„ჩინეთი კულტურული თვალსაზრისით შორს არის ჩვენი ქვეყნისგან, გვჭირდება დრო რომ გაგვიცნონ “ – შოთა ბურჯანაძე

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ, იმ გავლენაზე ისაუბრა რაც ჩინეთთან უვიზო მიმოსვლას ტურიზმზე ექნება. როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ საქართველო ჩინეთის ბაზარზე პოპულარული გახდეს, დიდი მუშაობაა საჭირო, რადგან წლების მუშაობის მიუხედავად ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ცნობადობა მიღწეული ევროპის ქვეყნებთანაც კი.
„წლებია ვმუშაობთ ევროპის ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან და თითქმის შესისხლხორცებულნი ვართ ამ ხალხთან იმ კუთხით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კონფერენციები, ურთიერთობები. 600 მილიონიანმა ბაზარმა ვერ გაგვიცნო ჯერ და კიდევ იმდენი არის გასაკეთებელი. ჩვენ რა გვგონია, ვიზა რომ მოგვიხსნა ჩინეთმა, მაისის ბოლოს ჩინეთიდან დაიძვრება ტურისტი? არ არსებობს ასეთი რეალობა. პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი გვიჭირს ჩვენ ამ კუთხით, რადგან არჩევანი ძალიან დიდი და მრავალფეროვანია.
უცბად რომ ვინმე პატარა საქართველოზე გადაირიოს, წარმოუდგენელია. ამას წლები სჭირდება, ამაზე მუშაობს ტურიზმის ადმინისტრაცია. დღეს ჩვენ დან, სადაც ომია, მოვიზიდოთ ტურისტები და ვებრძოლოთ ევროპას, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, ან უცებ ჩინეთი გახდეს საქართველოს ამთვისებელი. ჩინეთი კულტურული თვალსაზრისით შორს არის ჩვენი ქვეყნისგან, მათთვის უინტერესო კი არ ვართ, აუცილებლად გავხდებით საინტერესო, მაგრამ ამას დრო სჭირდება.
ნამდვილად უნიკალური ქვეყანა ვართ, მაგრამ გვჭირდება დრო რომ გაგვიცნონ და გამოთქვან სურვილი აქ ჩამოსვლაზე, ამას სჭირდება ტურისტული გზამკვლევი და ინფრასტრუქტურა, რომ ჩამოსული ადამიანი ჩამოსვლის მერე არ ფიქრობდეს, რა გააკეთოს და სად წავიდეს“ – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.