტოვების საკითხი და ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის დოკუმენტების მოწესრიგება.
გარდა ამისა, 2026 წლის 1-ლი ივლისიდან ანტირაბიული ვაქცინაციისა და სტერილიზაცია – კასტრაციის პირობების დარღვევისთვის განისაზღვრა გამკაცრებული ადმინისტრაციული ჯარიმები.