ცოტა ხნის წინ ჩინეთის დედაქალაქში, პეკინში, საფეხბურთო მატჩები გაიმართა. მათში უცნაური და გამორჩეული ის იყო, რომ მოთამაშეები არა ადამიანები, არამედ ჰუმანოიდი რობოტები იყვნენ. ისინი სამ-სამად 4 ჯგუფში გადაანაწილეს. ეს ინოვაციური დაპირისპირება ადამიანის ჩარევის გარეშე, მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული იყო. მსგავსი თამაში ჩინეთში პირველად გაიმართა. მისი მიზანი მოსალოდნელი ჰუმანოიდი რობოტების მსოფლიო თამაშების დემონსტრირება იყო.
ორგანიზატორების თქმით, მატჩის ძირითადი თავისებურება ის იყო, რომ ყველა მონაწილე რობოტი სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებდა. ადამიანები მათ არც ეხმარებოდნენ და არც აკონტროლებდნენ.
ვიზუალური სენსორებით აღჭურვილმა რობოტებმა ბურთის ამოცნობა და მოედანზე მოხერხებულად მოძრაობა შეძლეს. ისინი დაცემის შემდეგ საკუთარი ძალით წამოდგომასაც ახერხებდნენ. მეტი რეალურობისთვის რამდენიმე მათგანი საკაცითაც კი გაიყვანეს.
ჩინეთი ჰუმანოიდი რობოტების თითქმის ყველა სფეროში ჩართვაზე მუშაობს. სპორტულ შეჯიბრებებს, როგორიცაა მარათონი, კრივი და ფეხბურთი, საცდელ გარემოდ იყენებს.
Booster Robotics-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩენგ ხაომ, განაცხადა, რომ სპორტული შეჯიბრებები ჰუმანოიდი რობოტების გამოსაცდელად იდეალურია. ის როგორც ალგორითმების, ისე აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ერთიანი სისტემების განვითარებას ხელს უწყობს.
“მომავალში შეიძლება, ჰუმანოიდმა რობოტებმა ფეხბურთი ადამიანებთან ერთად ითამაშონ. ამისთვის კი სრული უსაფრთხოება საჭიროა”, — თქვა მან — “შეიძლება, თამაში ისე გაიმართოს, რომ შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ამ დროს ყურადღება გამახვილებული რეალურ შეტევით და თავდაცვით მოქმედებებზე იქნება. ამ გზით აუდიტორიის ნდობას მოვიპოვებთ. ისინი დაინახავენ, რომ რობოტები უსაფრთხოა”.
Booster Robotics-მა ტექნიკა ოთხივე უნივერსიტეტის გუნდს მიაწოდა. თითოეულმა მათგანმა საკუთარი კვლევითი ჯგუფის მიერ შემუშავებული ალგორითმი განავითარა. მათ შორის, აღქმა, გადაწყვეტილების მიღება, მოთამაშეთა განლაგება და პასების სტრატეგია (სიჩქარე, ძალა, მიმართულება და სხვა პარამეტრები).
ფინალურ შეხვედრაში ცინგხუას უნივერსიტეტის THU Robotics-მა ჩინეთის აგრარული უნივერსიტეტის Mountain Sea გუნდი 5:3 დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა.
“THU-მ შესანიშნავად ითამაშა”, — თქვა გამარჯვებული გუნდის მხარდამჭერმა — “მაგრამ აგრარული უნივერსიტეტის გუნდიც ძალიან ძლიერი იყო. მან ბევრი მოულოდნელობა შემოგვთავაზა”.
· გადახედვა მეცნიერება დნმ-ის საშუალებით ფოტორობოტის შექმნა შეგვიძლია — ახალი ერა კრიმინალისტიკაში დნმ-ის საშუალებით ფოტორობოტის შექმნა შეგვიძლია — ახალი ერა კრიმინალისტიკაში
· გადახედვა კოსმოსი კვლევის თანახმად, ქალაქის ჰაერი უფრო ტოქსიკურია, ვიდრე მთვარის მტვერი კვლევის თანახმად, ქალაქის ჰაერი უფრო ტოქსიკურია, ვიდრე მთვარის მტვერი
