უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ოლეგ ივაშჩენკოს განცხადებით, ჩინეთი რუსულ სამხედრო მრეწველობის ობიექტებს სპეციალურ ქიმიურ ნივთიერებებს, დენთსა და სხვადასხვა კომპონენტებს აწვდის.
ამის შესახებ დაზვერვის ხელმძღვანელმა 25 მაისს Ukrinform-ისთვის მიცემული ინტერვიუს ნაწყვეტში განაცხადა.
“ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია რუსეთის 20 ქარხნის შესახებ”. – თქვა ივაშჩენკომ ინტერვიუში.
მისი თქმით, 2025 წლის დასაწყისისთვის რუსულ დრონებში გამოყენებული ელექტრონული კომპონენტების 80% ჩინური წარმოშობისაა. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ასევე დააფიქსირა მინიმუმ ხუთი შემთხვევა, როცა ჩინეთმა რუსეთს სამხედრო ავიაციისთვის საჭირო ტექნიკა და სათადარიგო ნაწილები მიაწოდა.
მანამდე, 17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით ამარაგებს.
“დღეს ჩვენ გვაქვს ზოგადი ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან, დენთისა და არტილერიის შესახებ სადაზვერვო მონაცემებიდან”. – თქვა ზელენსკიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე.
“ვფიქრობ, შემდეგ კვირაში დეტალურად შეგვეძლება ავხსნათ, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ ჩინეთის წარმომადგენლები რუსეთის ტერიტორიაზე ზოგიერთი ტიპის იარაღის წარმოებაში იღებენ მონაწილეობას”. – დაამატა ზელენსკიმ.
წყარო: tabula.ge
