„ჩინურ მხარესთან დავსვით საკითხი, რომ მათ ქართველ საშუალო და მცირე დილერებს ექსკლუზიურ ფასად მოგვაწოდონ ავტომობილები“

ჩინური ავტომწარმოებლებისთვის საქართველოს ბაზარი სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ამას ადასტურებს, თბილისში ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა. ავტოიმპორტის ფორუმს ჩინეთიდან დელეგაცია დაესწრო, რომელიც ავტომწარმოებელ და ლოგისტიკურ 20 კამპანიას აერთიანებდა.
რამ განაპირობა ჩინური მხარის ინტერესის ზრდა და რა გავლენას მოახდენს ეს ქართულ ბაზარზე? საკითხზე ,,კომერსანტის დილაში“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ალექსი ნონიაძე აცხადებს, რომ ჩინური მხარის ინტერესი დიდია და შეხვედრის ინიციატივა და სურვილი, სწორედ ჩინური კომპანიებიდან მოდიოდა.
,,ბევრი გამოწვევა აქვს ავტოიმპორტს. ზრდა არის, მაგრამ არის ისეთი რიგი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც გვაიძულებს ასოციაციას, რომ ახალი ბაზრები მოვნახოთ. ამ ძიების პროცესში დამიკავშირდა ჩინური მხარე. მათ თავად გამოთქვეს სურვილი. ჩვენ მოწვევა გავუგზავნეთ. ჩამოვიდა დელეგაცია. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მათ აინტერესებდათ ინფორმაცია. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი საკითხის საქმის კურსში არ იყვნენ. მათთვის ჩვენი ბაზარი სიახლეა. ვიცით, რომ ჩინური ავტომობილების იმპორტი მზარდია, მაგრამ მასიურად ავტომობილების შემოყვანა და მასიური თანამშრომლობა მაინც პირველია. პირველი ნაბიჯი იყო და შეიძლება ითქვას ურთიერთობის მოთელვა, კონტაქტებისა და ინფორმაციის გაცვლა მიმდინარეობდა.”- აცხადებს ალექსი ნონიაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს. ავტოიმპორტიორთა ასოციაციამ ჩინურ მხარეს წინადადებით მიმართა, რაც ავტომობილების ექსკლუზიურ ფასად მიწოდებას გულისხმობს. საუბარი ასევე შეეხო რისკებსა და ამ რისკების შესაძლებლობად გარდაქმნას.
,,ჩინური ავტომობილების შემოსვლა რეგიონში იწვევს, როგორც რისკებს ასევე შესაძლებლობებს. რისკების თვალსაზრისით, ეს შეიძლება იყოს ავტოჰაბის სტატუსის დაკარგვა. ხოლო ეს სტატუსი, რომ შევიძინოთ და გამოწვევები შესაძლებლობად ვაქციოთ, ამიტომ დავსვით ეს საკითხი – ხომ არ აჯობებს, რომ ჩინურმა მხარემ ქართველ საშუალო და მცირე დილერებს ექსკლუზიურ ფასად მოგვაწოდოს ავტომობილები. ავუხსენით, რომ ბაზარზე საშუალო და მცირე დილერების საკმაოდ დიდი კონტინენტი გვყავს და მათ ინტერესებს ვიცავთ. დავაფიქსირეთ, რომ თუ მოგვაწვდიან ექსკლუზიურ ფასად, მერე უკვე ჩვენგან მოხდება მეზობელ ქვეყნებში ჩინური ავტომობილების გაყვანა. რაც ორმხრივად მომგებიანი იქნება. ის, რომ გაიყიდება ჩინური ავტომობილი რეგიონში ეს ჩინური მხარის ინტერესია. ჩვენი ინტერესია, რომ ბაზარს და მოგებას არ დავკარგავთ. უფრო კონკურენტუნარიანი გავხდებით და ქვეყანაც მიიღებს მეტ შესაძლებლობებს.”- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში ალექსი ნონიაძე.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელიაცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილების მიღებამდე ჩინურმა ავტომწარმოებლებმა ვითარება უნდა შეაფასონ, რადგან ისინი კონკურენტულ ბაზარზე შემოდიან. საქართველოში დამკვიდრებულია ევროპული და ამერიკული დაბალი ფასის ავტომობილები, რომლებსაც მომხმარებლები კარგად იცნობენ. ალექსი ნონიაძე აცხადებს, რომ მომსახურების სერვისისთვისაც ჩინური მანქანები ახალია და ხელოსნებმა კარგად არ იციან ამ ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლები, რაც ასევე გამოწვევაა.
,,ჩინურმა ავტომობილმა კონკურენცია რომ გაუწიოს სხვა მწარმოებელი ქვეყნების ავტომობილებს, საჭიროა მომხმარებელმა გაიცნოს და დატესტოს, რამდენად მოერგება ჩვენს პირობებს, მომხმარებლის კომფორტს, ფასს და ა.შ. ჩვენ ინფრასტრუქტურა საკმაოდ კარგად გვაქვს განვითარებული. გვყავს საკმაოდ კარგი ხელოსნები, რომლებიც კარგად ერკვევიან სხვა მოდელის ავტომობილების რემონტში, მაგრამ ნაკლებია ისეთი ხელოსნების რაოდენობა, რომლებიც ერკვევიან ჩინური ავტომობილების ექსპლუატაციაში.”- აცხადებს ალექსი ნონიაძე.
კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს ჩინური ავტომობილების სტატუსი. ავტომობილების წარმოებას სახელმწიფო ასუბსიდირებს, რის გამოც ქვეყანაში ჭარბი მიწოდება შეიქმნა. ჩინეთს არ სურს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების დაკარგა და სურს სამუშაო ადგილების შენარჩუნება. სწორედ ამიტომ მათ გადაწყვიტეს ახალი ავტომობილი, რომელსაც ნულოვანი გარბენი აქვს, მეორად ავტომობილად დაარეგისტრირონ.
„ავტომობილებს არეგისტრირებენ და სანომრე ნიშნებს აძლევენ, წარმოიდგინეთ ნულოვანი გარბენი აქვს. მანქანა საერთოდ ახალია, მაგრამ სტატუსით მეორადია. ამიტომ როგორც ახალ ავტომობილზე გარანტიებს ვერ იძლევიან. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა.“- აცხადებს ალექსი ნონიაძე.
რაც შეეხება ჩინური ავტომობილების წილს მთლიანად მსუბუქი ავტომობილების იმპორტში, „საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1 246 864 620 დოლარის ღირებულების 83 296 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 552 343 59- დოლარის ღირებულების 102 004 ერთეული. მიმდინარე წელს მსუბუქი ავტომობილების იმპორტში ჩინური ავტომობილების წილი 1.6% იყო, მაშინ როცა 2023-ში ეს მაჩვენებელი – 0.8%-ს შეადგენდა.