„ჩინური კომპანიების ნაწილი განიხილავს ქართული მეორადი ავტომობილების ელექტრონული კომერციის პლატფორმების შესყიდვას“ – ჩინეთის ელჩი

„ჩინური კომპანიების ნაწილი განიხილავს ქართული მეორადი ავტომობილების ელექტრონული კომერციის პლატფორმების შესყიდვას“ – ჩინეთის ელჩი
„ბოლო დროს, რამდენიმე ჩინური ლოგისტიკური და ელექტრონული კომერციის კომპანია ეწვია საქართველოს და ინტერესი გამოთქვა მეორადი ავტომობილების ბაზრის მიმართ“, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ელჩი აღნიშნავს, ზოგიერთი ჩინური კომპანია დაინტერესებულია ქართული მეორადი ავტომობილების ელექტრონული კომერციის პლატფორმებით და განიხილავს მათ შესყიდვას.
„ბოლო დროს, რამდენიმე ჩინური ლოგისტიკური და ელექტრონული კომერციის კომპანია ეწვია საქართველოს და ინტერესი გამოთქვა ქვეყნის მეორადი ავტომობილების ბაზრის მიმართ. ზოგიერთი ჩინური კომპანია დაინტერესებულია ქართული მეორადი ავტომობილების ელექტრონული კომერციის პლატფორმებით და განიხილავს მათ შესყიდვას. ჩინური კომპანიები მიიჩნევენ, რომ „შუა დერეფნის“ მშენებლობით და E60 ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულებით, საქართველოს, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება“, – აცხადებს ჭოუ ციენი.
რის შესყიდვას განიხილავენ საქართველოში ჩინური კომპანიები
როგორც მანვე დასძინა, იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა (თიზ) და სხვა უპირატესობების მეშვეობით, ჩინეთ-საქართველოს შორის მეორადი ავტომობილებით ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობას დაიწყებენ.
„ჩინეთი ავტომობილების მსხვილი მწარმოებელი და მომხმარებელია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და სხვა უპირატესობების მეშვეობით, დავიწყებთ ჩინეთ-საქართველოს შორის მეორადი ავტომობილებით ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობას, აღმოვფხვრით სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ და სხვა დაბრკოლებებს და უფრო მეტი მეორადი ავტომობილის ექსპორტს განვახორციელებთ საქართველოში, რაც არა მხოლოდ საქართველოს ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, არამედ ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიასაც შეეხება“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა.
ცნობისთვის, ჩინეთი წელს მე-7 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველო მსუბუქ ავტომობილებს ყიდულობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ჩინეთიდან იმპორტირებულია 3 374 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რომელთა ჯამური ღირებულებაც 27.7 მილიონ დოლარს აღწევდა.
ეს კი მაშინ, როდესაც 2024 წლის შვიდ თვეში საქართველოში ჩინეთიდან შემოვიდა 1 665 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, ჯამური ღირებულება კი 26.3 მილიონი დოლარს შეადგენდა. ამ პერიოდში ჩინეთი უმსხვილეს ავტოიმპორტიორთა შორის მე-6 ადგილზე იყო.