ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან

ჩინეთის ეკონომიკა მაოს შემდეგ
ჩინეთს დღემდე ერთპიროვნულად კომუნისტური პარტია მართავს, მოქმედებს მაო-ძედუნის კულტი. ლენინის მსგავსად მისი ცხედარიც მავზოლეუმშია დასვენებული, მისი 2000-მდე ძეგლი ქვეყნის მასშტაბითაა მიმოფანტული. იუანის ყველა ნომინალის ბანკნოტზე მაო-ძედუნია გამოსახული… პარალელურად ეკონომიკური მიმართულებით ჩინეთი კაპიტალისტურია, დაშვებულია როგორც მცირე მეურნეობების, ასევე მსოფლიო მასშტაბის საწარმოების ფლობა.
რეალურად დღევანდელი ჩინეთის ფორმირებაში მთავარი წვლილი დენ-სიაოპინსა და მის რეფორმებს მიუძღვის. ის რაც, საბჭოთა იმპერიაში, “პერესტროიკის” დროს შეუძლებელი აღმოჩნდა, ჩინეთმა ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებით განახორციელა და გეგმური ეკონომიკიდან საბაზროზე სისტემის ჩამოშლის გარეშე გადავიდა.
1976 წელს, მაოს მმართველობის ბოლოს, ცალკე აღებული შვეიცარიისა და ცალკე აღებული ნიდერლანდების ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკას აღემატებოდა.
მშპ 2015 წლის მუდმივ ფასებში 1976 წელს (მლრდ. დოლარი)
ერთ სულ მოსახლეზე დათვლით, 50 წლის წინ, ჩინეთს რუანდა, ლესოთო, ტანზანია და ბენინი უსწრებდა. 50-იან 60-იან წლებში ჩინეთი დასავლური სამყაროსგან იზოლირებულ უღარიბეს სახელმწიფოს წარმოადგენდა. მაოს პროგრამა “დიდმა ნახტომმა წინ” მინიმუმ 20 მლნ ადამიანის შიმშილით სიკვდილი გამოიწვია.
70-იან წლებში მდგომარეობის ცვლილება იწყება. 1971 წლამდე ჩინეთს გაეროში ტაივანი წარმოადგენდა და ვეტოს უფლებაც მასვე ეკუთვნოდა. 1971 წელს კუნძული კონტინენტურმა ჩინეთმა ჩაანაცვლა. 1972 წელს, ჯერ კიდევ მაოს დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი პეკინს ეწვია. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები სრულყოფილად 1979 წელს აღდგა.
თუ დღეს გარკვეული მოსაზრების თანახმად, ჩინეთის დამაბალანსებელ ძალად განიხილება, ნახევარი საუკუნის წინ მდგომარეობა პირიქით იყო და ვაშინგტონში მოსკოვის შემაკავებელ ძალად პეკინს განიხილავდნენ.
დასავლურ სამყაროსთან პოლიტიკურმა კავშირებმა და რაც მთავარია ძირეულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა, რომელშიც უპირველესად კერძო საკუთრების დაშვება იგულისხმება, საკმაოდ სწრაფი ზრდა აჩვენა. თუ მაოს დროს, ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 1.3%-ს შეადგენდა, დღეს ის 19.2%-მდეა გაზრდილი.
ჩინეთის მშპ და მისი წილი მსოფლიო ეკონომიკაში ფოტო: მსოფლიო ბანკი
1991 წელს, ჩინეთის ეკონომიკა უკვე უსწრებდა კრიზისში მყოფ რუსეთის ეკონომიკას, 2001 წელს ჩინეთმა გერმანიას, ხოლო 2005 წელს იაპონიასაც გაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზეა დღესაც და პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს. წინასწარი ინფორმაციით 2025 წელს გლობალური ეკონომიკა 3.2%-ით, ხოლო ჩინეთის ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა, რაც ჩინეთის წილის კიდევ უფრო მეტად ზრდის დამადასტურებელი მაჩვენებელია.
მიმდინარე ფასებში გაზომილ მშპ-ის მიხედვით, გრძელვადიან პერიოდში ტრენდი იგივეა, მაგრამ არის განსხვავებებიც და ჩინეთი მეორე ადგილზე მხოლოდ 2010 წელს გადადის. მიმდინარე ფასებზე, გარდა ინფლაციისა ვალუტის კურსის ცვლილებაც მოქმედებს. ლარის გაუფასურების გამო, 2015 წელს, რეალური ეკონომიკის 3.4%-იანი ზრდის პირობებში, დოლარში დათვლილი საქართველოს ეკონომიკა 18-დან 15.2 მლრდ-მდე შემცირდა. ანალოგიური მიზეზით, იაპონური იენის გაუფასურების გამო, იაპონიამ 2023 წელს მესამე ადგილი გერმანიას დაუთმო. რეალურ სურათში არც იაპონიის მშპ შემცირებულა და არც გერმანიის გაზრდილა სწრაფად. სწორედ მსგავსი გაუგებრობების თავიდან ასარიდებლად, მუდმივ ფასებში დათვლილი მშპ გამოიყენება, რომელიც რეალობას უფრო მეტი სიზუსტით ასახავს.
2015-2016 წლებში როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო მედიაში, ითქვა, რომ ჩინეთმა უკვე გაუსწრო შეერთებულ შტატებს და პირველი ადგილი დაიკავა. გარკვეულწილად ეს ასეცაა და ამ შემთხვევაშიც საქმე ისევ მეთოდოლოგიასთან გვაქვს. პირველი ადგილი ჩინეთმა PPP მეთოდით დაიკავა. სხვადასხვა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები განსხვავებულია. ღარიბ ქვეყანაში, როგორც წესი პროდუქტი და განსაკუთრებით სერვისები უფრო იაფი ღირს ვიდრე მდიდარში. 100 დოლარად ინდოეთში უფრო მეტი პროდუქციისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი ვიდრე საქართველოში და საქართველოში უფრო მეტის, ვიდრე შვეიცარიაში. მსყიდველუნარიანობის შესაფასებლად შემოღებულია პირობითი ვალუტა საერთაშორისო დოლარი, რომლის კურსიც დოლარის იდენტურია. ჩინეთი შეერთებულ შტატებზე ღარიბი ქვეყანაა და იქ ცხოვრებაც უფრო იაფია. 1 დოლარსაც პეკინში მეტი ძალა აქვს, ვიდრე ვაშინგტონში. ჩინეთმა აშშ-ს PPP მეთოდით მიმდინარე ფასებში 2014 წელს და მუდმივ ფასებში დათვლით 2016 წელს გაუსწრო. აქ ერთი დეტალია გასათვალისწინებელი. PPP მეთოდი, როგორც წესი ერთ სულ მოსახლეზე დათვლისას გამოიყენება, ასე რომ როგორც სახელმწიფო, პირველ ადგილზე 2026 წლის მდგომარეობით ისევ შეერთებული შტატებია.
ჩინეთი VS აშშ ეკონომიკური ზრდის ტემპით
კითხვაზე, როდის გაუსწრებს ჩინეთი აშშ-ს ზუსტი პასუხის გასაცემად ზუსტად უნდა ვიცოდეთ როგორც შეერთებული შტატების, ასევე ჩინეთის მშპ-ის ზრდის ტემპი მომდევნო წლებში. რადგან ამის წინასწარ ცოდნა შეუძლებელია, ზუსტი პასუხიც არ არსებობს, შეიძლება მხოლოდ მიახლოებითი პასუხი ვთქვათ, რომ არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ეს მომდევნო 15-25 წელიწადში მოხდება.
1977 წლიდან მოყოლებული, 2024 წლის ჩათვლით 48-დან 48-ვე შემთხვევაში ჩინეთში წლიურად ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე შეერთებულ შტატებში. ორ სახელმწიფოს შორის კოლოსალური სხვაობაც სწორედ ამის ხარჯზე შემცირდა.
ჩინეთისა და შეერთებული შტატების მშპ-ის ზრდის ტემპი
ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, აშშ-ის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 3%-ით, ხოლო ჩინეთის ეკონომიკა 9%-ით იზრდებოდა. ჩინეთმა ორნიშნა პროცენტული ზრდა 17-ჯერ დააფიქსირა, შეერთებულმა შტატებმა — ვერც ერთხელ. აშშ-ს 5-ჯერ უარყოფითი ზრდაც ჰქონდა, ჩინეთს — არც ერთხელ. ჩინეთის ეკონომიკა კრიზისების დროსაც კი იზრდებოდა, მათ შორის 2009 და 2020 წლებში. საერთო შთამბეჭდავი რიცხვების მიღმა, გრაფიკზე მრუდის დახრილობაც შეინიშნება. 2001-2012 წლებში საშუალო წლიური ზრდის ტემპი 10%-ს უდრიდა, 2013-2024 წლებში — 6%-ს. 2010 წლის შემდეგ, ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით ჩინეთი აღარ გაზრდილა. ზრდის ტემპის შენელებამ, რაც პრაქტიკულად გარდაუვალ მოცემულობას წარმოადგენდა, პირველ ადგილზე დაწინაურების პერიოდი დროში მნიშვნელოვნად გადაავადა.
იაფი მუშახელისა [1] და მასშტაბის ეფექტის გათვალისწინებით ჩინეთი ერთგვარ მსოფლიო საწარმოდაა ქცეული. $3.8 ტრლნ-ით ის #1 ექსპორტიორია და უახლოეს მდევარს შეერთებულ შტატებს $1.6 ტრლნ-ით უსწრებს. ამასთან, ჩინეთს $1.2 ტრლნ-ის დადებითი ბალანსი გააჩნია (ექსპორტი მეტია იმპორტზე) აშშ-ს კი — $1.3 ტრლნ-იანი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი.
საგარეო ვაჭრობის ბალანსი (მლრდ. აშშ დოლარი) ფოტო: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
ჩინეთი — მესამე სამხედრო ძალა
ზესახელმწიფოდ ფორმირებისთვის ეკონომიკური სიძლიერე აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობაა. შეფასებების მიხედვით, აშშ-ისა და რუსეთის შემდეგ, ჩინეთს სიძლიერით მესამე არმია ჰყავს. რიგ კომპონენტში, მაგალითად — არმიის რიცხოვნობით და ტანკების რაოდენობით ჩინეთი რუსეთსაც უსწრებს და შეერთებულ შტატებსაც, ქვემეხების ოდენობით მეორე ადგილზეა, გემების რაოდენობით პირველზე, ავიამზიდების რაოდენობით მეორეზე. ბირთვული ქობინების რაოდენობით კი მესამეზეა და 10-ჯერ ჩამორჩება რუსეთს. ზუსტი ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, თუმცა სხვადასხვა შეფასებით ჩინეთს 600 ქობინი უნდა გააჩნდეს, რომელთა რაოდენობასაც სწრაფად ზრდის.
ჩინეთი თავდაცვის ბიუჯეტითაც მეორე ადგილზეა და 2026 წელს $303 მლრდ-ის დახარჯვა აქვს განსაზღვრული. გარდა იმისა, რომ ჩინეთში ხელფასები უფრო დაბალია, როგორც არმიაში, ასევე სამხედრო ქარხნებში, რაც შესაბამისად იარაღის წარმოებისთვის მეტ სახსრებს ათავისუფლებს, ზოგიერთი ხარჯი, მაგალითად კვლევების მიმართულების ნაწილი ამ თანხაში შეყვანილი არაა.
ნებისმიერ შემთხვევაში ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში ჩინეთი ბევრად მეტი თანხების გამოყოფას ადვილად მოახერხებდა, თუმცა ულიმიტო არც ჩინეთის სახსრებია, ამ შემთხვევაში თანხები ინფრასტრუქტურასა სამეცნიერო მიმართულებებს უნდა მოჰკლებოდა.
ჩინეთის კოსმოსური ამბიციები
2003 წლის ოქტომბერში ჩინეთი გახდა მესამე და ჯერჯერობით უკანასკნელი სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლად პილოტირებული კოსმოსური მისია შეასრულა. 2021 წლიდან ჩინეთი საკუთარ კოსმოსურ სადგურ Tiangong-ს ფლობს, რომელზედაც ISS-ისგან განსხვავებით მხოლოდ ჩინელი ტაიკონავტები (ჩინეთში ასტრონავტებს ტაიკონავტებს უწოდებენ) მუშაობენ. ჩინეთშია ასევე ყველაზე დიდი 500 მეტრის დიამეტრის მქონე რადიოტელესკოპი, რომლის ერთ-ერთ დანიშნულებას პოტენციურად უცხო ცივილიზაციის სიგნალის მიღება წარმოადგენს, თუმცა ძირითადად პულსარების აღმოჩენაზეა ორიენტირებული. 2019 წლის იანვარში, ჩინეთმა პირველმა მოახერხა მთვარის უკანა, დედამიწიდან დაფარულ ე.წ. ბნელ მხარეში ზონდის წარმატებულად დასმა. 2021 წელს კი გახდა მესამე ან შეიძლება ითქვას რომ მეორე [2] ქვეყანა, რომელმაც მარსზე მოახდინა როვერის დასმა. 2027 წლისთვის დაგეგმილია კოსმოსურ ტელესკოპ Xuntian-ის გაშვება.
Tiangong-ის კოსმოსური სადგური ფოტო: Space.com
zhurong-ის როვერი
ჩინეთი ტექნოლოგიურ რბოლაში — ბირთვული სინთეზი და კვანტური კომპიუტერი
ჩინეთი ტექნოლოგიებს არც დედამიწაზე ივიწყებს. დრონების შოუს კადრები, რომელიც ერთი შეხედვით ჰოლოგრამულ გამოსახულებას უფრო ჰგავს ინტერნეტით ხშირად გავრცელებულა. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, ხელოვნურ ინტელექტის, კვანტური კომპიუტერებისა და ბირთვული სინთეზის მიმართულებით ჩინეთი ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში.
2021 წლის დეკემბერში ჩინურმა ტოკამაკის რეაქტორმა 1056 წამიანი მუშაობით რეკორდი დაამყარა. კლასიკური ბირთვული რეაქტორისგან განსხვავებით ბირთვული სინთეზის რეაქტორში ენერგია არა დაშლით, არამედ ნაწილაკების შერწყმით წარმოიქმნება. მიღებული ენერგია ბევრად უფრო დიდია, უფრო სუფთა (არ ტოვებს ბირთვულ ნარჩენებს) და ამასთან უფრო უსაფრთხო, ოღონდ ჯერჯერობით უფრო ძვირი და სტაბილურობის პრობლემის მქონე. 2026 წლის მდგომარეობით ბირთვული სინთეზის ელექტროსადგური ჯერ არ არსებობს. მთლად ზუსტი ანალოგი ვერ იქნება, მაგრამ ბირთვულ და ბირთვული სინთეზის რეაქტორებს შორის განსხვავება პრინციპის თვალსაზრისით დაახლოებით იგივეა, რაც ბირთვულ და თერმობირთვულ ბომბებს შორის, იგულისხმება სხვაობა შერწყმისა და დაშლის რეაქციებს შორის. რეალობაში თერმობირთვული ბომბი ამფეთქად ბირთვულ ბომბს საჭიროებს, ბირთვული სინთეზის ელექტროსადგურს კი არც კლასიკური ბირთვული რეაქცია და არც ურანის საწვავი დასჭირდება. რეაქტორი “საწვავად” დეიტრიუმსა და ტრიტიუმს, ანუ მძიმე და ზემძიმე წყალბადს იყენებს. რეაქტორს “ხელოვნურ მზესაც” უწოდებენ, რადგან ვარსკვლავშიც დაახლოებით იგივე პროცესები მიდის, ოღონდ იქ დეიტრიუმისა და ტრიტიუმის ნაცვლად წყალბადის ატომების სინთეზი ხდება. კიდევ ერთი განსხვავება ტემპერატურებს შორისაა, მზის ცენტრში ტემპეწრატურა 15-20 მლნ გრადუსს აღწევს, თერმობირთვულ რეაქტორში კი — 100 მლნ გრადუსზე მეტს.
ბირთვული სინთეზის რეაქტორი (ილუსტრაცია) ფოტო: news.clemson.edu
ჩინეთი შეერთებულ შტატებთან ერთად კვანტური კომპიუტერების ტექნოლოგიებშიც მოწინავეა. კვანტური კომპიუტერიც ჯერ კომერციულ გამოყენებაში არ ჩაშვებულა. მისი მთავარი განმასხვავებელი კლასიკურ თუნდაც სუპერკომპიუტერთან სუპერპოზიციაა. ბიტიები 0-ებზე და 1-ებზე დაფუძნებული სისტემაა, კუბიტები სუპერპოზიციაზე, მისი მდგომარეობა ერთდროულად შეიცავს 1-საც და 0-საც. დიდ გამოთვლებში, მეცნიერულ სიმულაციებში კვანტურმა კომპიუტერმა შეუცვლელი ადგილი უნდა დაიკავოს. ჯერჯერობით სუპერკომპიუტერებს სტაბილურობის შენარჩუნება უჭირთ და ბევრ შეცდომასაც უშვებენ, მაგრამ პროგრესი ამ მიმართულებითაც შეინიშნება. ბირთვული სინთეზის მსგავსად არც კვანტური კომპიუტერების ტექნოლოგიებშია ჩინეთი ერთადერთი და ამ შემთხვევაშიც მას შეერთებული შტატები უსწრებს, მაგრამ აშშ-ის გარდა ჩინეთი ამ მიმართულებით ყველა სხვა დანარჩენ სახელმწიფოზე წინაა წასული. ბირთვულ სინთეზში ჩინეთის კონკურენტად შეიძლება ITER-იც განვიხილოთ, რომელიც საერთაშორისო პროექტია და რომლის ერთ-ერთი მონაწილეც თავად ჩინეთია.
ელექტრომობილები, მზისა და ქარის ელექტროსადგურები
ელექტრომობილის ხსენებაზე ალბათ პირველი TESLA გვახსენდება. კაპიტალიზაციის მიხედვით TESLA #1 ავტომწარმოებელია, მაგრამ ის არათუ ავტომობილებში, ელექტრომობილებშიც აღარაა პირველი გაყიდვებით. პირველზე ჩინური BYD-ია. მაშინაც კი თუ წმინდა ელექტრომობილებს ავიღებთ (PLUG IN ჰიბრიდების გარეშე) 2025 წელს BYD-მა 2.2 მლნ ელექტრომობილი გაყიდა, ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე, TESLA-მ 1.6 მლნ. ჩინეთი პირველი როგორც ელექტრომობილების გაყიდვებით, ასევე წარმოებით. ჩინეთი ასევე #1 მწარმოებელია საავტომობილო ბატარეების წარმოებაში. მოხმარების ჭრილში 2024 წელს მსოფლიოში სულ 10.8 მლნ ელექტრომობილი გაიყიდა, მათგან ნახევარზე მეტი — 6.3 მლნ ჩინეთში.
ჩინეთი პირველობას არც მზისა და ქარის ენერგიის ათვისებაში უთმობს ვინმეს. 2024 წელს ჩინეთმა მზის ენერგიით იმაზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, ვიდრე მისმა მომდევნო 8 სახელმწიფომ ერთად. ქარის ტურბინებიდან მიღებული გენერაციით ჩინეთი შეერთებულ შტატებს 2-ჯერ, ხოლო მზის პანელებისგან წარმოებული ელექტროენერგიით თითქმის 3-ჯერ უსწრებს.
მზისა და ქარის ელექტროსადგურებიდან წარმოებული ელექტროენერგია (მლრდ. კვტ/სთ ფოტო: Ourworldindata
მზისა და ქარის ელექტროსადგურების გარდა, ჩინეთი არც ტრადიციულ განახლებადი ენერგიის წყაროებს ივიწყებს. 2012 წელს გახსნილი 3 ხეობის კაშხალი სიმძლავრით 22.5 გიგავატია, რაც 17 ენგურჰესს უთანაბრდება და მისი წლიური გამომუშავება 100 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს, რაც საქართველოს 2025 წლის ჯამურ გენერაციას (ყველა ჰიდრო და თბოსადგურს პლუს ქარის ელექტროსადგურს) 7-ჯერ აღმატება.
ელექტრომობილებზე და განახლებად ენერგიაზე სწრაფ გადასვლა რამდენიმე მიზეზით აიხსნება: ჩინეთი ნავთობისა და გაზის დეფიციტს განიცდის, მისი ჩანაცვლებით პეკინი სხვა სახელმწიფოებზე ენერგოდამოკიდებულებას ამცირებს. ჩინეთი თავად აწარმოებს როგორც მზის პანელებსა და ქარის ტურბინებს, აგრეთვე ელექტრომობილებისთვის საჭირო ბატარეებს და მათ საწარმოებლად საჭირო კომპონენტების ნაწილი თავად ჩინეთშიც მოიპოვება. მათი ადგილზე წარმოებით ეკონომიკური აქტივობა იზრდება. ეკოლოგიაც არაძირითადი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი გარემოებაა. ჩინეთი გარემოს ყველაზე დიდი დამაბინძურებელია და წლიურად გაშვებული 38 მლრდ. ტონა CO2-დან 12 მლრდ ტონაზე მეტი ჩინეთზე მოდის. ჩინეთი კვლავ რჩება ქვანახშირის ყველაზე დიდ მწარმოებლად და მომხმარებლად. ორივე შემთხვევაში მისი წილი 50%-ზე მეტია. ნახშირი იაფია, თუმცა გარემოს ნავთობზე მეტად აბინძურებს. განახლებად ენერგიაზე გადასვლის მსგავსად ნახშირზე დამოკიდებულების მთავარი მიზეზიც ნავთობის დეფიციტია. ყველაფერს თავის ფასი აქვს, დაბინძურებული გარემო, გარდა იმისა რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს, ჯანდაცვის ხარჯებსაც მნიშვნელოვნად ზრდის.
ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო სისტემა
ჩინეთი მსოფლიო ყურადღებას ინფრასტრუქტურის მხრივაც იპყრობს. რკინიგზის ხაზების საერთო სიგრძით — 159 ათასი კმ, ჩინეთი მეორეა შეერთებული შტატების (220 000 კმ) შემდეგ, თუმცა ჩქაროსნული რკინიგზის ხაზების მხრივ უპირობო პირველ ადგილს იკავებს. ჩინეთში იმ რკინიგზის სიგრძე, სადაც მატარებელი 200 კმ/სთ-ით ან მეტით მოძრაობს 45 ათას კმ-ს შეადგენს, მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთში 4 ათასს და იაპონიაში 3.1 ათასს.
საავტომობილო გზების სიგრძით (5.5 მლნ კმ) ფორმალურად ჩინეთი მესამეა და მას შეერთებული შტატების გარდა ინდოეთიც უსწრებს, მაგრამ შესადარებლად თუ მხოლოდ ავტობანს ავიღებთ, 190 ათას კმ-ით ჩინეთი პირველ ადგილზე იქნება, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ აშშ-ს (76 ათასი კმ) 2.5-ჯერ უსწრებს.
შანჰაის მეტროს მგზავრთნაკადი წლიურად 3.7 მლრდ-ს აღწევს. 3 მლრდ-ზე მეტია მგზავრთნაკადი ასევე პეკინში, გოანჯოუსა და შენზენში.
ჩინეთშია ყველაზე გრძელი (165 კმ) ვიადუკი, რომელსაც ხშირად ხიდის სახელითაც მოიხსენიებენ. ყველაზე გრძელი (55 კმ) ჰონგკონგ-მაკაუს ხიდი და ასევე ყველაზე მაღალი (565 მ) დიუგის ხიდი.
ყველაზე გრძელი და ყველაზე მაღალი ხიდები ფოტო: ABC და Higestbridges.com
ჰონგ-კონგი და მაკაო
ჩინეთზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით მის ორ სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს ჰონგ-კონგსა და მაკაოს. ერთი ქვეყანა ორი სისტემის პრინციპით რეგიონებს პრაქტიკულად მსოფლიოში ყველაზე ფართო ავტონომია გააჩნიათ. ისინი საკუთარ საგადასახადო სისტემასა და საკუთარ ვალუტასაც კი ფლობენ (ჰონკონგურ დოლარსა და მაკაოს პასატას). ჰონკონგური დოლარი ყველაზე გამოყენებად ვალუტათა ათეულშიც შედის. მშპ-ს, ექსპორტისა თუ სხვა პარამეტრების დათვლისას ჩინეთს, ჰონგ-კონგსა და მაკაოს ცალ-ცალკე ანგარიშობენ. საქართველომაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან ცალ-ცალკე გააფორმა. ჰონგ-კონგი ჩინეთს ბრიტანეთისგან 1997 წელს, ხოლო მაკაო პორტუგალიისგან 1999 წელს გადაეცა. 2019-2020 წლებში, ფართომასშტაბიანი პროტესტის მიუხედავად, პოლიტიკურ ნაწილში ჰონგ-კონგის ავტონომია შეუზღუდა, თუმცა ეკონომიკური ავტონომიის ხარისხი შენარჩუნდა.
ორივე ადმინისტრაციული ერთეული ქალაქური ტიპის დასახლება, ერთგვარი ქალაქ-სახელმწიფოა. ჰონგ-კონგის ფართობი 2.8 ათასი კმ2-ია, თუმცა ნახევარზე მეტი წყალია ცალკე აღებული ხმელეთი 1.1 ათასკი კმ2 რჩება რაც დაახლოებით თბილისზე ორჯერ დიდ და გურიაზე ორჯერ პატარა ფართობს უდრის, თუმცა მოსახლეობის რაოდენობა 7.5 მლნ-ს აღწევს. მაკაო ბევრად პატარაა ფართობით 119 კმ2 საიდანაც ხმელეთი მხოლოდ 33 კმ2-ია. მოსახლეობა კი 750 ათასს შეადგენს. ჰონგ-კონგი ფინანსური ცენტრია, მაკაო აზარტული თამაშების. ერთიც და მეორეშიც ცხოვრების დონე — მშპ ერთ სულ მოსახლეზე ჩინეთისას ჯერადობით აღემატება.
ტაივანი
თუ ჰონგ-კონგი ყველაზე ფართო ავტონომიის მქონეა, ტაივანი დე-ფაქტოდ ყველაზე დამოუკიდებელი არაღიარებული სახელმწიფოა. კუნძული დღემდე თავს “ჩინეთის რესპუბლიკას” უწოდებს. ტაივანის ფართობი 36 ათასი კმ²-ია, საქართველოს ნახევარზე ოდნავ მეტი, მოსახლეობა კი 23 მლნ-ს შეადგენს.
ნახევარგამტარების დაახლოებით 20% და კომპიუტერული ჩიპების 90% ტაივანში იწარმოება და ტაივანის ექსპორტი წლიურად $640 მლრდ-ს შეადგენს, რუსეთის ექსპორტზე ($419 მლრდ) თითქმის 1.5-ჯერ მეტს.
ჩინეთი ტაივანს ჰონგ-კონგის მოდელს სთავაზობს, რასაც ტაივანი არ თანხმდება. კუნძული სამხედრო თვალსაზრისით ვაშინგტონთან მჭიდროდ თანამშრომლობს. შეიჭრება თუ არა ჩინეთი ტაივანში? ამ კითხვის აქტუალობა წლიდან წლამდე იზრდება. ერთი-ერთზე ტაივანის შანსები მინიმალურია, თუმცა ზომის გათვალისწინებით ტაივანი კარგადაა შეიარაღებული და წინააღმდეგობის გაწევის უნარი გააჩნია.
მაკაო, ჰონგ-კონგი (წითელ წრეში) და ტაივანი ფოტო: Google maps
* * *
რამდენად დემოკრატიულია ჩინეთი? თუ მაოს მმართველობას შევადარებთ დემოკრატიულია და ჩრდილო კორეისგანაც ძალიან შორსაა, თუმცა მმართველობა ერთპარტიულია და მედიაზე მკაცრი ცენზურა მოქმედებს მათ შორის ინტერნეტშიც. გვარები შეიცვალა, მაგრამ სისტემა იგივეა, რომელმაც 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე სასაკლაო მოაწყო. მსხვერპლის ოდენობა დღემდე უცნობია და სხვადასხვა წყაროს ცნობით ის რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასეულის ფარგლებში მერყეობს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ბოლო 50 წელიწადში, წარმოუდგენელი ეკონომიკური ტრანსფორმაციის მიუხედავად, ჩინეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე, როგორც აშშ დოლარში, ასევე PPP მეთოდით დათვლით, ორჯერ და კიდევ უფრო მეტად ჩამორჩება ევროკავშირის საშუალოს.
ჩინეთი და საქართველო
ჩინეთს და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. ორ სახელმწიფოს ერთმანეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა აკავშირებს. სხვადასხვა დროს ჩინეთი ანაკლიის პორტის აშენებით ბანკ “რესპუბლიკისა” და “ლიბერთი ბანკის” შეძენით იყო დაინტერესებული. რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში შუა დერეფნის პროექტის აქტუალობა გაიზარდა.
საგარეო ვაჭრობა
ჩინეთში ექსპორტმა $1 მლნ-იან მაჩვენებელს პირველად 2001 წელს, $10 მლნ-იანს — 2006 წელს და $100 მლნ-იანს — 2015 წელს გადააჭარბა. რეალურად საინტერესო პროცესები 2014 წლიდან იწყება, ამ წელს ექსპორტი თითქმის 3-ჯერ 34-დან $90 მლნ-მდე გაიზარდა. 2015-2016 წლებში ჯამური ექსპორტის კლების ფონზე, ჩინეთში ექსპორტი იზრდებოდა, რაც მისი წილს კიდევ უფრო დიდს ხდიდა. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე 2017 წელს ჩინეთი #5 საექსპორტო და #1 არამეზობელ საექსპორტო პარტნიორს წარმოადგენდა. 2018-2019 წლებში არაფერი შეცვლილა, 2020-2022 წლებში კი ჩინეთი #1 საექსპორტო პარტნიორი გახდა და მისმა წილმა ექსპორტში 13-14 პროცენტსაც გადააჭარბა, შემდეგ კი ისევ მკვეთრად შემცირდა.
საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ჩინეთთან ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ექსპორტის უეცარი ზრდისა და კლების მიზეზი სპილენძის მადნები გახდა. 2020 წელს ჩინეთში ექსპორტზე გატანილი $477 მლნ-ის პროდუქციიდან $399 მლნ-ს სპილენძის მადნები წარმოადგენდა. 2014-2022 წლებში სპილენძის მადნების წილი 79%-ს შეადგენდა, რომელიც 2023 წელს 58%-მდე, ხოლო 2025 წელს 8%-მდე შემცირდა. ბაზრის დივერსიფიცირება არ მომხდარა. 2025 წელს სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ძვირფასი ლითონების მადნებმა და კონცენტრატებმა ჩაანაცვლა და მისმა წილმაც 72%-ს გადააჭარბა.
2013-2017 წლებში ღვინის ექსპორტი ჩინეთში $3-დან $20 მლნ-მდე გაიზარდა, მაგრამ ეს პიკი აღმოჩნდა. 2025 წელს ღვინის ექსპორტი $10 მლნ-მდე შემცირდა. $3.78-დან $3.14-მდე შემცირდა 1 ლიტრი ღვინის გასაშუალოებული საექსპორტო ღირებულება.
2025 წელს ჩინეთმა ექსპორტში მეშვიდე, ხოლო ადგილობრივ ექსპორტში (ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე) რუსეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.
ექსპორტისგან განსხვავებით, იმპორტი სტაბილური ზრდითა და დივერსიფიცირებით გამოირჩევა. იმპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალი ძალიან ვრცელია. თუ ექსპორტში ერთ პროდუქციაზე დამოკიდებულება 70%-ს აღემატება, იმპორტში პირველ ადგილზე გასული ელექტროგენერატორული დანადგარების წილი 4%-ზე ნაკლებია.
საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ტაივანთან და ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებთან 2025 წელს (მლნ. აშშ დოლარი)
2021 წელს საქართველომ ჩინეთისგან $2.6 მლნ-ის მსუბუქი ავტომობილები შეიძინა, 2025 წელს კი — $60 მლნ-ის. ამასთან, 2021 წელს ერთი ჩინური ავტომობილის საშუალო საიმპორტო ღირებულება $2160-ს შეადგენდა, ხოლო 2025 წელს მასზე 4.3-ჯერ მეტს, $9480-ს.
2025 წელს ჩინეთმა იმპორტში თურქეთისა და აშშ-ის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეერთებული შტატებიდან ნაყიდი ავტომობილების საკმაოდ დიდი ნაწილი რეექსპორტზე გადის, ადგილობრივი ბაზრისთვის ჩინეთი სავარაუდოდ მეორე იქნებოდა.
რაც შეეხება ტაივანსა და სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონებს. ტაივანთან სავაჭრო ბრუნვა მცირეა, მაკაოსთან — ნულოვანი, ჰონგ-კონგიდან კი საქართველო ძირითადად გამომთვლელ მანქანებსა და მობილურ ტელეფონებს ყიდულობს.
2021 წელს საქართველომ ჩინეთისგან $2.6 მლნ-ის მსუბუქი ავტომობილები შეიძინა, 2025 წელს კი — $60 მლნ-ის. ამასთან, 2021 წელს ერთი ჩინური ავტომობილის საშუალო საიმპორტო ღირებულება $2160-ს შეადგენდა, ხოლო 2025 წელს მასზე 4.3-ჯერ მეტს, $9480-ს.
ინვესტიციები
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩინეთის წილი შედარებით მოკრძალებულია და ფრაგმენტული. ჩინეთიდან ინვესტიციებმა მაქსიმალურ მაჩვენებელს 2013-2014 წლებში მიაღწია. 2020-2021 წლებში ინვესტიციების გადინება დაფიქსირდა, ხოლო ჯამურად 2013-2025 წლებში ჩინეთის წილმა 3.3% შეადგინა.
საქსტატზე მონაცემები ჩაშლილად, თუ რომელმა ქვეყანამ რა სექტორში განახორციელა ინვესტიციები, 2016 წლიდან იძებნება. ამ პერიოდში ჩინეთიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია 2018 და 2023 წლებში შემოვიდა. 2018 წელს 45 მლნ-ით და 2023 წელს 65 მლნ-ით პირველ ადგილს მშენებლობა იკავებდა. 2020 და 2021 წლებში კი იმავე მშენებლობის სექტორიდან $42 და $44 მლნ-იანი ინვესტიციების გადინება დაფიქსირდა. 2014 წლის შედარებით დიდი მოცულობის ინვესტიცია კი 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ტურიზმი და ფულადი გზავნილები
ჩინეთიდან ფულადი გზავნილები მიზერულია. 2025 წელს მან $2.7 მლნ შეადგინა, რაც წილობრივად 0.07%-ს უთანაბრდება და უფრო მაღალი წილი არც ადრე ჰქონია. მცირე გააქტიურება 2026 წლის იანვარ-თებერვალში შეინიშნება, ამ შემთხვევაშიც მისი წილი 0.4%-მდეა გაზრდილი.
2025 წელს ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 44%-ით, 128 ათასამდე გაიზარდა და მე-10 ადგილი დაიკავა, თუმცა დანახარჯების მიხედვით ათაულში ვერ მოხვდა. მეათე ადგილზე გასულმა ბელარუსის მოქალაქეებმა საქართველოში $90 მლნ დახარჯეს.
ბანკი “რესპუბლიკა” და “ლიბერთი ბანკი”
ჩინეთი საქართველოში საფინანსო სექტორითაცაა დაინტერესებული. 2016 წელს, როდესაც ფრანგული “სოსიეტე ბანკ რესპუბლიკას” ტოვებდა, მისი შეძენა ჰუალინგ ჯგუფს სურდა, რომელიც უკვე ფლობდა “ბაზის ბანკს”. ტრანზაქციის შესრულების შემთხვევაში “ბაზის ბანკი” სიდიდით მესამე ბანკი ხდებოდა, თუმცა “რესპუბლიკა” “თიბისიმ” შეიძინა. 9 წლის შემდეგ, ირაკლი რუხაძე “ლიბერთი ბანკის” გაყიდვის სურვილსა და “ბაზისბანკთან” მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ გარიგება არც ამჯერად შედგა. 2025 წლის ნოემბერში ირაკლი რუხაძე უკვე გაერთიანებაზე საუბრობდა. 2026 წლის მარტის მდგომარეობით ორივე ბანკი ისევ დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. “ლიბერთი ბანკი” წლებია, რაც “საქართველოს ბანკისა” და “ ბანკის” შემდეგ როგორც აქტივებით, აგრეთვე საკრედიტო პორტფელითა და წმინდა მოგებით სიდიდით უცვლელ მესამე ადგილს იკავებს.
შუა დერეფნის პროექტი
საქართველო შუა დერეფნის პროექტის მონაწილე ქვეყანაა, სადაც მთავარი აქტორი ჩინეთია, რომლის ტვირთებიც ევროპაში მოხვედრამდე ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის.
რუსეთ-უკრაინის ომმა შუა დერეფნის გამოყენებაზე ინტერესი გაზარდა, თუმცა მისი დატვირთა ჯერ ძალიან მცირეა. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, 2024 წელს ჩინეთიდან ევროპაში კონტეინერების გადაზიდვის მოცულობა შუა დერეფნის გამოყენებით 27-ჯერ გაიზარდა და 35 600 TEU-ს მიაღწია, რაც ჩინეთსა და ევროპას შორის გადაზიდულ 1.9 მლნ კონტეინერის 2%-ია.
შუა დერეფნის პროექტი ფოტო: Timesca.com
2024 წელს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ €732 მლრდ-ს მიაღწია, რაც იმდროინდელი ევრო-დოლარის კურსით დაახლოებით $800 მლრდ-ია. საქართველოზე ამ ტვირთების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა გამოიარა.
საქართველოს რკინიგზისა თუ პორტების გამტარუნარიანობაში გარკვეული პრობლემების გააჩნია, მაგრამ მარშრუტის მთავარი დაბრკოლება მონაწილეთა სიმრავლეა, ეს კი ისეთ პრობლემებს წარმოშობს როგორებიცაა: განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი, ერთმანეთთან არათავსებადი ინფრასტრუქტურა, ბიუროკრატიული ბარიერები… აღნიშნული პრობლემები ასახულია OECD-ს კვლევაშიც. შედარებით მცირე მანძილის მიუხედავად, ჩრდილოეთ მარშრუტთან შედარებით, ჩამოთვლილი პრობლემები ტრანსპორტირების ღირებულებას აძვირებს.
სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება
ჩინეთთან ეკონომიკურ კავშირებზე და მათ საჭიროებებზე არავინ დავობს. 30%-იანი კლების მიუხედავად, 2025 წელს შეერთებულმა შტატებმა ჩინეთისგან, რომელსაც გლობალურ დონეზე, მთავარ კონკურენტად განიხილავს $308 მლრდ-ს ღირებულების პროდუქცია შეიძინა. კითხვის ნიშნები 2023 წელს ჩინეთთან გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააჩინა, რომელიც 2023 წლის 31 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, პეკინში გაფორმდა.
და სი ძინპინი პეკინში
ხელშეკრულების პირველი პუნქტი ასეთია: “მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს.” დაკონკრეტებით მხოლოდ საქართველო აკონკრეტებს, რომ ერთიან ჩინეთს უჭერს მხარს, ჩინეთის მხარის პოზიცია მხოლოდ ირიბი მხარდაჭერაა.
სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგაც კი ჩინეთს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნების რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერია.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნების რეზოლუციაზე მხარდამჭერ სახელმწიფოთა სია ფოტო: გაერო
თავშეკავება აღიარებას არ ნიშნავს. ოკუპირებული ტერიტორიები 5 სახელმწიფოს აქვს აღიარებული, მაშინ როცა 9 წინააღმდეგ წავიდა, 49-მ თავი შეიკავა და კიდევ რამდენიმემ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო, თუმცა ერთია როცა რუსეთის მოკავშირე იკავებს თავს და მეორეა, როცა ღია მხარდაჭერას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არიდებს თავს.
ანაკლიის პორტი
მოვლენები რომ ცოტა სხვაგვარად განვითარებულიყო, ჩინეთი ტოპ ინვესტორებს შორის იქნებოდა. 2014 წელს, როდესაც ანაკლიის პორტის ასაშენებელი ტენდერი გამოცხადდა, მასში მონაწილეობა თავდაპირველად 12-მა კომპანიამ მიიღო, საიდანაც ჯერ 7, შემდეგ კი 2 შეირჩა. ამ ორიდან ერთი ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (ჩინეთი); BRITISH ECO POWER LTD (დიდი ბრიტანეთი) ჩინური კაპიტალის შემოსვლას ითვალისწინებდა, თუმცა გამარჯვებულად JSC Anaklia Development Consortium გამოცხადდა. პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ რეალურად ფსკერის დაღრმავებას არ გასცდენია და მთავრობამ 2020 წლის იანვარში კონსორციუმთან ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვიტა.
2024 წლის მაისში, ახალ ტენდერში ჩინური CCCC უპირატეს მონაწილედ გამოცხადდა, მისი წილი 49% უნდა ყოფილიყო, სახელმწიფოსი — 51%. ამ ამბიდან თითქმის ორი წლის შემდეგ CCCC-სთან ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმებული კიდევ არაა. მეტიც, 2026 წლის მარტში ეკონომიკის სამინისტრომ ამერიკულ მხარეს პორტის განვითარების გეგმა გააცნო და ადგილზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერებინა (სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით გარკვეული არამასშტაბური სამუშაოები გრძელდება).
თავდაპირველი გეგმის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს პირველი გემი 2020 წელს უნდა მიეღო, ამ ვადამ მოგვიანებით 2029 წლისთვის გადაიწია, რისი შესრულებაც ასევე საეჭვოა. მას დიდი ზომის 10 000 კონტეინერიანი გემების მიღება უნდა შესძლებოდა, იმ გემების, რომელთა მომსახურებაც ბათუმისა და ფოთის პორტებს არ შეეძლოთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $2.5 მლრდ-ით იყო შეფასებული, მისი პირველი ფაზა — $600 მლნ-ით.
პორტი თავისი მასშტაბითა და მდებარეობით ეკონომიკურ საზღვრებს სცილდება. 2019 წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო პორტის მშენებლობის დასრულებას შეძლებდა და რუსეთ-ჩინეთის გავლენების ქვეშ არ მოექცეოდა. განცხადების გაკეთების მომენტში სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის უკვე არსებობდა კონფლიქტი.
CIPS და რეზერვების დივერსიფიცირება
ქრონოლოგიურად ბოლოს აქტუალური ეროვნული ბანკის რეზერვების ნაწილის ჩინურ იუანში განთავსებისა და SWIFT-ის ჩინურ ალტერნატივა CIPS-თან თანამშრომლობის შესაძლო დაწყება გახდა.
ეროვნული ბანკის რეზერვები რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მათ შორის: ფასიანი ქაღალდებისგან, უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისგან, სესხის სპეციალური უფლებისა და ოქროსგან. ყოველთვიურად გამოქვეყნებულ მასალაში უცხოური ვალუტების დასახელება და პროპორციები დაკონკრეტებული არაა. წლიური ანგარიშის (გვ.366) მიხედვით კი ირკვევა, რომ სამიზნე მაჩვენებელი შემდეგია: 80% აშშ დოლარი, 10% ევრო და 10% კანადური დოლარი, ჩინური იუანი და სხვა ვალუტები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას განცხადებით ჩინურ იუანში და ჩინურ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტირება დივერსიფიკაციის მიზნით ხორციელდება. არაძირითადი ვალუტების წილი 10%-ით არის განსაზღვრული, საიდანაც ჩინური იუანის ინსტრუმენტებში დაახლოებით 5%-მდე იქნება განთავსებული. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით უცხოური რეზერვების მოცულობა $6.7 მლრდ-ს შეადგენდა, საიდანაც 5 მლრდ უცხოური ვალუტის რეზერვს წარმოადგენდა, 1.2 მლრდ ოქროს და დანარჩენი სესხის სპეციალურ უფლებას. თუ ნათია თურნავამ მთლიანი რეზერვების 5% იგულისხმა ჩინური იუანის წილი $335 მლნ გამოდის, თუ მხოლოდ უცხოურ ვალუტაში განთავსებული რეზერვების 5% მაშინ $250 მლნ. რეზერვების ნაწილი უკვე არის იუანში, პრობლემა მისი მხოლოდ მისი მნიშვნელოვანი ზრდა იქნება.
რაც შეეხება CIPS-ს, ნათია თურნავას განმარტებით მასში გაწევრიანების სურვილი ოთხმა ქართულმა ბანკმა გამოხატა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა CIPS-ის საჭიროება შესაძლებლობების ზრდისა და დივერსიფიცირებით ახსნა, მანვე განმარტა, რომ CIPS არ არის SWIFT-ის ალტერნატივა და ის უფრო მისი შემავსებელია.
რეალურად CIPS მართლაც არაა SWIFT-ის პირდაპირი ალტერნატივა, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ანგარიშსწორების მთავარი ვალუტა იუანია. გაჩნდა, იმის შიში რომ ქართული მხარე უარესი სცენარისთვის ემზადება. საკმაოდ დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად საქართველოს საბანკო სისტემის SWIFT-დან ჩახსნა არ განიხილება. CIPS-სთან თანამშრომლობით უფრო ვაჭრობის და პერსპექტივაში ინვესტიციების გამარტივებაა მოსალოდნელი.
* * *
ბოლოს შეიძლება დავსვათ კითხვა, იმ დროს, როცა ჩინეთი შეერთებულ შტატებს ეკონომიკის მოცულობით გადაასწრებს, გახდება თუ არა ის გავლენებითაც #1 სახელმწიფო? უნდა ვივარაუდოთ, რომ მყისიერად ვერა. სხვადასხვა შეფასებებითა თუ რეტროსპექტიული დათვლებით (მშპ-ს ცნება თანამედროვე სახით 1934 წელს გაჩნდა) შეერთებული შტატების ეკონომიკამ ბრიტანეთისას XIX საუკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში გაუსწრო, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე სრულყოფილ ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბებამდე მას კიდევ რამდენიმე ათწლეული დასჭირდა. ჩინეთის შემთხვევაში, განსხვავებული ენა და კულტურა შესაძლოა დამატებით ხელის შემშლელი ფაქტორები გახდეს.
1979 წლის ვიეტნამთან ომის შემდეგ, ჩინეთი ომის პირდაპირი მონაწილე აღარ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ პეკინი ჩინურ ანდაზის: “მთაზე დაჯექი და ვეფხვების ჩხუბს უყურე” სტრატეგიას მიჰყვება. იმ დროს, როცა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს ომებში გეგმები ეცვლებათ, ჩინეთი რეგიონულ და გლობალურ გავლენებს აძლიერებს. [1] ჩინეთი აღარაა კლასიკური “იაფი მუშახელის” ქვეყანა, მაგრამ ხელფასები აშშ-სა და ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან შედარებით მაინც საგრძნობლად დაბალია[2] 1972 წელს, საბჭოთა MARS 3 დაშვებიდან 110 წამში განადგურდა
საგარეო ვაჭრობის ბალანსი (მლრდ. აშშ დოლარი) ფოტო: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
საგარეო ვაჭრობის ბალანსი (მლრდ. აშშ დოლარი) ფოტო: მსოფლიო ბანკი
საგარეო ვაჭრობის ბალანსი (მლრდ. აშშ დოლარი) ფოტო: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
საგარეო ვაჭრობის ბალანსი (მლრდ. აშშ დოლარი) ფოტო: მსოფლიო ბანკი