„ჩინურმა კომპანიებმა, რომლებიც გამყვან ტურიზმში ოპერირებენ, მომართვა უკვე დაიწყეს“ – ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი

„ორ სახელმწიფოს შორის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება იმის მაჩვენებელია, რომ იზრდება მგზავრთნაკადი ორივე მიმართულებით, შესაბამისად, ხელი ეწყობა საინვესტიციო ინიციატივებს. ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უკვე დაიწყო ჩინური ტურისტული კომპანიების მხრიდან გამყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტივობების დაგეგმვა.
„ჩინეთი ტურისტულ მიმართულებებს შორის მსოფლიოსთვის ძალიან მიმზიდველია. ეს 30-დღიანი პერიოდი შეეხება ტურისტული მიზნით მოგზაურობებს. ეს შესაძლებლობას ქმნის, რომ ბიზნესსაქმიანობის მიმართულებით დაიგეგმოს ტურები, რაც კიდევ უფრო გაააქტიურებს გამყვანი ტურიზმს. ზოგადად, აღმოსავლური კულტურა იზიდავს ქართველ დამსვენებლებს. ინდოეთისა და იაპონიის შემდეგ, ახლა ჩინეთზე მოხდება ყურადღების გამახვილება.
შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ასოციაციაში ჩინური კომპანიების მომართვა, რომლებიც გამყვან ტურიზმში ოპერირებენ, უკვე დაიწყო“, – აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ.
როგორც მან განმარტა, მოსალოდნელია, რომ ჩინეთთან პირდაპირი ფრენების რეისები გახშირდება.
„ჯანსაღი კონკურენცია მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით. შესაბამისად, ავიამიმოსვლის სიხშირის გაზრდის გადაწყვეტილება ალბათ იქნება მიღებული ავიაკომპანიების მხრიდან, მოთხოვნის ზრდის ფონზე. კონკურენცია, რომელიც გაზრდილი იქნება გამყვანი ტურიზმის ჭრილში, რა თქმა უნდა, ფასებსაც დააბალანსებს. ეს არის ჯანსაღი კონკურენციის შედეგი“, – განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.
მისი თქმით, მიმოსვლის გამარტივება, ბიზნესისთვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის, ისე ექსპორტის კუთხით.
„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ორმხრივ მიმოსვლას გაამარტივებს, ბიზნესზე დადებითად აისახება. შესაბამისად, არა მარტო ტურიზმი, არამედ ღვინის ინდუსტრია და ასევე ნებისმიერი საცალო სავაჭრო თუ საბითუმო აქტივობები უფრო მეტს ინტერესს გამოიწვევს. გაიზრდება ინტერესი ექსპორტის კუთხითაც“, – აღნიშნა ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ნატა კვაჭანტირაძის განმარტებით, საქართველო ჩინელი ტურისტებისთვის ძირითადად კულტურული და ღვინის ტურიზმით იქნება მიმზიდველი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ჩინელი ტურისტები მაღალმხარჯველუნარიანობითაც გამოირჩევიან.
„ზოგადად, ჩინელი ტურისტი ნებისმიერი ქვეყნისთვის სასურველი ტურისტია. მათი მხარჯველობითი წილი საკმაოდ მაღალია ტურიზმის შემოსავლებში ევროპის ბევრ ქვეყანაში, -ში და ა.შ. მხოლოდ დაბალანსების ნაწილზეა აქცენტი გასაკეთებელი იმისთვის, რომ კარგი ტურისტული შეთავაზებები იყოს გაკეთებული და ინტერესი იყოს მიზნობრივი და არ იყოს აქცენტი მხოლოდ რაოდენობაზე გაკეთებული.
ჯგუფური ტურიზმი არის ძალიან კარგად ორგანიზებული, გათვლილი და ამ კუთხით ბიზნესმა უნდა იზრუნოს, რომ შეთავაზებები გაკეთდეს სწორ პაკეტებზე. ჩინელი ტურისტებისთვის ქვეყანა საინტერესოა კულტურულ და ღვინის ტურიზმის ჭრილში, ასევე ეკო და სათავგადასავლო მიმართულებებით.
ასევე ძალიან პოპულარულია შოპინგ ტურები, განსაკუთრებით ეს არის ევროპის მიმართულებით, თუმცა საქართველო თავისი მნიშვნელობით შეიძლება იყოს წარმოდგენილი უმთავრესად კულტურული და ღვინის ტურიზმით“, – განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.