ჩინეთის მიზანია, წლის ბოლომდე აღმოფხვრას ჰაერის მწვავე დაბინძურების პრობლემა – Reuters

ჩინეთის მიზანია, 2025 წლის ბოლომდე ეფექტურად აღმოფხვრას ჰაერის მწვავე დაბინძურება – ამის შესახებ Reuters-ი გარემოს დაცვის სააგენტოს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი უწყება “ლურჯი ცისთვის ბრძოლაში” ჰაერის დაბინძურების კონტროლის მექანიზმის გაძლიერებასა და ემისიების შემცირებას გეგმავს.
ატმოსფერული გარემოს დეპარტამენტის დირექტორი, ლი ტიანვეი აცხადებს, რომ ჩინეთი გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხის კონტროლისა და წინასწარი გაფრთხილების სისტემებს, ასევე კოორდინირებულ მუშაობას ჰაერში PM2.5 მყარი ნაწილაკებისა და ოზონით დაბინძურების შესამცირებლად.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად პროგრესისა, ჰაერის დაბინძურება ჩინეთისთვის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რომელიც ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრების ხარისხზეც აისახება. ჯანმოს ცნობით, ჰაერის დაბალი ხარისხის გამო ჩინეთში წლიურად ორი მილიონი ადამიანი იღუპება, ძირითადი გამომწვევი მიზეზი კი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაა.
ჯანმოს სტანდარტით, ჰაერის “მწვავე” დაბინძურებად ითვლება, როდესაც ერთ კუბურ მეტრზე PM2.5-ის კონცენტრაცია 50 მიკროგრამს აღემატება. ლი ტიანვეის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია, საშუალოდ, 29.3 მიკროგრამი იყო, რაც წლიურად 2.7%-იანი შემცირებაა.
იმისთვის, რომ ჩინეთმა მიზანს მიაღწიოს, ემისიების შესამცირებლად საერთაშორისო სტანდარტი უნდა დანერგოს. ლი ტიანვეი აცხადებს, რომ გეგმის განხორციელებისთვის მთავრობა აეროპორტებში, პორტებსა და ლოგისტიკურ პარკებში მექანიკურ ტექნოლოგიებს განაახლებს. ამასთან, ჩინეთი აპირებს, გრძელ მარშრუტზე გადაზიდვებისთვის სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტირება წაახალისოს.
წყარო: bm.ge