ისრაელი, აზერბაიჯანი, ჩინეთი – ეს ის სამი ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებიც, ბოლო პერიოდში, საქართველოში, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული უძრავი ქონების შეძენით აქტიურობენ.
როგორ აისახა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მყიდველების გეოგრაფიაზე საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები, ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ უძრავი ქონების კომპანია Sakura Properties-ის დამფუძნებელმა ვიქტორია საკუროვამ ისაუბრა.
აზერბაიჯანელები თბილისში სასტუმროებს ყიდულობენ… ჩინელები უძრავ ქონებას კრიპტოვალუტით ყიდულობენ… აქტიურობენ ისრაელის მოქალაქეებიც – აცხადებს ვიქტორია საკუროვა, რომლის ინფორმაციითაც, წინა წლის ნოემბრიდან, სულ უფრო ნაკლებ ზარს იღებენ დასავლური კომპანიებისგან, რომლებიც ადრე საქართველოს უძრავ ქონებაში ინვესტირებით იყვნენ დაინტერესებულები.
„თუ ადრე, საქართველოში უძრავი ქონების შეძენის ინტერესს გამოთქვამდნენ როგორც ევროკავშირის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნები, პოლიტიკური სიტუაციის ცვლილების გამო, ბოლო ორ თვეში, გამოიკვეთა სამი ქვეყანა, საიდანაც ვხედავთ ინვესტორებს. ესენია: ძირითადად, ისრაელის, აზერბაიჯანის და ჩინეთის მოქალაქეები.
აღსანიშნავია, რომ ისრაელი აქამდეც აქტიური იყო, მაგრამ ახლა უფრო გააქტიურდნენ. ზოგადად, მათ ახასიათებთ ქონების შეძენა მაშინ, როცა ფასი შედარებით დაბალია და როგორც ჩანს, ახლა ხედავენ ამ შესაძლებლობას.
რაც შეეხება ჩინეთიდან გაზრდილ ინტერესს, საინტერესო ისაა, რომ ჩინეთში ბევრი შეზღუდვაა უცხოეთში უძრავი ქონების შეძენის კუთხით, ამიტომ ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში აქტიურად ყიდულობენ უძრავ ქონებას კრიპტოვალუტით, რაც შარშან დაიწყო და ეს ტენდენცია წელს გრძელდება. კერძოდ, ქონების გამყიდველს ან პირდაპირ კრიპტოვალუტას აძლევენ და ხდება ბინის გადაფორმება, ან კრიპტოვალუტას ახურდავებენ დოლარზე. შარშან დეკემბერში, ჩინეთში ვიყავი გამოფენაზე და მართალია, ბევრმა არ იცოდა საქართველოს შესახებ, მაგრამ როცა ვუყვებოდი, რომ ჩვენთან უძრავი ქონების კრიპტოვალუტით შეძენაა შესაძლებელი, ინტერესდებოდნენ. ჩინელების აქტიურობას ხელს უწყობს ის ფაქტორიც, რომ ორ ქვეყანას შორის უკვე უვიზო მიმოსვლაა.
აზერბაიჯანის მოქალაქეები კი, აქტიურად ეძებენ საქართველოში სასტუმროებს. შარშანაც რამდენიმე დიდი სასტუმრო იყიდეს აზერბაიჯანელმა ინვესტორებმა და წელსაც ვხედავთ, რომ აქტიურობენ“, – განაცხადა უძრავი ქონების კომპანიის მფლობელმა.
„წერტილის“ წამყვანის კითხვაზე, იმ ფონზე, როცა ტურიზმის ინდუსტრიის ნაწილი აქტიურად საუბრობს სასტუმროების დახურვაზე ან პროფილის შეცვლაზე, რით აიხსნება აზერბაიჯანიდან მომდინარე აქტიურობა, ვიქტორია საკუროვა ვარაუდობს, რომ „აზერბაიჯანელები რაღაც პოტენციალს“ ხედავენ.
„დიახ, მართალია, რომ ძალიან ბევრი ცნობილი და არაცნობილი სასტუმრო იყიდება თბილისში და ეს ძირითადად ხდება ბეგრაუნდში ანუ სასტუმროების მფლობელები ყიდიან უძრავ ქონებას, მაგრამ საჯაროდ ეს ინფორმაცია არ გამოაქვთ. რატომ ყიდიან? ტურისტების რაოდენობა ბევრად შემცირდა, თუმცა ამ წლიდან, მოსალოდნელია მეტი ტურისტი ჩინეთიდან, რადგან უვიზო გვაქვს და ასევე, ინდოეთიდან, ვინაიდან პირდაპირი რეისებია და უკვე ბევრი ინდური კომპანია ხსნის ტურისტულ მიმართულებას საქართველოში, რაც საინტერესო ტენდენციაა“, – აღნიშნა ვიქტორია საკუროვამ.
