ჩინური მანქანები ქართული ბაზრის მოცვას აგრძელებს

საქართველოში ჩინური ავტომობილების შემოყვანა ძალიან გახშირდა. უმთავრესი მიზეზი, რასაკვირველია, მანქანების სიიაფეა. ავტობიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები ამბობენ, რომ ბაზარზე ჩინეთის გააქტიურებამ შესაძლოა, სერიოზული პრობლემები მოიტანოს.
საქართველოს ბაზრით დაინტერესება ჩინური კომპანიებისგან იმდენად დიდია, რომ აქ ჩამოდიან და ბიზნესთან შეხვედრებს მართავენ. როგორც ირკვევა, ჩინური მხარე დაინტერესებულია, რომ თავიანთი წარმოების ავტომობილები საქართველოში გაყიდონ, განსაკუთრებული ინტერესი კი ელექტრომობილებზეა.
როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსი ნონიაძემ განაცხადა, ჩინელი ავტომწარმოებლები ფიქრობენ, რომ საქართველოში ავტომობილები ზღვით შემოვიდეს და მათი რეექსპორტი მეზობელ ქვეყნებშიც დაიწყოს.
“განსაკუთრებით აინტერესებთ ელექტრომობილების გაყიდვა ჩვენთან და რეგიონში. ასევე ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ტრანსპორტირება განხორციელდეს ზღვით. შემოვიდეს საზღვაო ხაზით და ლოგისტიკა ავაწყოთ ამ მიმართულებით კონტეინერებით. სურთ, რომ გაიყიდოს შიდა ბაზარზე და გავიდეს მეზობელ ქვეყნებში სომხეთსა და აზერბაიჯანში – ჯერჯერობით ეს ხედვა აქვთ. გამოიკვეთა ისეთი საკითხები და პრობლემები, რაზეც ჩვენ გავახმავილეთ ყურადღება, რომელზეც პასუხები გვჭირდება
ვინც ჩინურ ბაზარს და მათ მრეწველობას იცნობს, დამეთანხმება, რომ იქ წარმოებას სახელმწიფო ასუბსიდირებს. ჩინეთს უკვე აქვს ჭარბი მიწოდება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მათთვის ევროპისა და ამერიკის ბაზარი დაიკეტა. ახლა ეძებენ ალტერნატიულ ბაზრებს და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში.
ჭარბი მიწოდების შემთხვევაში სუბსიდირების პრობლემა შეიძლება დაუდგეთ, ამიტომ მათ გადაწყვიტეს ახალი ავტომობილი, რომელსაც ნულოვანი გარბენი აქვს, დაარეგისტრირონ მეორად ავტომობილად. ამ ავტომობილებზე ვითხოვთ გარანტიებს, რომელსაც ვერ გვაძლევენ. დავაყენეთ საკითხი ხარისხთან დაკავშირებით, ასევე დავაყენეთ საკითხი, ხომ არ იქნება საქართველოს მიმართ ექსკლუზიური ფასები, რომელიც ქვეყანას ჰაბის სტატუსს შეუნარჩუნებს”, – განაცხადა ნონიაძემ.
ჩინური ავტომობილების მოთხოვნის ზრდაზე ისაუბრა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარბაისელმაც. იგი პროცესს იმ მხრივ მიესალმება, რომ ჩინური ავტომობილები ახალია.
“მათ რესურსი გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე ძველი წლოვანების ტრანსპორტს, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ამას გადაწყვეტილად ვერ ვიტყვით, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, რაღაც ეტაპის გავლაა საჭირო იმისთვის, რომ გამოცდა ჩააბარონ მომხმარებლებთან, ვისთანაც ძირითადად ორი კრიტერიუმი – გამძლეობა და ეკონომიურობა მოქმედებს. ვნახოთ, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, როგორ დააკმაყოფილებენ ამ ორ კრიტერიუმს ჩინური ავტომობილები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება თქმა, რომ მომავალშიც შეიძლება იყოს მზარდი მაჩვენებელი.
ჩინურ ავტომობილებს რაღაც კონკრეტული გარბენის შემდეგ თუ მოუწია ავტოსერვისის ჩატარება, მაშინ, ვერ დააკმაყოფილებს მომხარებლის მოთხოვნას.
ხარისხთან და გამძლეობასთან დაკავშირებით ზოგადად თუ ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ თავდაპირველად, სადღაც 8-10 წლის წინ, როდესაც მცირე რაოდენობით შემოვიდა საქართველოში ჩინური ავტომობილები, იყო საშინელება. ახლანდელ, ჩინურ ავტომობილებთან დაკავშირებით კი პირადად მე შეხება არ მქონია, ამიტომ ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს ლაშა დარბაისელი.
ჩინეთიდან უმეტესწილად ელექტრომობილები შემოდის. ეს კი ის სფეროა, რომელშიც ჩინეთის ხელისუფლება დიდ ფსონს ჩამოდის. ბოლო წლებში, ქვეყნის ხელისუფლებამ სექტორის მხარდასაჭერად დიდძალი სუბსიდიები და საგადასახადო შეღავათები დააწესა, რამაც ჩინეთში ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიების ბუმი წარმოშვა. ამ ავტომობილების დიდი ნაწილი, მართალია, მხოლოდ შიდა ბაზარზე იყიდება, მაგრამ ბევრი ავტომწარმოებელი დიდი ექსპორტიორიც გახდა, რასაც მათ მიერ წარმოებული ავტომობილების რენტაბელურობა, ტექნოლოგიურობა და მრავალფეროვნება განაპირობებს.
შეიძლება ითქვას, რომ ჩინური ავტომობილები ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმშია, რამდენად შეძლებს ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრებას. რაც შეეხება ავტომობილების რეექსპორტს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საქართველო ამ შემთხვევაში ჰაბის ფუნქციას შეასრულებს თუ ვერა, რადგან ეს დამოკიდებულია სხვა ქვეყნებზე, რამდენად სურთ ჩინური ავტომობილების შეძენა.
საავტომობილო ბაზრის ექსპერტის, კომპანია „რობანი მოტორსის” დამფუძნებელის ელგუჯა ჯამაგიძის განცხადებით, ჩინეთის ასეთი გააქტიურება რომელიმე ბაზარს თამაშგარე მოდგომარეობაში ვერ დატოვებს.
“ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რის გამოც ჩინეთიდან ავტომობილების შემოყვანა გააქტიურდა არის დაბალი ფასი და მიწოდების სიმარტივე. ჩინელებმა ჩვენი მოთხოვნა გაითვალისწინეს და შესაბამისად, მოგვცეს ელექტრომანქანებიც. ისინი ცდილობენ, რომ ჩვენს ბაზარზე დაიმკვიდრონ თავი.
ხარისხთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, გამომდინარე იქიდან, რომ მე ამ მყოლია, მაგრამ არის ისეთი ჩინური მანქანები, რომლებიც უთანასწორდება ევროპულ და ამერიკულ მოდელებს და არის დაბალი დონის და ხარისხის ტრანსპორტიც. ასრებობს მოდელი ‘ურვა”, რომელიც ნამდვილად ძალიან კარგია და მისი ფასი არ არის დაბალი.
იქაური ჩინური კომპანიები ცდილობენ, რომ აქ ქსელი გააკეთონ. საქართველო ევროპის მიწოდებისთვის ახლოს არის, ისინი კი ვერ შედიან ევროპაში, რადგან რაღაც-რაღაც ბარიერებია და ამიტომ შეიძლება გააკეთონ პატარა წერტილები, სადაც გადმოზიდავენ მანქანებს. რაც არ გაიყიდება, ის წავა ექსპორტზე.
როგორც გითხარით, საქართველოს ბაზრით ინტერესდებიან და აქ შეხვედრებს მართავენ. ჩემთანაც იყო რამდენიმე კომპანია მოსული, მაგრამ ვერ დავინახე სოლიდური შემოთავაზება, ამიტომ ძალიან დიდი სურვილი არ გამომითქვას”, – ამბობს ჯამაგიძე.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ასეთმა გააქტიურებამ შესაძლოა, სამომავლოდ პრობლემები შექმნას. საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მევლუდ მელაძის თქმით, გამოწვევა მეტწილად დაკავშირებული იქნება მომსახურებასთან. ამჟამად, ახალ ავტომობილების ნაკლებად სჭირდება სერვისები, თუმცა სამომავლოდ გაჩნდება ავტონაწილებისა და ხელოსნების აუცილებლობა.
„ჩინური ბაზარი ძალიან დიდია და ბევრნაირი ავტომობილი ჰყავთ. პრობლემა რაც ჯერ არ ჩანს, მაგრამ იქნება აუცილებლად, ესაა სერვისი. ახალ მანქანას ნაკლებად სჭირდება ყურადღება, მით უმეტეს ელექტროს, რომელსაც არ აქვს შიდაწვის ძრავა, მაგრამ ძალიან მალე დადგება ის მომენტი, როცა მანქანის შეკეთება დასჭირდება მოქალაქეს. ეს კი გაჭირდება და დადგება მომენტი, როცა დაფიქრება მოუწევთ მყიდველებს. კომპანია, რომელიც ამ დროისთვის მოასწრებს სერვისის დახვეწას, დარჩება ბაზარზე. ბრენდები, რომლებიც ვერ მოახერხებენ სერვისის შეთავაზებას, ნელ-ნელა გაქრებიან“, – აღნიშნა მელაძემ.
ჩინეთიდან საქართველოში 2024 წლის პირველ ნახევარში 21 890 360 დოლარის ღირებულების 1 365 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, წლიურ ჭრილში ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ორჯერ არის გაზრდილი. რაც შეეხება ამ ავტომობილების ღირებულებას, გამოდის რომ საშუალოდ, წელს იმპორტირებული 1 ჩინური ავტომობილის ფასი 11-12 ათასის ფარგლებშია (მარკისა და მოდელის მიხედვით, ფასი შესაძლოა უფრო ნაკლები ან ძვირი იყოს).
რაც შეეხება ჩინური ავტომობილების წილს მთლიანად მსუბუქი ავტომობილების იმპორტში, „საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1 246 864 620 დოლარის ღირებულების 83 296 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 1 552 343 59- აშშ დოლარის ღირებულების 102 004 ერთეული. შესაბამისად, გამოდის, რომ მიმდინარე წელს მსუბუქი ავტომობილების იმპორტში ჩინური ავტომობილების წილი 1.6% იყო, მაშინ როცა 2023-ში ეს მაჩვენებელი – 0.8%-ს შეადგენდა.
წყარაო: რეზონანსი