ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა სტრატეგიულ პარტნიორებში, სადაც ღვინის ექსპორტში მინუსი გვაქვს – ლევან მეხუზლა

„ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში, სადაც მინუსი გვაქვს ღვინის ექსპორტის მხრივ“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა. მისი თქმით, სააგენტო პოზიტიურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ წლის ბოლოდან ჩინეთშიც იქნება ღვინის გაყიდვების ზრდა.
„ჩინეთში პანდემიის შემდეგ ღვინის მოხმარება მკვეთრად შემცირდა. ზოგადად, ჩინეთი არ იყო ტრადიციული ღვინის ქვეყანა. მას შემდეგ რაც ჩინეთი შემსყიდველუნარიანი სახელმწიფო და მოსახლეობა გახდა, 21-ე საუკუნიდან, მას მთელი მეღვინეობის სამყარო პერსპექტივით უყურებდა. ნელ-ნელა ინერგებოდა დასავლური ღვინის მოხმარების კულტურა. თუმცა, პანდემიის შემდეგ, 3-წლიანმა კრიზისმა, რადიკალურად შეცვალა ღვინისადმი მიდგომა და ჩინეთი თავის ტრადიციულ ალკოჰოლურ სასმელს დაუბრუნდა. თუმცა შარშანდელი წლის ბოლოდან, და წლევანდელი წლის დასაწყისიდან ღვინისკენ შემობრუნება შეინიშნება. ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში, სადაც მინუსი გვაქვს ღვინის ექსპორტის მხრივ. მაგრამ პოზიტიურად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოდან დადებითი ტენდენცია გვექნება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტი (თანხაში) პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზრებზე მთლიანი ექსპორტის 15% შეადგენს.
2024 წლის 6 თვის მონაცემებით ქართული ღვინის ექსპორტი პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზრებზე, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია პოლონეთში: რაოდენობაში 19% / თანხაში 17%-ით; გერმანიაში – რაოდენობაში 32%/თანხაში 25%-ით; ამერიკის შეერთებულ შტატებში – რაოდენობაში 54%/თანხაში 46%-ით.