ჩინეთის ავტოინდუსტრიის მოგებიანობა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 4.4%-მდე შემცირდა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. ის მხოლოდ 2024 წელს იყო უფრო დაბალი, როდესაც მოგების მარჟა 4.3%-მდე დაეცა. ამის შესახებ CarNewsChina ჩინეთის მსუბუქი ავტომობილების ასოციაციის გენერალურ მდივანზე დაყრდნობით იტყობინება.
საშუალოდ, საავტომობილო ინდუსტრიის ჯაჭვში მთლიანი შემოსავალი თითო ავტომობილზე დაახლოებით 45,800 აშშ დოლარი იყო, ხოლო მთლიანი შემოსავალი მხოლოდ 2,000 აშშ დოლარამდე.
წარმოების მასშტაბის ზრდის მიუხედავად, ინდუსტრია კვლავაც ხარჯებისა და კონკურენციის ძლიერი ზეწოლის ქვეშ აგრძელებს მუშაობას.
ჩინეთის საავტომობილო ინდუსტრიის მთლიანმა შემოსავალმა თერთმეტი თვის განმავლობაში 1.42 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 8.1%-ით მეტია. თუმცა, ხარჯები უფრო სწრაფად, 9%-ით, 1.26 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ინდუსტრიის მთლიანმა მოგებამ 62.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.5%-ით მეტია, თუმცა ეს მოგებიანობის გასაუმჯობესებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ექსპერტები სუსტ ფინანსურ მაჩვენებლებს ორ ძირითად ფაქტორს მიაწერენ. ერთი მხრივ, ხარჯები კვლავ იზრდება, განსაკუთრებით აკუმულატორების ნედლეულის ფასების რყევებისა და შრომის ხარჯების ზრდის გამო. მეორე მხრივ, ელექტრომობილებსა და ტრადიციულ ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს შორის შიდა კონკურენცია მწვავდება. ახალი ელექტრომობილების სეგმენტში დაწყებული ფასების ომი თანდათან გავრცელდა შიდა წვის ძრავების ბაზარზე, რამაც კიდევ უფრო შეამცირა მწარმოებლების მოგება.
ნოემბერში სიტუაცია გარკვეულწილად გაუმჯობესდა. თვის განმავლობაში ინდუსტრიის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 9.7%-ით გაიზარდა და 162.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა ხარჯები კიდევ უფრო სწრაფად, 11.4%-ით გაიზარდა. ნოემბრის მოგებამ 7.23 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 39.2%-ით მეტია, ხოლო მოგების მარჟა ოქტომბრის 3.9%-იანი მაჩვენებლის შემდეგ 4.4%-ს დაუბრუნდა.
სულ, 2025 წლის იანვრიდან ნოემბრამდე ჩინეთში 31.09 მილიონი ავტომობილის წარმოება განხორციელდა რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია.
ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოება 27%-ით გაიზარდა და 14.53 მილიონ ერთეულს მიაღწია, რაც მთლიანი წარმოების 47%-ს შეადგენს. ბენზინზე მომუშავე ავტომობილების წარმოება პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და 16.57 მილიონ ერთეულს შეადგენს.




