ჩინურ კომპანიას აშშ-ის 2 უწყებიდან ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ეს არ ნიშნავს სანქციას – ლევან დავითაშვილი ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ კომპანიაზე

ჩინურ კომპანიას -ის 2 უწყებიდან ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ეს არ ნიშნავს სანქციას – ლევან დავითაშვილი ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ კომპანიაზე
„ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აშშ-ის ორი უწყების მხრიდან ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ეს არ ნიშნავს სანქციას – კომპანიას არ ეზღუდება ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია, პროექტის განხორციელება“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რაც შეეხება კომპანიის სანქციების საკითხს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, ეს არის კომპანია, რომელიც შედის ე.წ. Fortune 500-ში, ეს არის მსოფლიოს 500 წამყვან ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც აქვს ამ პროექტის საქართველოში თავისუფლად განხორციელების საშუალება და ასევე, მსგავსი პროექტების მსოფლიოს, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში განხორციელების საშუალება. მას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები აშშ-ის ორი უწყების მხრიდან დაწესებული – ეს იყო ვაჭრობის სამინისტროს ვაჭრობის ბიუროს სია, რაც გულისხმობს ერთადერთ რამეს, რომ ამ კომპანიასთან კონკრეტული სტრატეგიული პროდუქტების ან მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, ამერიკულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ თანხმობა ვაჭრობის სამინისტროს ამ ბიუროს მხრიდან და სხვა არაფერი. ამ კომპანიას არ ეზღუდება არანაირი ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია, პროექტის განხორციელება და სხვა რამ. ეს არ ნიშნავს სანქციას, ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული, მათ შორის, იმ იურიდიულ დასკვნაში, რომელიც ჩვენთან არის წარმოდგენილი. მეორე, ეს იყო აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული მოთხოვნები, რომ საჯაროდ ვაჭრობის დროს ობლიგაციებში ამერიკული კომპანიების მხრიდან, ინვესტიციების შემთხვევაში, საჭიროა ამ კონკრეტული უწყების თანხმობა. ეს არის სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით,“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, ახლა გასავლელი იქნება რამდენიმეთვიანი პროცედურა, სადაც საქართველოს ექნება დიალოგი პრეტენდენტთან, იქამდე სანამ საბოლოოდ მოხდება პარტნიორთა შორის შეთანხმების გაფორმება. მისივე თქმით, ის, რომ პროექტში ჩართული იქნება ჩინური მხარე, ეს დამატებით უპირატესობას შექმნის.
„ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშეა რეგიონში. მოდით გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, ეს ჩინეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ევროპის დაკავშირებადობას გულისხმობს და აქ, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ძალები იყვნენ წარმოდგენილები. რაც შეეხება სხვა პარტნიორების მონაწილეობას, აქაც მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, რომ ჩვენ გვყავდეს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი პარტნიორები სხვადასხვა როლში, რადგან თვითონ პორტის პროექტი არის ძალიან კომპლექსური ეკოსისტემა. ახლა რაც შეეხება კომპანიას, ეს არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სახელმწიფო კომპანია. მე გეუბნებით კონსორციუმის ერთ-ერთ წევრზე, თორემ კონსორციუმში ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია და მოიაზრება, რომ ჯამში პროექტის განვითარების პირობებში დამატებით კონსორციუმს შეემატება სხვა კომპანიები, რომლებიც დამატებით წვლილს შეიტანენ პროექტის კონკურენტუნარიანობაში.
იცით, რომ ამ პროცესში ჩვენ გვყავს საერთაშორისო წამყვანი იურიდიული კონსულტანტები ჩართული და მათთან ერთად გვექნება გასავლელი პროცესები“,- განაცხადა დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ