„ჩინელ და იაპონელ ვიზიტორებს კახური ქვევრის ღვინო, განსაკუთებით მოსწონთ“ – მარანი „ველისციხური“

ქართულ ღვინოს უცხოეთის ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ველისციხეში მდებარე “მარანი ველისციხურის” დამფუძნებელი, მაია არუთინოვი “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, როგორც ჩინელ, ასევე იაპონელ ვიზიტორებს კახური ქვევრის ღვინო, მისი გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე განსაკუთებით მოსწონთ.
მაია არუთინოვის აზრით, სახელმწიფო მცირე მარნების მიმართულებით უფრო უნდა გააქტიურდეს და ხელშეწყობა გაზარდოს.
“ქართულ ღვინოს იმდენი ხნის ისტორია აქვს, როგორ შეიძლება, როგორც ჩინეთის, ასევე იაპონიის ბაზარზე დიდი მომავალი არ ჰქონდეს?! სახელმწიფომ ჩვენი ღვინის პოპულარიზაციაზე უნდა იზრუნოს, სწორი მარკეტინგული ჩართულობა აუცილებელია. როგორც ვიცით, დღეს რეკლამა ყველაფერია… ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია მევენახეებისთვის ხელის შეწყობა, რომ უფრო მეტად განვითარდეთ. დღეს გლეხს, მევენახეს განვითარების მიზეზი და სურვილი უნდა ჰქონდეს, ხელშეწყობა აუცილებელია.
“მარან ველისციხურში” ჩინელი და იაპონელი ვიზიტორები, რომ მოდიან, ღვინით აღფრთოვანებული რჩებიან. საკუთარი გამოცდილებით მინდა, გესაუბროთ. უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან ჩამოსულ ვიზიტორს დიდი მარნიდან, კომპანიიდან უკვე ნაყიდი ღვინო დაუტოვებია და ჩვენი ღვინით შეუცვლია, ეს ყველაფერი ხშირად ხდება… ამიტომ საჭირო, მცირე და საოჯახო მარნის განვითარებაში სახელმწიფო ჩაერთოს და ხელი შეგვიწყონ. როგორც ჩინელ, ასევე იაპონელ სტუმრებს განსაკუთრებით ქვევრის კახური ღვინო ძალიან მოსწონთ და ხშირად ამბობენ – ქართულ ღვინოს განსხვავებული გემოვნური თვისებები აქვს. ჩვენ კახეთის გულში ვიმყოფებით და როგორც საფრანგეთი ბორდოთი ამაყობს ამაყობს, ისე ვამაყობთ ჩვენ კახური ყურძნით. აქ ყურძენს სულ სხვა საგემოვნო თვისებები აქვს”, – აღნიშნავს მაია არუთინოვი.
ცნობისთვის, “მარანი ველისციხური” გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ველისციხეში მდებარეობს, სადაც 8 სახის ღვინის წარმოება ხდება. ვენახი კი, 10 ჰექტარს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, 12 მაისს ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. მათივე ცნობით, იაპონიაში, ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; მაგალითად, მიმდინარე წლის 4 თვეში, საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 71 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 21%-ით აღემატება.