ჩინეთი გერმანულ ავტომრეწველობაში ინვესტირებას გეგმავს – დეტალები

ჩინეთი ინტერესს გამოხატავს გერმანული საავტომობილო ქარხნების მიმართ, რომელთა დახურვაც იგეგმება, განსაკუთრებით Volkswagen-ის კონცერნის საწარმოების მიმართ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ამ საწარმოების შესყიდვა ჩინეთს საშუალებას მისცემდა, გაეძლიერებინა გავლენა გერმანულ საავტომობილო მრეწველობაზე.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, კონკრეტულად რომელ ჩინელ ინვესტორებზეა საუბარი.
„როიტერის“ ცნობით, Volkswagen-ი, პროფკავშირების მკაცრი წინააღმდეგობის მიუხედავად, დრეზდენისა და ოსნაბრიუკის ქარხნების დახურვის ან მათი შესაძლო გაყიდვის საკითხს განიხილავს. ამასთან ერთად, ჩინური კომპანიები შეშფოთებულნი არიან გერმანული პროფკავშირების რეაქციით, რომლებიც სამუშაო ადგილების გარანტიებსა და წარმოების შენარჩუნებას მოითხოვენ.
„როიტერის“ წყარო აღნიშნავს, რომ ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება გერმანიის ახალი მთავრობის პოზიციაზე, რომლის შემადგენლობაც ცნობილი გახდება 23 თებერვლის რიგგარეშე საპარლამენტო ს შემდეგ.
პეკინიდან ინვესტიციები ნიშნავს კონკურენციის გაძლიერებას ჩინურ და გერმანულ ავტომწარმოებლებს შორის. Volkswagen-მა უარი განაცხადა, კომენტარი გაეკეთებინა შესაძლო ჩინური ინვესტიციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათი მიზანია ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ფირმისა და მისი თანამშრომლების ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პეკინმა გერმანულ ფირმებს დიდი შესაძლებლობები მისცა ჩინურ ეკონომიკაში ინვესტიციების განსახორციელებლად. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იმედოვნებს, რომ გერმანული მხარეც დარჩება ღია და შექმნის სამართლიან, „არადისკრიმინაციულ“ ბიზნესგარემოს ჩინური კომპანიებისთვის.
წყარო: 1 არხი