ჩინეთში, წყლის საერთაშორისო ფორუმზე, კონკურსში „წყალი მთის“ 3 საუკეთესო ბრენდს შორის დასახელდა

გუანჯოუში, წყლის საერთაშორისო ფორუმ The 13th China International High-end Drinking Water Industry Expo 2025-ზე გამართულ კონკურსში „წყალი მთის“ 3 საუკეთესო ბრენდს შორის მოხვდა.
ჩინეთში სამი დღის განმავლობაში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმი აზიაში პრემიუმ წყლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენად ითვლება. მასზე წარმოდგენილნი იყვნენ ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან წყლის წამყვანი მწარმოებლები. ღონისძიების ყურადღების ცენტრში კი ბრმა დეგუსტაციის კონკურსი იყო, რომელშიც მონაწილეობა 100-ზე მეტმა ბრენდმა მიიღო.
„დეგუსტაცია სხვადასხვა ქვეყნებიდან მიწვეული 5 ჟიურის მიერ ჩატარდა. ბრმა ტესტირების ფორმატში ჟიურის წევრებს ბრენდების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რამაც ობიექტურობა და მიუკერძოებლობა უზრუნველყო.
კონკურსის შედეგად, „წყალი მთის“ 3 საუკეთესო ბრენდს შორის მოხვდა, რაც საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვან ნიშნულად ითვლება“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
როგორც „წყალი მთის“ ქარხნის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ქართული წყლის ბრენდი „წყალი მთის“ ჩინეთში, გუანჯოუში წყლის მე-13 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიზანი ჩინეთის ბაზრის შესწავლა, როგორია ტექნოლოგიური განვითარების დონის დადგენა და პარტნიორებთან თანამშრომლობის პექრპექტივები იყო.
ცნობისთვის, გასულ წელს საქართველომ მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტით 163 მილიონ 782 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ 254 207 940 ლიტრი წყალი გაყიდა. 2023 წელს კი 205 188 589 ლიტრი წყლის გაყიდვით კი შემოსავალი 131 მილიონ 541 ათასი დოლარი იყო.
საქართველოდან ჩინეთში მინერალური წყლის ექსპორტის მაჩვენებლები მცირეა. 2024 წელს ამ მიმართულებით სულ 335 ათასი დოლარის ღირებულების 248 147 ლიტრი წყალი გადაიზიდა, ხოლო 2023 წელს ექსპორტირებული 235 515 ლიტრი საქონლის მოცულობა 265 ათასს დოლარს არ აღემატებოდა.