ჩინეთის ელჩი – უთანასწორო სიტუაცია, როცა რამდენიმე ქვეყანა გლობალური მმართველობის მონოპოლიზაციას ახდენს, არ უნდა გაგრძელდეს – ყველა ქვეყანას აქვს უფლება თანაბრად მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო საქმეებში

ყველა ქვეყანას, დიდს თუ პატარას, ძლიერს თუ სუსტს, მდიდარს თუ ღარიბს, აქვს უფლება თანაბრად მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო საქმეებში. ის უთანასწორო სიტუაცია, როდესაც რამდენიმე ქვეყანა გლობალური მმართველობის მონოპოლიზაციას ახდენს, არ უნდა გაგრძელდეს,- ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა ჩინელი ხალხის იაპონიის აგრესიასთან ბრძოლისა და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ელჩის შეფასებით, დღესდღეობით არასტაბილური მდგომარეობა პროგრესირდება, ხშირია რეგიონული არეულობა, ეკონომიკური განვითარება შეფერხებულია, იზრდება გლობალიზაციის საწინააღმდეგო განწყობა, იგრძნობა წესებისა და კანონის უზენაესობის ნაკლებობა და მმართველობის დეფიციტი.
დიპლომატის განმარტებით, აღნიშნული გამოწვევების ფონზე, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გლობალური მმართველობის სისტემის შემუშავება და მისი გაუმჯობესება.
„მიმდინარე თვის დასაწყისში, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა თიენძინში გამართულ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) +“ კონფერენციაზე გლობალური მმართველობის ინიციატივა წამოაყენა და მის გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად საკუთარი გეგმა წარადგინა. აღნიშნული ინიციატივა შეესაბამება ყველა ქვეყნის ხალხის უნივერსალურ მისწრაფებებს და დღევანდელი მსოფლიოს გადაუდებელ საჭიროებებს.
გლობალური მმართველობის ინიციატივა ხუთ ძირითად კონცეფციას მოიცავს: სუვერენული თანასწორობის დაცვა, საერთაშორისო სამართლის უზენაესობის დაცვა, მულტილატერალიზმის მიხედვით მოქმედება, ხალხზე ორიენტირებული მიდგომა და მოქმედებაზე ორიენტირება. ეს ხუთი კონცეფცია განმარტავს იმ პრინციპებს, მეთოდებსა და გზებს, რომლებსაც უნდა მივყვეთ გლობალური მმართველობის რეფორმირებისა და სრულყოფისთვის.
სუვერენული თანასწორობა გლობალური მმართველობის მთავარი წინაპირობაა. ყველა ქვეყანას, დიდს თუ პატარას, ძლიერს თუ სუსტს, მდიდარს თუ ღარიბს, აქვს უფლება თანაბრად მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო საქმეებში. ის უთანასწორო სიტუაცია, როდესაც რამდენიმე ქვეყანა გლობალური მმართველობის მონოპოლიზაციას ახდენს, არ უნდა გაგრძელდეს. საერთაშორისო სამართლის უზენაესობა გლობალური მმართველობის ფუნდამენტური გარანტიაა. საერთაშორისო სამართალი და წესები ის საერთო პრინციპებია, რომლებიც ყველა ქვეყანამ ერთობლივად უნდა დაწეროს, შეინარჩუნოს, დაიცვას და განახორციელოს. გამონაკლისები არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს. მულტილატერალიზმი გლობალური მმართველობის ფუნდამენტური გზაა. გლობალური მმართველობა ყველას საქმეა, ის ყველა ქვეყნის უშუალო ინტერესებზე ახდენს გავლენას, უნდა ეფუძნებოდეს კოორდინაციასა და თანამშრომლობას და არა ცალმხრივ ჩაგვრას. ხალხზე ორიენტირებული მიდგომა გლობალური მმართველობის ძირითადი ფასეულობაა. გლობალური მმართველობა გულისხმობს ყველა ქვეყნის ხალხის უკეთესი ცხოვრებისკენ სწრაფვის რეალობად ქცევას და ისეთი სამყაროს ერთობლივად შექმნას, სადაც ყველას შეეძლება კეთილდღეობით ტკბობა. მოქმედებაზე ორიენტირება გლობალური მმართველობის მთავარი პრინციპია. გლობალური მმართველობის სიცოცხლისუნარიანობა პრაქტიკიდან მომდინარეობს, მთავარი მოქმედებაა, საბოლოო მიზანი კი – შედეგის დანახვა. ყურადღება უნდა გავამახვილოთ აწმყოსა და გრძელვადიან პერსპექტივაზე და გადავჭრათ ის რეალური პრობლემები, რომლებიც ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებს აწუხებთ.
ამ ინიციატივის არსი თავსებადია გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებთან, განსაკუთრებით კი სუვერენული თანასწორობის პრინციპთან. ჩინეთი ყოველთვის იცავდა იმ აზრს, რომ ყველა ქვეყანა, ზომის, ძალის და სიმდიდრის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოების თანასწორი წევრია და მათ თანაბრად უნდა მოეპყრონ, ხოლო პრობლემები კონსულტაციების გზით უნდა გადაწყდეს. როგორც ყველაზე უნივერსალური, წარმომადგენლობითი და ავტორიტეტული სამთავრობათშორისო საერთაშორისო ორგანიზაცია, გაერო საუკეთესო პლატფორმაა ყველა ქვეყანას შორის თანასწორი დიალოგისა და მოლაპარაკებებისათვის. ზოგიერთი ქვეყანა უნილატერალიზმს მისდევს და გაეროს მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა იგი მის ინტერესებთან თავსებადობაში მოდის, რაც სერიოზულად მოქმედებს საერთაშორისო წესრიგსა და სისტემაზე.
ინიციატივის მიზანია მტკიცედ დაუჭიროს მხარი გაეროს ცენტრალურ როლს საერთაშორისო საქმეებში და მოუწოდოს ყველა ქვეყანას, გაეროსა და სხვა მულტილატერალურ მექანიზმებზე დაყრდნობით, მონაწილეობა მიიღოს გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმასა და განვითარებაში, რათა დროს ფეხი აუწყოს და უფრო ეფექტურად უპასუხოს ჩვენი დროის გამოწვევებს”,- განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთმანეთის თანასწორად მოპყრობით, ჰარმონიაში ცხოვრებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით შეუძლია ყველა ერსა და ხალხს დაიცვას საერთო უსაფრთხოება, აღმოფხვრას ომის ძირითადი მიზეზები და თავიდან აიცილოს ისტორიული ტრაგედიების განმეორება.
„მშვიდობის დასაფასებლად და უკეთესი მომავლის შესაქმნელად, ჩვენ სიბრძნე და ძალა უნდა მივიღოთ ისტორიიდან, ურყევად უნდა მივყვეთ მშვიდობიანი განვითარების გზას, მტკიცედ დავიცვათ მეორე მსოფლიო ომის მიღწევები და ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგი და საფუძველი ჩავუყაროთ უფრო ნათელ მომავალს. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ დღეს კაცობრიობა კვლავ დგას არჩევანის წინაშე მშვიდობასა და ომს, დიალოგსა და დაპირისპირებას, თანასარგებლიანობასა და ნულოვან ჯამს შორის. ისტორია გვაფრთხილებს, რომ კაცობრიობის ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ყველა ქვეყანა გაკვეთილს მიიღებს ისტორიიდან, დააფასებს მშვიდობას და ერთად შექმნის უკეთეს მომავალს კაცობრიობისთვის.
ჩინეთმა და საქართველომ, ორივემ დიდი მსხვერპლი გაიღო მეორე მსოფლიო ომის დროს და ორივეს კარგად ესმის, რამდენად რთულია მშვიდობის მოპოვება და განვითარება. ორივე ქვეყანა დიდი ხანია მტკიცედ უჭერს მხარს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ავტორიტეტსა და წამყვან როლს. დღევანდელ მსოფლიოში, კაცობრიობა უკვე იქცა საერთო მომავლის მქონე საზოგადოებად, რომელშიც ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულნი. ჩინეთი მოუთმენლად ელის მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობის გაძლიერებას. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის პრინციპების საფუძველზე“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
(R)