6 აგვისტოს შანხაიში დაფუძნებული კომპანია Fourier Robotics ახალი ჰუმანოიდი რობოტის გამოშვებას აპირებს. მოდელს GR-3 ეწოდება და კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში მისი მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი იკვეთება. კომპანია GR-3-ს “ისტორიაში უსაყვარლეს ჰუმანოიდ რობოტად” მოიხსენიებს.
მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, GR-3-ის სიმაღლე 134 სანტიმეტრია. შედარებისთვის, კომპანიის მიერ ადრე გამოშვებული ჰუმანოიდი რობოტი GR-1 ზომაში 165 სანტიმეტრი, ხოლო GR-2 მოდელი 175 სანტიმეტრია. ვიდეოში ჩანს, რომ ახალ მოწყობილობას უფრო ფაქიზი დიზაინი აქვს და კეთილგანწყობილ იერს აძლევს.
დიდი ალბათობით, რობოტი საოჯახო და საგანმანათლებლო სივრცეებისთვისაა განკუთვნილი. მასში დიდი ენობრივი მოდელია ჩაშენებული, რაც რობოტს მომხმარებლებთან ბუნებრივად საუბრის საშუალებას აძლევს.
როგორც წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, GR-3 კომპანიონი და მზრუნველი რობოტის ფუნქციის შესასრულებლად არის დაპროგრამებული. მისი მიზანი ადამიანებისთვის საგანმანათლებლო და ემოციურად დადებითი ინფორმაციის მიწოდებაა.
Fourier Robotics-ის მიერ გამოშვებული პირველი ჰუმანოიდი რობოტი GR-1-ია. იგი 2023 წელს შეიქმნა და საათში 5კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. მას 3 კგ-მდე ტვირთის გადაზიდვა შეუძლია და მაღალი დონის ხედვის სისტემით არის აღჭურვილი. GR-2 მის წინამორბედზე უფრო მაღალია და 2024 წელს წარადგინეს. მას უკეთ შეუძლია მოძრაობა და ტაქტიკური სენსორებითაა აღჭურვილი.
ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ GR-3 კომპაქტური დიზაინისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარდება. ეს რობოტი კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის კომფორტული ტექნოლოგიის წარმოების ტრადიციას აგრძელებს და მისი სასიამოვნო დიზაინის წყალობით, შესაძლოა, ყოველდღიურ თანამგზავრადაც კი იქცეს.
Fourier Robotics-მა დაადასტურა, რომ GR-3-ის ოფიციალური პრეზენტაცია აგვისტოს დასაწყისშია დაგეგმილი. ამ განცხადებამდე კომპანიამ პლატფორმა X-სა და რობოტიკის ფორუმებზე საინტერესო სიახლეები დააანონსა, რამაც რობოტიკის ენთუზიასტებსა და მკვლევრებში დიდი მოლოდინი გააჩინა.
ოფიციალური წარდგენის შემდეგ GR-3, შესაძლოა, Fourier-ის პირველი სოციალური ჰუმანოიდი რობოტი გახდეს, რომელიც საოჯახო და სასკოლო სივრცეებში დაიკავებს ადგილს.
თუ კომპაქტურ დიზაინთან და საუბრის დახვეწილ უნართან ერთად რობოტს ხელმისაწვდომი ფასიც ექნება, დიდი ალბათობით, GR-3 ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ჰუმანოიდი რობოტი გახდება.
