,,ჩინურ ბაზარზე ზოგადად ღვინის მოხმარება იკლებს, თუმცა ქართული ღვინის წილი მოხმარებაში იზრდება” – ჩინეთში წელს 1.12 მლნ ლიტრი ქართული ღვინოა ექსპორტირებული

,,ჩინურ ბაზარზე ზოგადად ღვინის მოხმარება იკლებს, თუმცა ქართული ღვინის წილი მოხმარებაში იზრდება” – ჩინეთში წელს 1.12 მლნ ლიტრი ქართული ღვინოა ექსპორტირებული
ჩინეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია და ის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია. ჩვენი ალკოჰოლური სასმლის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგული კამპანია 2013 წლიდან მიმდინარეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ჩინეთში 1.12 მლნ ლიტრი ქართული ღვინოა ექსპორტირებული, რაც 78%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
რატომ არის მიმზიდველი ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის და რა პერსპექტივა გვაქვს აქ თავის დამკვიდრების მიმართულებით? საკითხზე ,,კომერსანტი“ ღვინის მწარმოებელი კომპანია ,,ასკანელი ძმების“ დირექტორს ესაუბრა.
,,რა თქმა უნდა შეგვიძლია თავი დავიმკვიდროთ. წლებია მუშაობენ ქართული კომპანიები და ადგილს იმკვიდრებენ. ქმნიან გაყიდვების სტრუქტურას ადგილობრივი, ჩინელი გაყიდვების აგენტებით, ქსელებთან ურთიერთობებით უკვე სტაბილურად მუშაობენ. ვყიდით რამდენიმე მილიონ ბოთლს. ჩინეთი ყოველთვის ხუთეულშია ჩვენს საექსპორტო ბაზრებში. რეალიზება 3-4 მილიონ ბოთლზე ქვემოთ არ ჩამოსულა ბოლო რამდენიმე წელია. 5-6 მლნ-ზე ვიყავით ასული. ჩინური ბაზარი იკლებს და სირთულეები არის ბაზარზე, თუმცა წელს მატება არის და იმედი მაქვს რომ ისევ გაზრდის ქვეყანა ქართული ღვინის გაყიდვებს ჩინურ ბაზარზე.’’- აცხადებს ირაკლი უგლავა.
,,ასკანელი ძმების“ დირექტორი აღნიშნავს, რომ ჩინეთის ბაზარზე ღვინის მოხმარება იკლებს. ეს ტენდენცია 2019 წლიდან მოყოლებული სტაბილურად ნარჩუნდება. ირაკლი უგლავა აღნიშნავს, რომ ჩინეთში ღვინის მოხმარებამ დაახლოებით 37%-ით იკლო, თუმცა ქართული ღვინის წილი ბაზარზე მზარდია.
,,ჩინურ ბაზარზე ზოგადად ღვინის მოხმარება იკლებს. ჯამურად დაახლოებით 37%-იანი კლება არის ჩინურ ბაზარზე. როგორც ჩანს სხვა ტიპის სასმელზე გადადის მოსახლეობა. ალბათ, სხვა ტიპის ალკოჰოლზე. ვერ გეტყვით რა ახდენს გავლენას, თუმცა ქართული ღვინის წილი მოხმარებაში იზრდება. იმდენად დიდი ქვეყანაა და ჩვენ იმდენად პატარა ვართ მოცულობით მათთვის, რომ მაინც ვხედავ საკმაოდ სტაბილურ ბაზრად ჩვენი ღვინისთვის. საკმაოდ პერსპექტიულად ვუყურებ ჩინურ ბაზარს როგორც ქართული კომპანიებისთვის და ჩვენთვისაც მათ შორის.’’- აცხადებს ირაკლი უგლავა.
კომპანია ,,ასკანელ ძმებს“ მიმდინარე წლის 4 თვეში ჩინურ ბაზარზე 5 ჯერ მეტი მოცულობით ღვინო აქვს შეტანილი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ჩინურ ბაზარზე მოთხოვნა ძირითადად წითელ და ნახევრად ტკბილ ღვინოებზეა.
,,ქვეყანას 78%-იანი ზრდა აქვს ჩინეთში პირველ 4 თვეში. ჩვენ კიდევ უფრო დიდი გვაქვს. ჩვენ არ ვართ დიდი მოთამაშე, თუმცა საკმაოდ დიდი ზრდა მაქვს ჩინეთის ბაზარზე. დაახლოებით 5 ჯერ მეტი მაქვს გადატვირთული პირველ 4 თვეში ვიდრე წინა წლის პერიოდში. ჩინეთი სტრატეგიული ბაზარია. დიდი ქვეყანაა. მოთხოვნა არის წითელ ღვინოზე. ძირითადად წითელი ღვინო მიაქვთ. მათ შორის მოთხოვნაა ნახევრად ტკბილ ღვინოზე. პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსი მოთხოვნაა. როგორც ჩანს კულინარიას მიესადაგება. არის მოთხოვნა ასევე საფერავზე. თეთრი მიდის გაცილებით ნაკლები.’’- აცხადებს ირაკლი უგვალა.
კომპანია ,,ასკანელი ძმების“ დირექტორი განმარტავს, რომ ჩინურ ბაზარზე ყველა კატეგორიის მომხმარებელია. მათ შორის არიან დაბალფასიანი პროდუქტის, ასევე საშუალო და მაღალი ხარისხის ღვინის მომხმარებლები. ირაკლი უგლავა აცხადებს, რომ ქართულ კომპანიებს ამ ბაზარზე სხვადასხვა ტიპის კლიენტურა ჰყავთ.
,,მრავალფეროვანი ბაზარია. დაწყებული ძალიან იაფიანი პროდუქციის მოთხოვნიდან (რომელსაც ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ) ითხოვენ ძალიან იაფიან პროდუქცია და ამ კონკურენციაში არ შევდივართ. არის საკმაოდ ძვირიანი პროდუქციის მოთხოვნილებაც. ჩვენ 2,5 დოლარიდან დაწყებული ზემოთ ვაწვდით. საშუალო ფასი დაახლოებით ისეთი გვაქვს როგორც რუსეთში.’’- აცხადებს ირაკლი უგლავა.