ჩინეთში #MeToo აქტივისტს “სახელმწიფოს წინააღმდეგ დივერსიისთვის” 5 წელი მიუსაჯეს

ჩინეთში ცნობილ #MeToo კამპანიის აქტივისტს “სახელმწიფოს წინააღმდეგ დივერსიისთვის” 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
BBC-ის თანახმად, სოფია ჰუანგ შუეჩინი (Sophia Huang Xueqin) პარასკევს, სასამართლოს პროცესიდან თითქმის 10 თვის თავზე გაასამართლეს.
შრომითი უფლებების აქტივისტს ვანგ ჯიანბინგს (Wang Jianbing), რომელიც სასამართლოზე ჰუანგთან ერთად წარდგა, სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
BBC-ის ინფორმაციით, 36 წლის სოფია ჰუანგი ჩინეთის #MeToo სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმა იყო, რომელიც სექსუალურ ძალადობის მსხვერპლთა შესახებ ისტორიებს აშუქებდა. ის, ასევე, ხმამაღლა საუბრობდა ქალთა დისკრიმინაციისა და სექსიზმის შესახებ, რომელსაც ის ჩინეთის ნიუსრუმებში აწყდებოდა.
ჩინეთის ხელისუფლებას არ განუმარტავს, თუ რატომ დაადანაშაულეს ეს ორი ადამიანი დივერსიაში. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მათი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ისინი დააკავეს იმის გამო, რომ რეგულარულად ატარებდნენ შეხვედრებსა და ფორუმებს ახალგაზრდებთან სოციალური პრობლემების განსახილველად.
2021 წელს ჰუანგი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული სამაგისტრო სტიპენდიის მისაღებად სასექსის უნივერსიტეტში მიემგზავრებოდა, როდესაც იგი ქალაქ გუანჯოუს აეროპორტში დააკავეს. 40 წლის ვანგ ჯიანბინგი ამ დრომ მასთან იმყოფებოდა. მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ორივე მათგანმა თვეები გაატარა სამარტოო საკანში, მათი წინასწარი პატიმრობის დროს, რომელიც თითქმის 1000 დღე გაგრძელდა. მათი სასამართლო პროცესი მხოლოდ 2023 წლის სექტემბერში დაიწყო.
2022 წელს BBC Eye-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივე მათგანი ისეთ სამარტოო საკნებში მოათავსეს, რომლებიც საიდუმლო ადგილებშია განლაგებული და ცნობილია, როგორც “შავი ციხეები”.
2021 წელს, Covid-ისა და საზოგადოების აღშფოთების ფონზე, ჩინეთის ხელისუფლებამ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე რამდენიმე აქტივისტი დაარბია.
„მათი ძალისხმევა და თავდადება შრომის, ქალთა უფლებებისა და უფრო ფართო სამოქალაქო საზოგადოების მიმართ არ აღიკვეთება ამ უსამართლო პროცესით, მათ წვლილს არც საზოგადოება დაივიწყებს. პირიქით, რადგანაც ზეწოლა გრძელდება და უსამართლობა იზრდება, მათნაირი აქტივისტების რაოდენობაც გაიზრდება”, – თქვეს ჯგუფში „თავისუფალი ჰუანგ ჩუეკინი და ვანგ ძიანბინგი”.
Amnesty International-მა პარასკევს მიღებულ განაჩენს “ბოროტი და სრულიად უსაფუძვლო” უწოდა.
“აქტივისტები წარმოაჩენენ, თუ რამდენად შეშინებულია ჩინეთის მთავრობა აქტივისტების ახალი ტალღით, რომლებიც ბედავენ, სხვების უფლებების დასაცავად ხმამაღლა ისაუბრონ. #MeToo აქტივიზმმა გააძლიერა სექსუალური ძალადობისგან გადარჩენილები მთელს მსოფლიოში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩინეთის ხელისუფლება ცდილობდა საპირისპირო გაეკეთებინა, აქტივიზმის აღმოფხვრით“, – თქვა “Amnesty International-ის ჩინეთის” დირექტორმა სარა ბრუკსმა.
გაურკვეველია, გაითვალისწინებენ თუ არა დაკავებულების მიერ უკვე მოხდილ დროს სასჯელის შესამცირებლად.
საზოგადოების რეაქცია სოფია ჰუანგის სასამართლო პროცესზე ადრე არაერთგვაროვანი იყო – ზოგიერთმა ეს საქმე ინტერნეტში გააკრიტიკა, ზოგი ფემინისტური მოძრაობის მოწინააღმდეგე კი მიესალმა განაჩენს.
ჩინეთში გენდერული უფლებებისა და სოციალური პრობლემების ბევრი ადვოკატი ონლაინ სივრცეში ანონიმურად დარჩენას არჩევს.
ხშირად, სახელმწიფო მედია და ნაციონალისტები მათ ინტერნეტ სივრცეში ადანაშაულებენ, რომ “მტრულად განწყობილი დასავლური ძალების აგენტები” არიან.